5 ნოემბერს „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული“ ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა. კოლექცია, რომელიც პირველად პარიზში აჩვენა, დიზანერმა ქართველ მაყურებელს და მოდის კვირეულის უცხოელ სტუმრებს წარუდგინა, რომლებისაგანაც უამრავი ქათინაური მიიღო.
შეიძლება ითქვას, რომ პოდიუმზე ვიხილეთ სრულიად განსხვავებული ავთანდილი, და ამ მოსაზრებას თავად დიზაინერიც იზიარებს, რომლის შექმნილი სამოსი მსოფლიოში 82 სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიაში იყიდება და ეს კოლექციაც პარიზში ასეთივე მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი. ის ქართული ბაზრისთვის არ არის განკუთვნილი…
დიზაინერმა პოდიუმზე ბოლო ათწლეულების ბერლინის ქაოტურობა გადმოიტანა, ძირითად საფუძვლად კი გამოიყენა მხატვარ ვარდ შუმახერის ნამუშევრები. მთლიანი კოლექცია ეძღვნება ძლიერ ქალს, რომელსაც თავდაჯერება არ აკლია და არაფერს უშინდება.
Fortuna.ge დიზაინერს ესაუბრა.
ავთანდილი:
ეს არის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომლის ინსპირაციის წყარო გახდა ბერლინური ქაოტურობა, ამ ქალაქის ბოლო ათლეულების სუბკულტურები, მოკლედ, ქალაქი, სადაც ნებისმიერ ხელოვანს თავისუფლად მოქმედებისა და სუნთქვის საშუალება ჰქონდა და აქვს… კოელქციას საფუძვლად დაედო მხატვარ ვარდ შუმახერის ნამუშევრები. ის ეძღვნება თამამ ქალბატონს, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია და თავად მართავს ბედს.
გამოყენებულია ნატურალური ბამბა, აბრეშუმი, თუმცა სამოსს საბოლოო ვიზუალი მივეცით განსხვავებული ტექნოლოგიით და სხივი, რაც კოლექციას დაჰყვება, ხელით მუშაობის შედეგია.
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს სულ სხვა კოლექციაა, ჩემგან ყველა მიჩვეულია კლასიკას, თუმცა ახლა ეს არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა და განწყობა. ყველა ხელოვანს შეუძია, თავს უფლება მისცეს და ასეთი ავანგარდი აკეთოს. ამ კოლექციით მინდოდა, ჩემი მეორე მხარე მეჩვენებინა. ის პარიზში ვაჩვენე პირველად და განკუთვნილია კონცეპტუალური მაღაზიებისთვის. ყველამ იცის ავთანდილისგან „73“ და „ლუქსი“, ეს ახალი მიმართულებაა, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ შემირჩევია…
„მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის“ სტუმრებისგან უამრავი ქათინაური მივიღე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ფიქრობ, ამ კოლექციას ქართველი ქალები მოირგებენ? საკმაოდ თამამი ნამუშევრებია…
ეს კოლექცია საქართველოში არ გაიყიდება და არ არის განკუთვნილი ქართული ბაზრისთვის…
წყარო:http://fortuna.ge