შეიძლება თუ არა ორსულობის დროს თმის შეღებვა და ქათმის გულ-ღვიძლთან მიკარება?

272
SHARE

თუ ორსულად ხართ და გაინტერესებთ, შეიძლება თუ არა თმის შეჭრა ან შეღებვა, უნდა მიირთვათ თუ არა ყველაფერი, რაც მოგინდებათ, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ნივთების წინასწარ ყიდვა – წაიკითხეთ ინტერვიუ მეან-გინეკოლოგმაკა ჩიქოვანთან, რომელიც ორსულობის მითებსა და რეალობაზე გვესაუბრება.

– მითია თუ რეალობა რომ ორსულობის დროს არ შეიძლება თმის შეჭრა?
– რა თქმა უნდა, ეს მითია, თმა პრაქტიკულად მკვდარია და არანაირ ცოცხალ ვიტამინს თუ მინერალს ის არ ართმევს ქალის ორგანიზმს. ასე რომ, ორსულებს თამამად შეუძლიათ თმის შეჭრა.

– თმის შეღებვა შეიძლება?
– ორსულობის დროს პირველი ტრიმესტრის (ორსულობის 12-13 კვირა) მანძილზე არ გირჩევთ თმის შეღებვას, რადგან თავის კანიდან შეიძლება შეიწოვოს ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც საღებავშია. ვინაიდან ეს პერიოდი ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისედაც არასახარბიელო ეკოლოგიური გარემოს ფონზე არ არის სასურველი თმის შეღებვა. 12 კვირის შემდეგ, თუ ქალს სურს თმების შეღებვა და უფრო მეტად გალამაზება, შეუძლია თმა შეიღებოს უამიაკო საღებავით.

– მითია თუ რეალობა, რომ არ შეიძლება ქათმის გულ-ღვიძლზე ხელის ხლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ახალშობილს ლაქები გაუჩნდეს?
– ზოგადად,ამ ფაქტს სამედიცინო კუთხით არანაირი მეცნიერული ახსნა არ აქვს, თუმცა, არსებობენ პაციენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რომ ესა თუ ის ლაქა სწორედ ამ მიზეზის გამო აქვთ.

– იმ მითზე რას იტყვით, რომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავ, არ დაფეხმძიმდები?
– ეს გარკვეულწილად რეალობაა. თუ კვება არის საათობრივი, თუ ბავშვი მხოლოდ დედის რძეს მიირთმევს, თუ პატარას კვებავთ ხშირ-ხშირად 2-3 საათის ინტერვალით, დაორსულების შანსი იკლებს. ამ დროს ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი -პროლაქტინი, რომელიც თრგუნავს ოვულაციას, ქალის საკვერცხეებში არ ხდება ფოლიკულის წარმოქმნა. მაგრამ ეს არ არის 100%-იანი მეთოდი. 100 ქალიდან 15  შესაძლოა ძუძუთი კვების მიუხედავად მაინც დაორსულდეს.

– მითია თუ რეალობა, რომ პირველი მშობიარობა ყველაზე რთულია, დანარჩენი – გაცილებით იოლი?
– ეს რეალობაა. წარმოიდგინეთ ბუშტი, რომელიც უნდა გაიბეროს, გაიზარდოს, მომწიფდეს და გზა გაიკვლიოს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეორე მშობიარობა სტატისტიკურად უფრო მარტივია ქალისთვის.

– ასევე ხშირად გაიგონებთ, რომ ორსულობის დროს რაც მოგინდება, ყველაფერი უნდა ჭამო – ბავშვი ითხოვს!
– ეს არ არის რეალობა. არსებობს გარკვეული საკვები, რომელიც იკრძალება ორსულობის დროს, მაგალითად უმი ხორცპროდუქტები: სუში, ღვიძლის პროდუქტები, ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვები, არ ვურჩევთ ღორის ხორცის მიღებას, მიზანშეწონილი არ არის ცხარე, მჟავე საკვების მიღება. მუცლადმყოფი ბავშვი ასეთ საკვებს ნამდვილად არ ითხოვს.

– მითია თუ რეალობა, რომ აუცილებელი არ არის სიგარეტს თავი დაანებო, თუ ორსულობამდეც ეწეოდი?
– რა თქმა უნდა, ეს მითია. სიგარეტს ორსულმა აუცილებლად უნდა დაანებოს თავი. თუ ქალი პირველ ტრიმესტრში ეწევა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეები. სიგარეტი იწვევს სისხლძარღვების კედლის შევიწროებას, სისხლის მიწოდების შეფერხებას, შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის დაწყება. ახალშობილს დაბადების შემდეგ შესაძლოა ჰქონდეს ასთმა და სასუნთქი გზების სხვა პრობლემები. ორსულს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ თავისი საქციელით ის საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას.
– წინასწარ არაფრის ყიდვა არ შეიძლება ბავშვისთვისო?
– ეს მითი ძველად ძალიან პოპულარული იყო. დღევანდელმა ცხოვრებამ ეს მითი დაანგრია. მესამე ტრიმესტრი არის „ბუდის“ აშენების, მშობიარობისთვის მომზადების პერიოდი, ამ დროს ვურჩევთ მშობლებს, მომზადებული შეხვდნენ პატარას და შეიძინონ ყველა საჭირო ნივთი. ეს ყვეალფერი მშობლებზეც ძალიან დადებითად მოქმედებს.

– და ბოლოს, მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის განსაზღვრა მუცლის ფორმით არის შესაძლებელი?
– ეს, რა თქმა უნდა, მითია. ხშირად ამბობენ, რომ წაწვეტებულ მუცელში ბიჭი ზის, ხოლო განზე გასულ მუცელში გოგო ნებივრობს. ეს დამოკიდებულია ქალის ფიზიკურ აქტივობაზე მის მომზადებაზე. მუცლის ფორმის მიხედვით ვერანაირად ვერ დავადგენთ, ვინ იქნება, გოგო თუ ბიჭი.

 

წყარო

 

Comments

comments