რეზიკო რობაქიძეს შინ ერთი ვაჟკაცი და ორი ანჩხლი დედაკაცი ჰყავს

385
SHARE

3 თებერვალს რეზიკო რობაქიძე 28 წლის გახდა. მოცეკვავე ცხოველების დიდი მოყვარულია და როგორც გვითხრა, მათ ოჯახში ყოველთვის იყო ძაღლი. ოთხი წლის წინ მისი სამი ძაღლიდან ერთ-ერთი მამამ სწორედ დაბადების დღეზე აჩუქა და როცა დავუკავშირდით, იმ დღეს არა მხოლოდ რეზიკო, ჯესიც იუბილარი იყო…

– მყავს ორი წლის ლაბრადორი – ბადი, 4 წლის ფრანგული ბულდოგი ჯესი და ახლახან ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მაჩუქა მეცხვარე, რომელსაც ჰერა დავარქვი. ის ახლა ერთი თვისაა და ძალიან საყვარელია. კერძო ბინა მაქვს და ეს საშუალებას იძლევა, სამი ძაღლი მყავდეს. ახლა რემონტს ვაკეთებ, ჭიშკარსა და ღობეს ვცვლი და ვინაიდან არ მინდა, ძაღლები ქუჩაში გავიდნენ, ლაბრადორი დროებით მეგობართან დავტოვე – მახათას მთაზე. საერთოდ, არც ერთ წელს ისე არ ჩაუვლია, ძაღლი არ მყოლოდა. ჩემი ორი ფრანგული ბულდოგი მანქანამ გაიტანა, ორივეს ჯესი ერქვა, მაშინვე სხვა მოვიყვანეთ. ახლა რომელიც მყავს, ამავე ჯიშის მესამე ძაღლია და დაღუპული ძაღლების პატივსაცემად ამასაც ჯესი დავარქვი.

– ალბათ, ცხოველებისადმი სიყვარული ოჯახში გაგიღვივეს…
– ბაბუასა და მამას ძალიან უყვართ ძაღლები. ასე ვთქვათ, ცხოველებისა და კერძოდ, ძაღლებისადმი სიყვარული ჯიშში გვაქვს. პატარა ძმისშვილები მყავს, რომლებიც აფანატებენ ძაღლებზე.

– ბადი, ჯესი და ჰერა ერთად როგორ თავსდებიან?
– როგორც გითხარით, ბულდოგი მოსიყვარულე, მშვიდი და ”დასტოინია”, ლაბრადორი ცანცარაა, გიჟივით დარბის და სულ თამაშს ითხოვს. ჰერა ახლა ”წამოიჩიტა”, ორ დიდ ძაღლს დასდევს და მათთან ერთად ერთობა. სხვათა შორის, მეგონა, ლეკვს არ მიიღებდნენ, იეჭვიანებდნენ, მაგრამ ჯესი და ჰერა ორივე ტანით პატარაა და ერთმანეთის გარეშე აღარ სძინავთ, ერთად ჭამენ და სულ თამაშობენ. ჯერჯერობით კონფლიქტი არ ჰქონიათ. ჰერა დიდი გაიზრდება, შეიძლება, ავი იყოს, რადგან ასეთი ხასიათის მშობლები ჰყავს. ამის თავიდან ასაცილებლად ვცდილობ, შევაჩვიო ძაღლებს, ადამიანებს და იყოს კონტაქტური. აგრესიული ძაღლები არ მიყვარს. ძაღლი ადამიანის გვერდით უნდა იყოს თბილი, ერთგული და არავითარი სურვილი არ მაქვს, ოჯახში მოსულ სტუმარს ზიანი მიაყენოს.

– ძაღლების ბევრს ეშინია, ყოფილა შემთხვევა, მეგობარს უთქვამს, შენთან არ მოვალ, რახან სამი ძაღლი გყავსო?
– მეგობრებთან ეს პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩემი მამიდაშვილები ჩემთან არ მოდიან იმის გამო, რომ ოჯახში ძაღლები გვყავს. დროის უქონლობის გამო, როცა სულ ვცეკვავ, მათთან სტუმრობას ვერ ვახერხებ. დღის განმავლობაში გვიან ვიცლი და ასეთ დროს შეიძლება, ბავშვს ეძინოს და არ ვაწუხებ. რასაკვირველია, ეს ცუდია და მომავალში რაღაცნაირად უნდა შევძლო გამოსწორება. მამიდაშვილების შვილებს დისშვილებს ვეძახი, გოგონებს სულ ვთხოვ ბავშვების ჩემთან მოყვანას და როცა სტუმრობას დააპირებენ, ერთი საათით ადრე მირეკავენ, რომ ბადი დავაბა, ჯესი მანქანაში ჩავკეტო და ახლა უკვე ჰერაზეც აქვთ პრობლემა. ძაღლს მაღალი ბეწვი აქვს და ეშინიათ, ბავშვმა არ გადაყლაპოს. არადა, ჩემი ძმისშვილები გულში იხუტებენ ჰერას და სულ კოცნიან. ჩემი ძმაც არ უშლის შვილებს ძაღლთან ყოფნას, მაგრამ, როგორც ჩანს, გოგონები მაინც სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს.

– ეზოიან სახლში გაცილებით ადვილია ძაღლების მოვლა…
– ჩემი ძმა სანამ დაოჯახდებოდა, კორპუსში ვცხოვრობდით. ბებია და ბაბუა – კერძო ბინაში. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მე კერძო ბინაში გადავედი და უკვე გამიჩნდა მუღამი, ბევრი ძაღლი მყოლოდა. თავიდან რთულია, ძაღლი წესრიგს შეაჩვიო, ერთ ადგილას მოისაქმოს, მაგრამ ცხოველებისადმი და კერძოდ, ძაღლებისადმი სიყვარულმა გადასძლია და ყველანაირ პრობლემას გავუმკლავდით.

– რეზიკო, სხვა ცხოველი ან ფრინველი თუ გყოლია?
– კი, თუთიყუში გვყავდა, რომელიც ჩემს ძმას სიცივეში აივანზე დარჩა და ჩვენი თუთიყუში ამირანივით გმირულად დაეცა (იცინის). კატასთან ვერ ვმეგობრობ და არასოდეს მყოლია. არც ფრინველები მიზიდავს. პიროვნება ვარ ისეთი, რომ ძლიერი ცხოველები მიყვარს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძაღლების გარდა ვერაფერს მოვუვლი.

– მონადირე ძაღლები თუ გყოლია?
– ბაბუაჩემს ნადირობა უყვარდა და დრათხარი ჰყავდა, მაგრამ თბილისში რთულია გყავდეს ამ ჯიშის ძაღლები. ალბათ, აუცილებელია, სანადიროდ დადიოდე და თან დაგყავდეს, სხვა შე-მთხვევაში ცოდოა. ჩემს მეორე ბაბუას, რომელიც კახეთში ცხოვრობს, ჰყავს მონადირე და სანადიროდაც დაჰყავს. ნადირობა მეც მიყვარს, მაგრამ ამას მხოლოდ ზაფხულში ვახერხებ. ძაღლს, რომელიც სულით მონადირეა, თბილისში ვერ გავტანჯავ.

– შენი სამი ძაღლიდან რომელია ძუ და რომელი ხვადი? ჰერა, ალბათ, ”გოგონაა”…
– დიახ, ჰერა და ჯესი ”გოგონები” არიან, ბადი – ”ბიჭი”. ერთი ვაჟკაცი გვყავს სახლში, რომელსაც ორი ანჩხლი დედაკაცი ჰყავს გვერდით (იცინის).

– რეზიკო, ძაღლების მოსავლელად დიდი დროა საჭირო…
– კი, ყოველ დილას ადრე ვდგები. მიუხედავად იმისა, რომ 1000 კვადრატული მიწა მაქვს, ძაღლებს მაინც არ ჰყოფნით და გასასეირნებლად გარეთ გაყვანა გვიწევს, ხან მე და ხან მამაჩემს. იმისათვის, რომ ძაღლებმა თავი თავისუფლად იგრძნონ, მანქანით მიმყავს თბილისის ზღვაზე, იქ არსებულ ტერიტორიაზე დარბიან და თავის გემოზე ერთობიან.

– უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებ, მეოთხე ძაღლი შემატო ”სამეულს”?
– ჯესი ორსულადაა, დაველოდებით ხუთი ლეკვის დაბადებას. მათგან მინიმუმ ერთს მაინც დავიტოვებ ჩემთვის. იმდენად მიყვარს ძაღლები, რომ ჩემები წინააღმდეგობას არ მიწევენ (იღიმის). ორჯერ რომ დამეღუპა ძაღლი, ნახეს, რომ დეპრესია დამეწყო. მაშინ 14 და 16 წლის ვიყავი და მომხდარი ძალიან ტრაგიკულად აღვიქვი. იციან, ძაღლის გარეშე არ შემიძლია და არაფერს ამბობენ. ოთხი წლის წინ, სწორედ 3 თებერვალს მაჩუქა მამაჩემმა დაბადების დღეზე ჯესი. მე 26 წელი შემისრულდა და მას – 4. დილით დედამ ტორტი მაჩუქა. მე და ჯესიმ ერთად აღვნიშნეთ. ტორტი გავჭერი, ერთი ნაჭერი ჯესიმ მიირთვა და ერთიც მე შევჭამე.

– და ძაღლებისთვის ტკბილეულის ჭამა რომ არ შეიძლება?
– ჩემი ძაღლებისთვის ყველაფერი შეიძლება. დაიჯერებთ? ჩემი ძაღლები ჭამენ ტყემალს, კომბოსტოს, ტოლმას… ზოგჯერ ფეხსაცმელებსა და პლასტმასებსაც. ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც კვირაში ორჯერ ყიდულობს ძაღლის საჭმლის 50-კილოიან ტომარას, რომ მათ საჭმელი არ მოაკლდეთ. მეჩხუბებიან და მეუბნებიან, რომ ძაღლს გრამებით უნდა მივაწოდო საკვები, მაგრამ ასე არ შემიძლია, სანამ ჭამით არ დაიღლება და თავს არ ჩამოდებს, საკვებს მანამდე ვუყრი. უზომოდ ბევრს ჭამენ და ამ თვალსაზრისით, მსუნაგი ძაღლები მყავს

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი