“არმანისთან“ მართლა ახლოს ვარ” – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა მსოფლიოს პოდიუმი მოკლე დროში წარმატებით დაიპყრო. თინეიჯერი ქართველი მოდელის გამოჩენას პარიზის მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ მსოფლიოს  მოდის წამყვანი ჟურნალები წერენ. თაკო რამდენიმე დღის წინ “არმანის” სახეც გახდა. თაკო ცნობილი მოდელის და სააგენტო “ლუქ მოდელსის” დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. საკუთარი წარმატებების და ინტერესების შესახებ, წარმატებულმა მოდელმა AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

– თაკო, ბავშვობაში ჩოგბურთელობა გინდოდა, მაგრამ შემდეგ დედის გავლენით გადაწყვიტე მოდელობა, უფრო დაწვრილებით გვიამბე ამის შესახებ?
– კი, ბავშვობაში დავდიოდი ჩოგბურთზე და ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი სპორტის ამ სახეობას გავყოლოდი, მაგრამ ბოლოს მოდელობა ავირჩიე. ეს არჩევანი დედის გავლენით არ გამიკეთებია, პირიქით, მე მომინდა მოდელობა ძალიან, ისე რომ, ნინომ თავიდან ეს არ იცოდა, მერე გავუმხილე. ხერხემალზე პრობლემები შემექმნა და იძულებული გავხდი, ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინა.

– იფიქრებდი თუ არა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი მსოფლიო სამოდელო ბიზნესში?
– სიმართლე გითხრათ, კი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ეს და ყველა ხედავდა ჩემში ამ პოტენციალს, ბევრს ვშრომობდი ამ წარმატებისთვის. არავინ თქვას, რომ მოდელობა ადვილია, ყოველ შემთხვევაში, უცხოეთში ასეა, რადგან ძალიან ბევრი ბრძოლა გიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

– „ვერსაჩე“, „იამამოტო“, „დიორი“ და ა.შ. არაერთ ცნობილ ბრენდთან გიმუშავია. განსაკუთრებულად რომელ მათგანთან  გამოყოფ მუშაობას?
– გამოვყოფდი “ვერსაჩეს”, რადგან ეს პირველი დიდი წარმატება იყო ჩემს კარიერაში. რთულია მოხვდე ტოპმოდელებით სავსე შოუზე 16 წლის დამწყები მოდელი პატარა ქვეყნიდან, თან როდესაც შერჩევაზე 300-ზე მეტი გოგონაა და იქიდან მხოლოდ ერთ დამწყებ მოდელს ეძებდნენ. ასევე, გამოვყოფ “არმანის”, რადგან მასთან მართლა ახლოს ვარ, სახელითაც კი მომმართავს. ორჯერ მქონდა მასთან გადაღება და ექვსჯერ გამომიყვანა შოუზე. ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა.

– როგორ გაიხსენებ იმ შთაბეჭდილებებს, როცა პირველად წახვედი სამუშაოდ საზღვარგარეთ დედასთან ერთად?
– პირველად გავემგზავრე ჰონგ-კონგში, მაშინ 14 წლის ვიყავი და დედა წამომყვა უცხოეთში ერთი კვირით, რადგან მარტო ძალიან გამიჭირდებოდა, ჰონგ-კონგში 4 თვე დავრჩი, მქონდა გადაღებები „ედითორიალებში“ (D&G, Louis Vuitton e.t.c), ასევე მქონდა showroom-ი Dior-თან და CK-თან.

– ვისთან ერთად ცხოვრობთ პარიზში?
– პარიზში ვცხოვრობ ერთ ქალთან ერთად, რადგან არასრულწლოვანი ვარ და სულ მარტო ჯერ არ მტოვებენ.

– მამა როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– ძალიან დადებითად, ვატო არ ჰგავს იმ მამებს, რომლებიც შვილებს უკრძალავენ მოდელობას და არ უშვებენ მარტო საზღვარგარეთ, რომლებიც ყველანაირ პერსპექტივას უნადგურებენ თავიანთ შვილებს. ალბათ იმიტომ არის ასე, რომ თვითონაც ბავშვობიდან მოგზაურობს და იცის, რა და როგორ ხდება უცხოეთში. ნინოსაც ენდობა, იცის, რომ საიმედო ხელში ვარ და ჩემი წარმატების მერე ორივე დარწმუნდა ამაში.

