“აუ, ეს წაკითხული როგორ არ გაქვს?!”

თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს სულისშემძვრელი და სისხლისგამყინავი შეძახილი ერთხელ მაინც მოგისმენიათ, ერთხელ მაინც უკითხავთ თქვენთვის და თუ აცდით, მოსალოცად გქონიათ საქმე – გადასარევ წრეში ტრიალებთ.
“აუ, ეს წაკითხული როგორ არ გაქვს?!”
რაღაცნაირი კითხვაა. განცვიფრებით, შეფარული ბრალდებით, შეცოდებით სავსე, ეს როგორ მოგივიდაო. ჯერ ხომ სირცხვილით უნდა დაიწვა, მიწა გაგისკდეს და შიგ ჩაგიტანოს, მერე ბოდიში მოიხადო, უახლოეს წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში გავარდე, სასწრაფოდ მოიძიო ის წაუკითხავი საოცრება, გადააბულბულო, ვალმოხდილი დაბრუნდე, გამოვასწორე, უფროსოო, უპატაკო და მადლობაც გადაუხადო, მაღალ ლიტერატურას რომ გაზიარეს და მომავალში თავისმოჭრა, იმიჯის შელახვა და უწიგნურის სტატუსი აგაცილეს თავიდან.
Must Read წიგნებზე მოგახსენებთ, წაუკითხაობა ლამის გაუნათლებლობად რომ ითვლება. სახელდახელო სიის ჩამოწერაც შემიძლია, რომ რამე. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ.
“ულისე” (ჩემპიონია, პირველობას არავის უთმობს), “ოსტატი და მარგარიტა”, ბრედბერი (აქ ნაწარმოებს, როგორც წესი, არ აკონკრეტებენ. თუ მაინცდამაინც – “ფარენჰეიტი”, “მარსის ქრონიკები” ეკითხოს ვინმეს, არ მახსოვს), “მარტოობის ასი წელიწადი”, “დანაშაული და სასჯელი”, “სამი მეგობარი”, “Animal Farm” (ინგლისურად უფრო ეფექტურად ჟღერს), “სამოსელი პირველი”, “ჯინსების თაობა”, ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა”…
ან რომელიმე ზერაფინირებული ტექსტი, გამომცემლის, ავტორის და ავტორის ოჯახის წევრების გარდა არავის რომ არ გაუგია. 3,14-ით რომ იწყება და “ინტელექტუალურით” მთავრდება, ისეთი ლიტერატურა. აი, რომ წაიკითხავ და ეგრევე უგზოუკვლოდ გასხივოსნდები ცოდნის მადლით, რა. პირდაპირ ჩაეწერები წიგნიერთა საპატიო კოჰორტაში.
“ვაიმე, არ არსებობს, ეს როგორ არ გაქვს წაკითხული?!”
როგორ და მარტივად.
არ მეცალა, სხვა რაღაცებს უფრო ვეტანები, ხელში არ ჩამვარდნია (ღმერთმანი, კარგია, ყველაფერი თაროზე გედოს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის, გვაპატიეთ), ჩემი ჟანრი არ არის, მწერალი არ მომწონს. Any problem?
მიუხედავად იმისა, რომ “ოსტატი და მარგარიტა” აბსოლუტური ღირებულების, ყოვლისმომცველი წიგნი მგონია და “მარსის ქრონიკებს”, ჩემი მოკრძალებული აზრით, სკოლაში უნდა ასწავლიდნენ ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად, Must Read სია, დიდაქტიკურ-სავალდებულო მნიშვნელობით,  მაინც ნონსენსია. წაიკითხე? გადასარევი. ისევ შენ ისიამოვნებ. არა და არც ამით იქცევა ქვეყანა. ყოველი შემთხვევისათვის, გასაკვირი, შესაცოდებელი და დამამცირებელი არაფერია.
არც იმაშია რამე განსაკუთრებული,  სათაურს რომ ახსენებენ და არაფერი გსმენია. ფეისბუქზე რამდენიმე ჯგუფი მეგულება, ჩემთვის უცნობ ავტორებზე ყვებიან. კვირის ბოლოს ვათვალიერებ, ვინიშნავ, ნეტში ვეძებ, რაღაცებს ვიწერ, რაღაცებს არა. ჩვეულებრივი ამბავია. მადლობა ღმერთს, ის დრო აღარაა, წიგნები სანთლით საძებარი რომ იყო და ყველა ოჯახს ერთი და იგივე, მამასისხლად ნაშოვნი ტალონებით გამოტანილი ან საწყობში სამმაგ ფასად ნაყიდი, ლიტერატურა ეწყო თაროებზე. ბევრად მეტი მწერალია ხელმისაწვდომი და ყველას იცნობდე და კითხულობდე, წარმოუდგენელია. არც არის საჭირო.
კოლექტიური გემოვნება არ არსებობს. გემოვნება ყოველთვის ინდივიდუალურია. კოლექტიური გემოვნება უგემოვნობის მეორე, შელამაზებული სახელია. ის, რაც ჩემთვისაა ფასეული, სხვას, შესაძლოა, ოდნავადაც არ აღელვებდეს. “ჯინსების თაობა” ძალიან არ მომწონს და “პატრიარქის შემოდგომა” მარკესის ყველა რომანს და მოთხრობას მირჩევნია, მაგრამ ამით არც ტურიკას აკლდება რამე, არც მარკესს, არც იმათ დამფასებლებს და არც მე.
ჩემს მშობლებს, წლობით ნაგროვებ პირად ბიბლიოთეკაში, სხვა რაღაცებთან ერთად, “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” ძველი სერიებიც უწყვიათ. ქართულად და რუსულად. მონუმენტური ტომები. ბუმბერაზი ავტორები. მხატვრული სიტყვის ჭეშმარიტად ოქროს ფონდი. უწიგნური არ უნდა მერქვას, მაგრამ მიდგომა და მიყოლებით წაკითხვა აზრადაც არ მომსვლია. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, ვინმეს ასე გაეწირა თავი და თუ მაინც აღმოჩნდა კამიკაძე და თავდადებული, ყველა თანაბრად მოწონებოდა. ის, რომ რაღაც წაკითხული არ გაქვს, თავისთავად არაფერს ნიშნავს. სხვას რომ აყვედრი წაუკითხაობას – სიმპტომატურია და მეტყველი.
კლიშე ტიპოგრაფიაშია კარგი, ლიტერატურისა რა მოგახსენოთ.

წყარო: http://mollybloomsday.com

კომენტარები

სხვა სიახლეები