უსახლკარო ახალგაზრდამ, რომელიც ქუჩაში რეზიუმეს არიგებდა, Google-ში სამუშაო იშოვა

113
SHARE

26 წლის დევიდ კასარესმა ტეხასიდან, სამსახურის პოვნის იდეალური სტრატეგია შეიმუშავა – მან ტეხასის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი ქალაქ ოსტინში, „General Motors“-ში ვებგანყოფილებაში პრესტიჟული სამსახური იშოვა. დროთა განმავლობაში, მან გადაწყვიტა სილიკონ ველიზე გადასულიყო, სადაც საკუთარ ტექნოლოგიურ სტარტაპს განახორციელებდა, თუმცა არ გაითვალისწინა, თუ რამდენი დაეხარჯებოდა საცხოვრებლის დაქირავებაში. ამიტომ ფურგონში თითქმის ერთი წელი მოუწია ცხოვრება, სანამ მანქანა, კრედიტების გადაუხდელობის გამო, არ ჩამოართვეს. ამდენად, დევიდი ქუჩაში აღმოჩნდა.
თუმცა, ახალგაზრდას ხელები არ ჩამოუშვა და გენიალური სვლა მოიფიქრა. ერთ დილას, უმუშევრობის ჟამს, მან პერანგი ჩაიცვა, ჰალსტუხიც გაიკეთა და ქუჩაში აბრით გავიდა. აბრაზე არ დაუწერია „მომეცით ფული“ . მასზე ეწერა: „უსახლკარო, წარმატების ძიებაში მყოფი. აიღეთ რეზიუმე“. ის გამვლელებს თავის ამობეჭდილ რეზიუმეს ურიგებდა იმ იმედით, რომ ვინმე მართლაც დაინტერესდებოდა მისით. მის აბრას ყურადღება მიაქცია ვინმე ჟასმინ სკოფილდმა, რომელიც დევიდის ისტორიით დაინტერესდა და ფოტოების გადაღების უფლება მიიღო. ჟასმინმა „ტვიტერში“ პოსტი განათავსა, რომელმაც რამდენიმე დღეში 137 რეტვიტი და 220 ათასი ლაიქი მოაგროვა.
„დღეს შევხვდი ახალგაზრდას, რომელიც ხალხს არა ფულს, არამედ მისი რეზიუმეს აღებას სთხოვდა. თუკი სილიკონ ველიზე მისი დახმარება ვინმეს შეუძლია, ეს შთამბეჭდავი იქნება. გთხოვთ, გააზიარეთ, რომ დევიდს დავეხმაროთ!“- წერდა ჟასმინი.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანებმა არა მარტო გააზიარეს პოსტი, არამედ დევიდი გასაუბრებაზე მიიწვიეს. მან სხვადასხვა კომპანიისგან 200-მდე მოწვევა მიიღო. იმავე საღამოს, ჟასმინმა დაწერა, რომ ამ კომპანიებს შორისაა Google, Netflix, LinkedIn და Pandora.
„მეგონა, ეს ჩემი უკანასკნელი გაჩერება იყო. ამასაც რომ არ ემუშავა, უკან დავბრუნდებოდი და ჩემს ოცნებაზე უარს ვიტყოდი“, – ამბობს იღბლიანი ყოფილი უსახლკარო ახალგაზრდა, რომელიც ახლა უკვე, ალბათ, უმუშევარი აღარაა.

FB კომენტარები

კომენტარი