“ამ კრიზისის გაკვეთილები აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ გვინდა რომ კოვიდ 19 -ს გავუმკლავდეთ” – რევაზ ბოჭორიშვილი

ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე კოვიდ19-ისა   და წითელას ინფექციაზე წერს.
  “რა დროს წითელაა, იტყვის ზოგი… კოვიდ 19 ის პანდემიამდე სწორედ წითელა გახლდათ მსოფლიოში ერთ ერთი მთავარი სანიტარული კრიზისის მიზეზი. და ამ კრიზისის გაკვეთილები აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ გვინდა რომ კოვიდ 19 ს გავუმკლავდეთ…
წითელა იმ უმძიმეს და რაც მნიშვნელოვანია, უაღრესად გადამდებ ვირუსულ ინფექციებს მიეკუთვნება, რომელთა სრული მოსპობა მასიური ვაქცინაციით შესაძლებელია. და ამ მიმართულებით მიდიოდა მსოფლიო… 21 საუკუნემდე… მაგრამ სადღაც 2010 დან (ან უფრო ადრე) წითელა დაბრუნდა… თავისი სასიკვდილო შლეიფით…
2019 წელს მსოფლიოში 200 000 ადამიანი გარდაიცვალა წითელას გამო.. ამავდროულად, 2000 დან 2018 მდე ვაქცინაციამ 23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა..
წითელას აფეთქების მიზეზები მრავალრიცხოვანია. დროში გაჭიმული… ანტივაქსერული მოძრაობა მთავარი მიზეზი არაა. მათ დიდი “წვლილი“ მიუძღვით წითელას დაბრუნებაში, დიახ, მაგრამ არა მთავარი.
ზოგადად, ვაქცინაცია საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა.. იმდენად მიივიწყა მოსახლეობამ წითელას საშინელებები, რომ უბრალოდ მოეშვა. ჰა და ჰა პირველ დოზას უკეთებენ ბავშვებს, მაგრამ მერე სავალდებულო მეორე დოზის გაკეთება ავიწყდებათ, არადა ამის გარეშე ვაქცინაციის ეფექტურობა ეცემა..
და ერთ ერთი მთავარი მიზეზი მაინც ვაქცინაციის სახელმწიფო პოლიტიკის მოშლაა.. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზების გამო. არადა, მასიური ვაქცინაციის წარმატებულობის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს..
უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სახელმწიფოში, მათ შორის აშშ ში და ევროპაში ამ მხრივ აშკარა ჩავარდნა დაფიქსირდა ბოლო ათწლეულში. თუმც, ყველაზე მძიმე შედეგები განვითარებად ქვეყნებში აღინიშნა.
ვენესუელა წითელას აფეთქების ერთ ერთი მთავარი კერაა. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო იქ სრულად მოშლილია, წამლების კატასტროფული დეფიტია და ჯანდაცვა კოლაფსშია. ცნობილია ისიც, რომ ვენესუელას მოსახლეობის 90 % ზე მეტი ვაქცინაციის მომხრეა… მაგრამ ვაქცინები უბრალოდ არ არსებობს ვენესუელაში.. ანუ ანტი ვაქსერული დამოკიდებულება არაფერ შუაშია იქაურ სანიტარულ კატასტროფასთან..
რეკორდული მაჩვენებელები კი უკრაინასა და საქართველოში დაფიქსირდა.. საქართველოზე ბევრს არაფერს ვიტყვი, საქართველოს სპეციფიკა და მიზეზები კარგად არის გადმოცემული ქართველებისვე სამეცნიერო პუბლიკაციაში
https://wwwnc.cdc.gov/eid/article/26/11/20-0259_article
უკრაინაზე შევჩერდები მხოლოდ, ვინაიდან დღევანდელ კონტექსტში უკრაინის მაგალითი ბევრად უფრო ჭკუის სასწავლებელია.
2008 წელს, კრამატორსკში გარდაიცვალა მოზარდი, წითელას აცრიდან 24 საათში… ცხადია ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა … და ხელისუფლებამ ალბათ დიდი შეცდომა დაუშვა… ქვეყანაში შეაჩერა აცრები გამოძიების დასრულებამდე… რაც ცხადია გაიწელა.. საბოლოოდ, არ დადასტურდა კავშირი გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის, მაგრამ დადგინდა რომ გამოყენებული ვაქცინა არასერტიფიცირებული ინდური წარმოების გახლდათ. ბევრი მოხელე ჯანდაცვის სისტემისა შეეწირა ამ საქმეს… კორუფციის და თაღლითობის ფაქტებიც ბევრი ამოტივტივდა…
და ყველაზე მძიმე შედეგი ის გახლავთ, რომ მოსახლეობამ ლამის საბოლოდ დაკარგა ნდობა ყველა სფეროში ყელამდე კორუმპირებულ სახელმწიფოსი და ვაქცინაციის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა… რის შედეგადაც 2018 წელს ევროპაში დაფიქსირებული წითელას შემთხვევების ნახევარი უკრაინაზე მოდიოდა.. ექსპერტები თვლიან, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში და აშშ იც წითელას შემთხვევების ზრდა გარკვეულწილად უკრაინას უკავშირდება მოგზაურობების და ინფექციის გადადების მაღალი პოტენციალის გამო… ზოგადად კი, ისევ და ისევ კორუფციისა და ქაოსის გამო, უკრაინის წესიერი ვაქცინებით სრული უზრუნველყოფა დღემდე ვერ მოხერხდა, რის გამოც მაგალითად წინა წელს დიფტერიის აფეთქება დაფიქსირდა..
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი.
უპირველეს ყოვლისა, დიდი სიფრთხილეა საჭირო ვაქცინაციის გართულებების მედიაში ან თუნდაც აქ ფბ ზე გაშუქებისას.
ყველა “გართულება“ უშუალო კავშირში არაა ამა თუ იმ ვაქცინასთან.
ამასთან, ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია გართულებები, მათ შორის სასიკვდილო, მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათია.
ის რომ მედიცინაში ნულოვანი რისკი არ არსებობს და მთავარი სარგებელ რისკის, Benefit/Risk შეფარდებაა, ცოტა ხნის წინ ვწერდი. მოგვწონს თუ არა, ასეა ეს.
სკალპელს სანამ ავიღებთ ხელში, ყველა პაციენტს ვუხსნით, სავალდებულოდ, რომ ოპერაცია გართულებით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ ოპერაციის გარეშე ბევრად უფრო მძიმე, მათ შორის სასიკვდილო გამოსავალი შეიძლება დადგეს.
მთავარია, ამ ინფორმაციას როგორ და რისთვის აწოდებ პაციენტს. დიდი უმეტესობა პაციენტებისა ამ გაფრთხილებას სწორად აღიქვამს და მკურნალობას ეთანხმება.
და ისევ გავიმეორებ, მთავარია ამ ინფორმირებულობით ნდობის ატმოსფეროს შექმნა შენარჩუნება და არა შიშის დათესვა. არაა ადვილი ამის მიღწევა, მაგრამ შესაძლებელია.
გადამწყვეტი მაინც სახელმწიფოს მიერ სწორი პოლიტიკის წარმართვა რჩება. კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის “ჩემპიონი“ ისრაელი ამ მხრივ სამაგალითოა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ერთი მომენტია. ისრაელის სახელმწიფოს ლიდერები პირადად შეხვდნენ ულტრა ორთოდოქსი მიმდინარეობების წარმომადგენლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ვაქცინაციას და დაარწმუნეს ისინი ვაქცინაციის მნიშვნელობაში. ასევე შეხვდნენ ისრაელის მოქალაქე მუსულმანების ლიდერებს და ისინიც დაარწმუნეს…
მთავარი სწორედა ესაა. ყველას ჩართულობა. მათ შორის ეკლესიის. და ყველას დარწმუნება, ნდობის დამკვიდრება. ოფიციალური ინსტანციების ნდობისათვის ვაქცინაციის პროცესის მომზადება და მერე შესრულება სრულიად გამჭვირვალედ, კაკოფონიის გარეშე უნდა წარიმართოს. საჭიროა სწორი, არაორაზროვანი და ყველასათვის გასაგები საჯარო ინფორმაცია ვაქცინაციის ყველა ასპექტზე, მათ შორის იმაზე თუ ვის როდის მოუწევს აცრა… მეცნიერულად გამართლებული ვაქცინით. რომლით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
თუ ნდობის ატმოსფერო არ დამკვიდრდა, კოვიდ 19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის წარმატების და საერთოდ ეპიდემიის ჩაქრობის საკითხი სათუო გახდება”.- წერს ექიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები