ქართველი მოდელი ბიჭის, ლიტერატურული გემოვნება – “დათა თუთაშხია” ბიბლიასავით მაქვს”

415
SHARE

“წიგნის პერსონაჟების მიბაძვა დავიწყე”

“შეიძლება, წიგნის კითხვა მოდელ­საც უყვარდეს, სანტექნიკოსსაც და საერთოდ, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს”, – ამბობს მოდელი ირაკლი დათუკიშვილი, რომელიც საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებებისა და პერსონაჟების შესახებ სიამოვნებით გვესაუბრა, ჟურნალის მკითხველებს კი ვაჟა-ფშაველას “კოსმოპოლიტიზმის და პატრიოტიზმის” წაკითხვა ურჩია…
– ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ. მისი შემოქმედება და ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” ბიბლიასავით მაქვს. მომწონს, თუ როგორ აყალიბებს ვაჟა ადამიანის ზნეობრივ-კულტურულ შეხედულებებს; გვიჩვენებს და გვიხატავს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. მაგალითად, თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში – “კაი ყმა” აყალიბებს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი. ასევე, ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია: “სტუმარ-მასპინძელი”, აკაკი წერეთლის “გამზრდელი”… ტერენტი გრანელის შემოქმედებაც მიტაცებს.
– “დათა თუთაშხია” რამდენჯერ გაქვს წაკითხული?

– მშობლები მეხუმრებიან, – სულ ამ წიგნს კითხულობო (იცინის)… რომ არ მოგატყუოთ, “დათა თუთაშხია” დაახლოებით ხუთჯერ მაქვს წაკითხული.
– პირველად რა ასაკში წაიკითხე?

– 16 წლის ვიყავი.
– შენთვის ყველაფერი გასაგები იყო, რაც ამ ნაწარმოებში წაიკითხე?
– არა. საერთოდ, წიგნი ასეთია: ყოველი წაკითხვისას ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენ, ამჩნევ…
– “დათა თუთაშხიას” მეორედ, მესამედ წაკითხვისას რა აღმოაჩინე?
– მაგალითად, პირველად წაკი­თხვისას ვერ გავიგე, რა იყო დათას მოტივაცია, ცხოვრების მთავარი მიზანი, რისთვის ცხოვრობდა, სინამდვილეში როგორი ცხოვრება სურდა… მეორედ წაკითხვისას უფრო გავიგე: მისი ცხოვრების მიზანი ადამიანე­ბის მიერ ჩადენილი ბოროტების სიკეთედ გადაქცევა იყო. ამბობდა, – ვიცი, წისქვილი წყალს როგორ დავატრიალებინო, მაგრამ ადამიანების მიერ ჩადენილი ბოროტება სიკეთედ როგორ გადავაქციო, ეს ჯერ არ ვიციო. ძიების პროცესში იყო. უნდოდა, დედამიწაზე სიკეთე დაეთესა, რადგან ბოროტება თითოეულ ადამიანში “იდო”… ძალიან მიყვარდა პერსონაჟი – გრაფი სეგედი, რადგან ის ყველაზე განათლებული ადამიანი გახლდათ. ყველაფერი იცოდა: ფსიქოლოგია, იურიდიული საკითხები. ჟანდარმერიაში თითოეული ადამიანის ფსი­ქოლოგია ზეპირად ჰქონდა შესწავ­ლილი, თუნდაც – მუშნი ზარანდიას ფსიქოლოგია. შემდეგ დათა თუთაშხიას და მუშნის ერთმანეთს ადარებდა. ამბობდა: ასეთი გონების მქონე ადამიანები იმპერიას 2-3 ჰყავსო… ამ წიგნში ბევრი საყვარელი ეპიზოდი მაქვს, მაგალითად – დათა მუშნის საკუთარ სახლში რომ შეხვდება. აქ ის მხიბლავს, რომ მუშნი პოლიციელია და დათა თუთაშხიაზე “ნადირობს”, დათა კი აბრაგია და ბოროტებას, “არასწორ წესრიგს” უპირისპირდება. დათას დაჭერა ვერავინ შეძლო. თუთაშხია ამბობს, – საქმეში ერთი ჩემზე ჭკვიანი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი – მუშნი ზარანდია ჩაერია და კინაღამ დამიჭირაო. ერთმანეთს რომ გადაეხვევიან, დათა ეუბნება: ჩემს საკეთებელსაც და შენსასაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობიაო. აი, ასე ემშვიდობება…GzaPress– “დათა თუთაშხიას” ეკრა­ნიზა­ციაც შთამბეჭდავია შენთვის?
– კი, ეკრანიზაციაც ძალიან მომწონს, ხშირად ვუყურებ. ბევრი ეპიზოდი გამოტოვებულია – ფილმში ის ყველაფერი ვერ ჩაეტევა, რაც წიგნში წერია.
– რომელიმე ეპიზოდის ფილმში მოხვედრა განსაკუთრებულად ხომ არ გინდოდა და გული დაგწყდა?
– როგორც ამბობენ, სინამდვილეში, ამბავი ისე არ მომხდარა, როგორიც ფილმისა და წიგნის დასასრულია. სინამდვილეში, მუშნი ზარანდიას დათას შვილი კლავს, ფილმსა და წიგნში კი – დათას თავისი შვილი კლავს. მე არაოფიციალურ ვერსიას უფრო ვეთანხმები… ფილმში გამოტოვებულ ეპიზოდს რაც შეეხება, წიგნში კიკუს ძმა დათაზე შურისძიებას გადაწყვეტს, ეძებს, ეძებს და ბოლოს მიაგნებს. უნდა, დათა მოკლას, მაგრამ თუთაშხია ისეთ რაღაცებს ეტყვის, რომ მის მოკვლას ვეღარ გაბედავს. დათას ეუბნება, – მართალი ხარ, იმ სიტუაციაში სწორად მოიქეციო…
– დამოუკიდებლად, პირველად რომელი წიგნი წაიკითხე, გახსოვს?
– “კარლსონი” ან “ტომ სოიერი”. მახსოვს, მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალს” ჩემი მამიდაშვილი კითხულობდა და ამიტომ დავინტერესდი: მე და ჩემი მამიდაშვილი ყოველთვის ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, მაგალითად – სწავლაში, ჭადრაკის თამაშში… ჰოდა, რაკი “ტომ სოიერი” წაიკითხა, გადავწყვიტე – მეც უნდა წავიკითხო-მეთქი… ბავშვისთვის ნამდვილად მოსაწონი წიგნი იყო. მგონი, მაშინ მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი.
– წიგნის კითხვა დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნებით შეგიყვარდა?
– არა, წიგნის სიყვარული ასაკმა “მომიტანა”, როცა გავიზარდე და მივხვდი, რა იყო წიგნი… მანამდე ჩემთვის ეს მოვალეობა იყო და სიყვარულით ნამდვილად არ ვკითხულობდი.
– წიგნის კითხვა სიამოვნებად როდის გადაიქცა?
– როცა დაახლოებით 15 წლის ვიყავი და ვაჟა-ფშაველას, აკაკი წე­რეთლის, გალაკტიონის, ტერენტი გრანელის შემოქმედებას გავეცანი, ასევე – “დათა თუთაშხიას”. ვაჟას, ილიას, აკაკის შემოქმედება ისე შე­მიყვარდა, რომ მათი ნაწარმოებების პერსონაჟების მიბაძვა დავიწყე, თუნდაც – “კაი ყმის”, “სტუმარ-მასპინძლის” გმირების, ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილებიდან – მოხევის…
– უცხოურ ლიტერატურასაც ეცნობი?
– სიმართლე გითხრათ, უცხო­ური ლიტერატურიდან ბევრი ნაწარმოები არ წამიკითხავს. ჯერჯერობით, ქართველი მწერლების შემოქმედებას მეტ ყურადღებას ვუთმობ.
– თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კითხულობ?
– არა, ერთადერთი, ნიკო გომელაურის ლექსები მომწონდა… საერთოდ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვამჯობინებ, რომ მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ის ნაწარმოები წავიკითხო, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, ვიდრე თანამედროვე მწერლების წიგნები მოვიძიო…
– როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნებოდა?
– ძალიან საინტერესო იქნებოდა. ჩემთვის წიგნის დაწერა ჯერ ადრეა – ცხოვრების გარკვეული ეტაპები უნდა გავიარო.
– წერა კარგად გამოგდის?
– კი, ბავშვობიდან ჩემს გამონათქვამებს, ლექსებს ვწერდი და ამისთვის რვეული მქონდა გამოყოფილი. ვერ ვიხსენებ, თორემ რომელიმე გამონათქვამს გეტყოდით… ყველა რომ თამაშზე, გართობაზე ფიქრობდა, მე უფროსი ასაკის ადამიანისთვის დამახასიათებელი ფიქრები მქონდა…
– ასაკისთვის შეუსაბამო წიგნი თუ წაგიკითხავს?
– მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი” ჩემი მაშინდელი ასაკისთვის შეუფერებელი იყო, რადგან ბოლომდე ვერ გავიგე, წიგნში რა ხდებოდა… სხვა ყველაფერი თავის დროზე წავიკითხე.
– ბოლოს რომელი წიგნი წაი­კითხე?
– მოიცა, გავიხსენო… ბოლოს ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა” წავიკითხე.
– სასკოლო პროგრამის ფარგლებში?
– არა, ხელმეორედ გადავიკითხე. ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმიც ნანახი მაქვს და ძალიან მომწონს.
– ახლა რას კითხულობ ან რის წაკითხვას აპირებ?
– დოსტოევსკის ყველა ნაწარმოების წაკითხვას ვგეგმავ და თანამედროვე მწერლების შემოქმედების გაცნობაც მინდა, მაგრამ ჯერ “იდიოტი” უნდა წავიკითხო.GzaPress
– ამ ნაწარმოების წაკითხვა რატომ გადაწყვიტე?
– ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: “იდიოტი”, “დათა თუთაშხია” და “დონ კიხოტი” ერთმანეთს რაღაცით ჰგავსო… მაინტერესებს, რით ჰგავს?..
– “დონ კიხოტი” წაკითხული გაქვს?
– არა. ჰოდა, მინდა, ეგეც წავიკითხო და გავარკვიო – სამი ნაწარმოები ერთმანეთს რითი ჰგავს.
– კარგი. შენთვის სამაგალითო ლიტერატურული პერსონაჟი რომელია?
– ბათუ – “გამზრდელიდან”. მას პატიების უნარი აქვს. თან, საფარ-ბეგს ისეთ ცოდვას აპატიებს, რომლის პატიებაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ადამიანში რაღაც ღვთიური უნდა იყოს, რომ მსგავსი რამ შეძლოს…

წყარო:http://gza.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი