ჯონ ლენონი სინტიას შესახებ

62
SHARE

 

“სინტია ხელოვნების სკოლაში გავიცანი. წესიერი ჰოილეიქელი ტიპის გოგო იყო. უკიდურესად სნობი. მე და ჯეფ მუჰამედი სასაცილოდ ვიგდებდით. „წყნარად თუ შეიძლება, – ვიყვირებდით ხოლმე, – უწმაწური სიტყვების გარეშე. აქ სინტიაა”. ცეკვის გაკვეთილი გვქონდა. ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვთხოვე, ჩემთან ერთად ეცეკვა. ჯეფი დამცინოდა, მეუბნებოდა, სინტიას უყვარხარო.

ცეკვის დროს ვთხოვე, წვეულებაზე მოსულიყო მომდევნო დღეს.

მიპასუხა, რომ არ შეეძლო. დანიშნული იყო.

თავს გამარჯვებულად ვთვლიდი, რომ მისი შებმა შევძელი. დავლიეთ და შემდეგ სტიუს ბინაში დავბრუნდით, გზად თევზი კარტოფლით ვიყიდეთ. ისტერიული ვიყავი. პრობლემა ამაში იყო. ვეჭვიანობდი ყველაზე, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონდა. მისგან აბსოლუტურ ნდობას ვითხოვდი, რადგან თავად არ ვიყავი სანდო. გაღიზიანებული ვიყავი, და ყველა ჩემი იმედგაცრუება მასზე გადამქონდა. ერთხელაც ადგა და მიმატოვა. საშინელება იყო. მის გარეშე ვერ ვძლებდი.

ორი წლის განმავლობაში ჩემში ბრმა ბრაზი მძვინვარებდა. ან მთვრალი ვიყავი, ან ვჩხუბობდი. ასევე ვექცეოდი სხვა მეგობარ ქალებსაც. რაღაც მჭირდა. განათლება მაკლდა; ერთადერთი, რასაც გვასწავლიდნენ, შიში და სიძულვილი იყო, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მოზარდობის ასაკში რაც მინახავს, იყო ფილმები, სადაც მამაკაცები ქალებს სცემენ. ასეთი მოპყრობა კაცური და სწორი იყო, სახეში უნდა გაგერტყა მათთვის, მკაცრად მოპყრობოდი – როგორც ჰემფრი ბოგარტი და ეგეთები. ასეთი შეხედულებებით გვზრდიდნენ. დიდი დრო დამჭირდა ჩემში ამის აღმოსაფხვრელად. რეალობა სხვანაირია.

ამის გააზრება მაშინ დავიწყე, როცა დავფიქრდი: რა მოხდება, რომ რინგოს, ან პოლს, ან ჯორჯს ვუთხრა: „წადი, ის მომიტანე. ჩაიდანი დადგი. ვიღაცაა კარებთან”… საუკეთესო მეგობარ მამაკაცს ისევე რომ მოექე, როგორც შენს ქალს, სახეში მოგდებს”.

წყარო: http://thebeatles.ge/ – ჯონ ლენონი („ბითლზების ანთოლოგია”)

FB კომენტარები

კომენტარი