„აცრას არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაციისა და რელიგიის კავშირზე საუბრობს

ვაქცინაცია და რელიგია – რა მითები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რამდენად საფუძვლიანია ისინი. რა წერია ბიბლიაში, რამდენად არსებობს კავშირი ვაქცინაციის საკითხსა და რელიგიურ შეხედულებებს შორის და რითი უნდა იხელმძღვანელონ მორწმუნეებმა აცრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, – დეკნოზი თამაზ ლომიძე „ტოკ ტვ”-ს ესაუბრა.

„ვაქცინაციას და სხვა წამლებს რელიგიური დატვირთვა არ აქვს. როდესაც ექიმთან მივდივართ ან რაიმე სახის სამედიცინო დახმარებას ვიღებთ, იმ დროს ჩვენ ამას რელიგიურ მოტივს არ მივაწერთ, ხო? რაც შეეხება „კოვიდ-19″-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მისი რელიგიასთან, სარწმუნოებასთან დაკავშირება შეცდომაა, გარკვეული ჯგუფების სპეკულაციაა, თითქოს რაღაცას პოულობენ „იოანეს აპოკალიფსში” ან სხვა რომელიმე წიგნში, რომ თითქოსდა, ეს ვაქცინა, აცრა არის ბეჭედი, თუ რასაც უწოდებენ – არ არის ეს სწორი”, – აცხადებს დეკანოზი.

რაც შეეხება მითს, თითქოს ბიბლიაში არის ჩანაწერები, რომ აცრა შეუთავსებელია მართლმადიდებელი სასულიერო პირის ცხოვრებასთან, დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ეს არის სპეკულაცია იმ ჩანაწერებით, რომლებიც ბიბლიაში „ანტიქრისტესთან“ დაკავშირებით არსებობს.

მისივე თქმით, ვაქცინა რეალურად განსაცდელისგან თავის დასაღწევი ღვთის წყალობაა.

„ბიბლიაში არსებობს ჩანაწერი, რომ ბოლოს, ჟამიერების დასასრულისკენ გამოჩნდება ანტიქრისტე ანუ ქრისტეს მოწინააღმდეგე კაცი, ვინც აცდუნებს მრავალ ადამიანს და ყველას აიძულებს, შუბლზე ან ხელზე მიიღოს მხეცის ანუ ანტიქრისტეს ნიშანი. ამ რაღაც ნიშანზე არის საუბარი, თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რომ ეს ვაქცინის ან წამლის სახით იქნება. არც ის წერია, რა სახის ნიშანი იქნება, საერთოდ, იქნება თუ არა მატერიალური. ამიტომ ეკლესია ამას ყოველთვის განიხილავს, როგორც მსახურებას ხელით და მსახურებას გონებით.
ეკლესია ამას ყოველთვის იგებდა, რომ ის ბეჭედიც და ის ნიშანიც იქნება ადამიანების არჩევანი, ვემსახუროთ ბოროტს ქრისტეს მაგივრად, და არ შეიძლება ამის დაკავშირება რაიმე ნიშანთან – ჩიპთან, ბეჭედთან, ამპულასთან. სამწუხაროდ, როდესაც ადამიანებს არ ესმით ამის სულიერი მნიშვნელობა, უკავშირებენ უკვე მატერიალურს. ჩანაწერი, „იოანეს აპოკალიფსი“¬, სადაც საუბარია მხეცის ნიშანზე, არ შეიძლება იყოს აცრა და შეუძლებელია მისი აცრად განხილვა.

გერმანიაში ჩვენი ეკლესიის მრევლმა ეს მიიღო, როგორც ღმერთის წყალობა ამ ვერაგი ვირუსის წინააღდეგ. რა თქმა უნდა, აქაც არსებობს ეს ანტივაქსერული მოძრაობა. მე მგონია, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს, რადგან ადამიანები ჰგვანან ერთმანეთს და ყველას აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. გონების მიდრეკილებაა ეს, რომ ყველგან ყველაფერში ხედავს შეთქმულებას.
გერმანიაში მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი უკვე ორი დოზით აიცრა, ამიტომაც იქ სიკვდილიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, სადაც არ არის ამდენი აცრილი.

ღრმად მწამს, რომ განსაცდელში უფალი ჩვენ – ადამიანებს ყოველთვის ხელს გვიწვდის, რათა რაიმე გამოსავალი ვნახოთ. როგორც წინა საუკუნეებში იყო ეპიდემიები და შემდგომ მედიცინამ შექმნა ვაქცინა, რაც მაშინ იყო გამოსავალი. ახლა, მგონია, რომ ეს აცრა არის ჩვენთვის არის ღვთის წყალობა, რომ გადავურჩეთ ამ განსაცდელს.

აცრას არანაირი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია. ეს არის წამალი, რომელიც მოიგონა მედიცინამ ავადმყოფობის დასამარცხებლად. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ გადაარჩინეთ სიცოცხლე. თორემ მერე ადამიანი ძალიან ინანებს, რომ აჰყვა ჭორებს, მცდარ რელიგიურ შეხედულებებს და არის ხიბლში, რომ ჰგონია, რაღაცას იცავს, სინამდვილეში კი რისკავს სიცოცხლეს და ადამიანები იღუპებიან. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ აიცრან”, – ამბობს დეკანოზი.

წყარო:http://toktv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები