“ფოტოებს იღებს და მიგზავნის, ამით მამწარებს” – სალომე ჭაჭუა

577
SHARE

სპორტული სამოსი ძალიან მიყვარს

გადავწყვიტე გამერკვია – სცენაზე საოცრად დახვეწილ, მოქნილ, სექსუალურ სალომე ჭაჭუას როგორი გემოვნება აქვს. მუდმივად სამუშაო რეჟიმში მყოფ მოცეკვავეს სტუდიაში ვესტუმრე. როგორც სალომემ მითხრა, მას და მის მეწყვილეს ტურნირებზე კარგი შედეგისთვის მიუღწევიათ: მოცეკვავეთა მსოფლიო ასეულში, 89-დან 79-ე ადგილზე გადასულან და ნელ-ნელა საუკეთესო ორმოცდაათეულისკენ მიიწევენ…

– სალომე, სავარჯიშო სამოსის შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობ?
– კი, რადგან სპორტული სამოსი ძალიან მიყვარს. მაგალითად, შეიძლება, მაღაზიაში ფეხსაცმლის ან გამოსასვლელი კაბის საყიდლად წავიდე, მაგრამ შინ სპორტული სამოსით ხელში დავბრუნდე. ადრე “ჯინსების” მანია მჭირდა და შემეძლო, ერთდროულად ჯინსის 10 შარვალი მეყიდა. ახლა იგივე მჭირს სპორტულ სამოსზე.

– ისეთი ტანსაცმელი თუ გაქვს, რომელსაც მხოლოდ რეპეტიციაზე იცვამ?
– კი, როგორ არა! სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ყველა მო­ცეკვავეს თავისი სავარჯიშო კოს­ტიუმები აქვს. სპორტული სამოსი კიდევ სხვაა – მაშინ ვიცვამთ, როცა ფიზიკურ მომზადებას, ბალეტის კლასს გავდივართ. როცა მეწყვილესთან ერთად ვცეკვავ, კაბა მაცვია, რომელსაც ან ვაკერვინებ, ან უცხოეთში ვყიდულობ. როგორი კაბაც ტურნირზე უნდა ჩავიცვა, ისეთი სტილის სავარჯიშო კოსტიუმი მაქვს, რომ მერე, ტურნირზე დისკომფორტი არ ვიგრძნო. თან, ეს კაბები ძალიან ლამაზი და დახვეწილია – სამეჯლისო-სპორტულ ცეკვას უხდება.

– როგორი სტილის სადღესასწაულო სამოსი მოგწონს?
– საერთოდ, გამოსასვლელი კაბები ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრი არ მაქვს: თბილისში ისეთი საღამოები ხშირად აღარ იმართება, სადაც ასეთი სამოსის ჩაცმაა საჭირო. მოკლე კაბები უფრო მეტად მომწონს. საერთოდ გრძელ ან მოკლე გამოსასვლელ კაბას ვიცვამ, საშუალო სიგრძის იშვიათად მაცვია. ლეოპარდის პრინტი ძალიან მიყვარს. სისულელე იქნება, რომ მთლიანი კაბა ლეოპარდის პრინტით “გავაკეთო”, მაგრამ ხშირად, რაღაც დეტალს მაინც ვიყენებ.

– სამკაულს იშვიათად იყენებ?
– იშვიათად ვიყენებ, მაგრამ სამკაული ძალიან მიყვარს. ბევრი ბიჟუტერია მაქვს: საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები…

– ბიჟუტერია უფრო მოგწონს თუ ძვირად ღირებული ლითონისგან დამზადებული სამკაული?
– იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ სულ ძვირად ღირებული სამკაული მეკეთოს (იცინის). ოქრო ძალიან მომწონს და ოქროსფერი ბიჟუტერია ბევრი მაქვს.

– თმის ფერი შეგიცვლია…
– უბრალოდ, თმას აღარ ვიღებავ – ბუნებრივი ფერი დავიბრუნე. ერთადერთი, ბოლოები მაქვს შეღებილი, ე.წ. “ომბრე” გავიკეთე. თმაც გამეზარდა, რაც ძალიან მახარებს – გრძელ თმაზე ვგიჟდები, ისე მომწონს!

– ვარცხნილობის შეცვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს რთულად იღებ?
– კი, “ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონი რომ დაიწყო, თმა პირველად მაშინ დავიმოკლე. თან, მამაჩემსაც გრძელი თმა მოსწონდა… ხომ იცი, ერთხელ რომ შეიჭრი, მერე სხვანაირი ვარცხნილობა გინდება, მერე – კიდევ სხვანაირი… ახლა გადავწყვიტე, თმას “ხელს აღარ მოვკიდებ”-მეთქი. თან, შეღებვისგან ცოტათი ხარისხიც გამიფუჭდა. ახლა თმა გამეზარდა, ბუნებრივი ფერიც დაუბრუნდა… მოკლედ, მწყობრშია (იღიმის).

– თვეებია, რაც “ცეკვავენ ვარსკვლავები” ეთერში აღარ გადის. ტელეეკრანზე რომ არ ჩანხარ, ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
– ცხოვრება ისე მაქვს აწყობილი, რომ ნახევარზე მეტ დღეს სტუდიაში ვატარებ: ბავშვებთან ვმუშაობ, მოქმედი მოცეკვავე ვარ, მეწყვილე მყავს, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს და ა.შ. რა თქმა უნდა, “ცეკვავენ ვარსკვლავები” მენატრება, მაგრამ ამის გამო რაიმე უკმარისობის გრძნობა არ მაწუხებს. მით
უმეტეს, რომ ახლა ცეკვაში კარგი შედეგები მაქვს და ამ შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვაპირებ.

სალომე, შენი საყვარელი ცეკვა რომელია?
– ვერ გამოვარჩევ. ნებისმიერ ცეკვას სხვადასხვანაირი შესრულება, ემოცია სჭირდება, სხვადასხვა დატვირთვა აქვს… ამიტომ ყველა ცეკვა თავისებურად გამორჩეულია, მაგრამ გეტყვი, შედარებით, ნაკლებად რომელი მომწონს: ეს არის “ჯაივი”.

– “ცეკვავენ ვარსკვლავებში” შენ მიერ შესრულებული ნომრებიდან ყველაზე შთამბეჭდავად რომელი მიგაჩნია?
– მაგალითად, პირველ სეზონზე როსტოსთან ერთად “ლამბადა” რომ შევასრულე, საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, რადგან ძალიან მარტივი ცეკვა იყო. კარგი, საყვარელი, ლამაზი დადგმა გამოვიდა… მეორე სეზონზე რამდენიმე ცეკვით მართლა კმაყოფილი ვიყავი: მაგალითად, კინოტურში კარგი ნომერი გვქონდა, ასევე – “სამბა”, “ბოშური” მომეწონა… მეოთხე სეზონზე, კინოტურში ლეოპარდი რომ “ვიყავი”, ძალიან მაგარი გამოვიდა! კოსტიუმებიც კარგი გვქონდა… შემდეგ სეზონზე “პასადობლი” და “ვენური ვალსი” შთამბეჭდავი იყო…

– შენს კულინარიულ შესაძლებლობებზე ბევრი მსმენია…
– ჰო, კულინარია ძალიან მიყვარს, ეს ჩემი ჰობია. კერძების მომზადება ისე მსიამოვნებს, რომ შინ როგორი დაღლილიც უნდა მივიდე, რაღაცას მაინც მოვამზადებ. საღამოს თუ მცალია, კულინარიულ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე (იცინის).

– ტკბილეულის მომზადება უფრო მოგწონს თუ კერძების?
– ნამცხვრების გაკეთების სურვილი ჯერჯერობით, არ მაქვს. მე რაც მიყვარს (მაგალითად – ბლინები შოკოლადთან ერთად), იმის მომზადება ვიცი, მაგრამ “სერიოზულ” ტორტებს არ ვაცხობ.

– რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონს?
– იტალიური, იაპონური… სუში ისე მიყვარს, რომ შემიძლია, დიდი რაოდენობით მივირთვა და უხეშად რომ ვთქვა, ვერ გავძღე (იცინის)… ჩინური სამზარეულოც მომწონს. ჩინური კერძების მომზადების პროცესი ძალიან საინტერესოა. თან, ყველა კერძს თავისი ისტორია აქვს… იტალიური კერძი – კარბონარა ძალიან მიყვარს. ჩემს მეგობრებსაც მოსწონთ და ბოლო დროს ხშირად მთხოვენ, მოვამზადო.

სახლში, შენი ოთახი საკუთარი გემოვნებით გაქვს მოწყობილი? ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ?
– განსაკუთრებულს – არა, მაგრამ გარკვეული დოზით, ყურადღებას ვუთმობ: ჩემს საძინებელში შავი ავეჯია, რომელიც მე და მამამ შევარჩიეთ. ადრე თეთრი ავეჯი მქონდა… კედლები ღია ფერის არის. საერთოდ, დედას ოთახში ნივთების გადაჭარბებული რაოდენობა არ უყვარს, ამიტომ ბევრი ნახატი, სურათი არ მაქვს, ყველაფერი ზომიერადაა. ჩემი თასებიდან ნაწილი სტუდიაში მაქვს, ნაწილი – ჩემს ოთახში. ძალიან ვუფრთხილდები, რადგან ჩემთვის თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესია. ჩემი კუთხე მაქვს, სადაც პარფიუმერიაა. კოსტიუმების კუთხეც მოვაწყვე. ყველამ იცის, რომ კოსტიუმებს ხელი არ უნდა შეახონ, ისევე – როგორც თასებს. მე და ჩემი დისშვილი სულ ვჩხუბობთ, რადგან თუ სახლში არ ვარ, ჩემს თასებს იღებს, მედლებს იკიდებს, ფოტოებს გადაიღებს და მიგზავნის – ამით მამწარებს. (იცინის).

შინ კომფორტს რა გიქმნის?
– ჩემთვის კომფორტია, როცა შინ დაბრუნებული შხაპს მივიღებ და დავიძინებ ან ოჯახის წევრებთან ერთად გავერთობი. მე და დედას ერთმანეთი სულ გვენატრება, რადგან მხოლოდ ღამით ვხედავ. სახლში როგორი დაღლილიც უნდა დავბრუნდე, ჩემს დისშვილს მაინც ვეთამაშები – ამის გარეშე არ შემიძლია. დასვენების დღე მხოლოდ კვირას მაქვს და ზოგჯერ, მაშინაც ტურნირზე გამოვდივარ. როცა მცალია, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად, სადმე დავისვენო ან მთელი დღე სახლში ვიყო, წამოწოლილი…

– მეგობრებთან ერთად როგორ ისვენებ?
– მაგალითად, მეგობრების სახლში, როგორც ყოველთვის, კერძებს ვამზადებ (იცინის). კინოში სიარული არ მიყვარს, მაგრამ მათთან ერთად მაინც მივდივარ. ზოგჯერ კაფეში ვსხდებით. თბილისში ბევრი გასართობი არ გვაქვს. კლუბი არ მიყვარს. თუ კარგი ამინდია, ქალაქგარეთ გავდივართ, პიკნიკს ვაწყობთ…

– ფილმების ყურება არ გიყვარს?
– როგორ არა, მაგრამ რატომღაც, კინოთეატრში სიარული არ მომწონს. თუმცა, როცა მივდივარ, ფილმს ყოველთვის სიამოვნებით, ინტერესით ვუყურებ. ეტყობა, წასვლა მეზარება ხოლმე (იცინის).

– ბოლოს რომელი შთამბეჭდავი ფილმი ნახე?
– გასულ კვირას კინოთეატრში “ეგვიპტის ღმერთების” სანახავად ვიყავი. ძალიან მომეწონა. ფილმი მითოლოგიის შესახებაა და ცოტათი კომედიურიც გახლავთ…

– შენს ყურადღებას როგორი მამაკაცები იქცევენ?
– უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გარეგნობას ვაქცევ. არავინ თქვას, რომ ასე არ იქცევა და მთავარი მამაკაცის შინაგანი ბუნებაა. შავგვრემანი ბიჭები უფრო მეტად მომწონს, მაგრამ შეიძლება, ქერამაც მიიქციოს ჩემი ყურადღება.

– ბიჭი კარგადაც უნდა ცეკვავდეს თუ ეს საკითხი უმნიშვნელოა?
– (იცინის) შეიძლება, მოცეკვავე არ იყოს – სულ სხვა პროფესია ჰქონდეს.

– ანუ შეიძლება, ცეკვაში მოუხერხებელი მამაკაცი მოგეწონოს?
– კი, რატომაც არა! თუ იცეკვებს, ხომ კარგი, თუ არადა, პრობლემა არ მაქვს.

– საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?
– ამბობენ, რომ გემოვნებიანი ვარ. სხვათა შორის, სამოსთან დაკავშირებულ რჩევებს ბიჭებსაც ვაძლევ. მოსწონთ, ითვალისწინებენ და ქათინაურებსაც იღებენ.

წყარო: ჟურნალი  “გზა”

FB კომენტარები

კომენტარი