– გამოსვლას პარიზის მოდის კვირეულზე დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა, ელოდი ამას?
– კი, ველოდი და ძალიან გამიხარდა, რომ ასე ამაყობენ ჩემით და მხარს მიჭერენ. იყო უარყოფითი შეფასებებიც, მაგრამ არ მიკვირს, წარმატებას ყოველთვის თან ახლავს ცოტა ნეგატივიც.

– ხშირად გამსგავსებენ კირა ნაითლის და კენდალ ჯენერს, თავად თუ პოულობთ მათთან მსგავსებას?
– მე პირადად ვერ ვხედავ მსგავსებას, ორივე ძალიან მომწონს… მაგრამ არ მოგატყუებთ და დიდად არ მიხარია ეგ ამბავი, რადგან ვთვლი, რომ რაც უფრო ინდივიდუალიზმს შევინარჩუნებ, მით უფრო მომგებიანი იქნება ეს ჩემი საქმისთვის.

– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ მხოლოდ მოდელობა არ იქნება შენი პროფესია, რა პროფესიას აირჩევ სამომავლოდ?
– მოდელობის პერიოდი ხანმოკლეა, ამიტომ ვაპირებ, სხვა პროფესიასაც დავეუფლო. ჯერჯერობით ამ საქმეს გავყვები, რადგან ახლა დავიწყე და საკმაოდ კარგად მიდის ყველაფერი, ეს მხოლოდ დასაწყისია. მეორე პროფესიად ყველთვის მინდოდა ბიზნესი, მაგრამ ამ ბოლო დროს არქიტექტურამ გამიტაცა.

– დედა რა რჩევებს გაძლევს?
– დედა ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს, სულ რაღაცას ვეკითხები, რომ სწორად გავაკეთო, რადგან გამოცდილია ამ სფეროში და ძალიან წარმატებულიც.

– ხშირად თუ ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას?
– ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ ძალიან ხანმოკლე დროით, მაქსიმუმ ორი კვირით, მერე ისევ მივდივარ.

– როგორია დღის გრაფიკი საზღვარგარეთ?
– მოდის კვირეულის დროს საოცრად ქაოსური გრაფიკი მაქვს, დღეში 7 კასტინგი, შემდეგ “პრიმერკები”, მაგრამ დღე არ გავა, Pret a Manger-ში რომ არ მივირთვა ლანჩი.

– ქართულ სამოდელო სფეროში არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებ?
– ძალიან მიხარია, რომ საქართველომ წინ წამოიწია მოდის სფეროში, რაც mercedez-benz fashion week-ი ტარდება. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო და წარმატებებს ვუსურვებ ყველას.

– რა ჰობი გაქვს, რამდენად ხშირად გრჩება დრო თუნდაც ჩოგბურთის სათამაშოდ?
– ვგიჟდები კითხვაზე, განსაკუთრებით დეტექტიური ჟანრი მიზიდავს და კასტინგებზე, მეტროში, თვითმფრინავში სულ ვკითხულობ, მიყვარს წერა, ჩემი საიტი მაქვს (takonats.com), სადაც ვწერ სხვადასხვა სტატიებს. ჩოგბურთისთვის ძალიან იშვიათად მცალია, მაგრამ როცა ვახერხებ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ჩემი საყვარელი სპორტის სახეობისგან. ასევე ძალიან მიყვარს შოპინგი, ეს ერთგვარი გატაცებაა და ხანდახან ზომა არ ვიცი. “შოპოჰოლიკის” სახელით ვარ ცნობილი.

– შენი საქმიანობიდან გამომდინარე, გიწევს ურთიერთობა სამოდელო სფეროს წამყვან სახეებთან, მოდელებთან, დიზაინერებთან… როგორები არიან ურთიერთობაში, ვის გამოარჩევ განსაკუთრებით?
– ყველა განსხვავებულია, ზოგი ძალიან საყვარელი და კეთილია. ზოგი – ძალიან ამპარტავანი და ქედმაღალი, მაგრამ მე ყველასგან კარგ და თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. განსაკუთრებით კარლი კლოსი და ლინდსი ვიქსონი მომეწონა.

– საქართველოს შესახებ თუ იცის ვინმემ რაიმე?
– არა, უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, რომ საერთოდ ქვეყანა იყო, ხან რუსეთი ჰგონიათ, ხან ამერიკის შტატი. ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ მგონი ამ ბოლო დროს რომ ჰკითხოთ, უკვე ბევრმა იცის.

– როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?
– სამომავლო გეგმებს საიდუმლოდ დავტოვებ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიახლეა და ძალიან მალე გაიგებთ.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები