რეალურად რაში გადაახდევინეს 500 ლარი არაბ მამაკაცს ბათუმის ღამის კლუბში

101
SHARE

სამი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ბათუმის ღამის კლუბში გაცემული 500-ლარიანია ჩეკია ასახული, მითქმა-მოთქმა კვლავ არ წყდება. არაბი ბიზნესმენი აბდულ აზიზი Palitratv.ge-სთვის მიცემული ინტერვიუში აცხადებს, რომ მან კლუბში მხოლოდ ერთი ჩაი შეუკვეთა, რაშიც ჯერ 700 ლარის გადახდა მოსთხოვეს, შემდეგ კი 500 ლარი ძალდატანებით გადაახდევინეს.

AMBEBI.GE ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე არსებულ დისკო კლუბ “დუბაის” ესტუმრა, სადაც ეს ამბავი მოხდა. კლუბის თურქი მენეჯერი და სტრიპტიზის მოცეკვავე ყვებიან, რომ მომხმარებელმა მათთან სრული სერვისით ისარგებლა და მხოლოდ ერთი ჩაისთვის 500 ლარის გადახდა არავის მოუთხოვია. დისკო კლუბ “დუბაის” მენეჯერი ჯენგიზ აკგუნი აცხადებს, რომ არაბი მამაკაცი სტრიპტიზის მოცეკვავესთან ერთად ატარებდა საღამოს:
“დღეს ვნახე ეს კაცი ინტერნეტში. ფეისბუქზე, ვიღაცეები აზიარებდნენ ჩეკის ფოტოს. ეს მართალია, მან გადაიხადა 500 ლარი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია 500 ლარი გადაეხადა ერთ ჩაიში? არავინ გადაიხდის ერთ ჩაიში 500 ლარს. მე ხშირად გავდივარ და შევდივარ კლუბში, დეტალები არ ვიცი, რომელი სტუმარი რას უკვეთავს, მაგრამ ვიცი, რომ ის იჯდა სტრიპტიზიორ ქალბატონთან ერთად. ისინი ერთად ისხდნენ და სვამდნენ. სტრიპტიზის მოცეკვავემ აიღო ტეკილა და კოქტეილი. ბათუმში ყველა ღამის კლუბში ერთნაირი სისტემაა, როცა ზიხარ და უკვეთავ მაგალითად ლუდს, ვისკის, არაყს, მიმტანი ჩიფსს, თხილს, ყველს, ხილს და მსგავს რაღაცეებს ჩამოატარებს მაგიდასთან, მაგრამ თუ ეტყვი, რომ არ გინდა მიმტანი წაიღებს, თუ დაიტოვებ მაგიდასთან და შეჭამ, მოგიწევს გადახდა. მას მხოლოდ ერთი ჩაი არ დაულევია, ეს არ არის მართალი”, – აღნიშნა ჯენგიზ აკგუნიმ.

მენეჯერი ადასტურებს, რომ თავდაპირველად სტუმარს 700 ლარის გადახდა მოსთხოვეს, მაგრამ შემდეგ ფასი დააკლეს:

“იმიტომ დავაკელით, რომ ჩვენ არ გვინდა ცუდი რეკლამა და რაიმე პრობლემები. თუ მომხმარებელს არ

აქვს საკმარისი ფული, ჩვენ ვუკლებთ, იმიტომ, რომ არ გვინდა ხალხმა ჩვენს კლუბზე ცუდად ილაპარაკოს”, – აღნიშნა ჯენგიზ აკგუნიმ.

არაბ ბიზნესმენთან აბდულ აზიზთან საღამო დისკო კლუბის სტრიპტიზის მოცეკვავე მორენამ გაატარა. მორენა იხსენებს, რომ საღამო არაბი მამაკაცის მაგიდასთან გაატარა:
“ეს კაცი მოვიდა როგორც მომხმარებელი. დავსხედით ერთად, კოქტეილი, ხილი, ვისკი, ენერგეტიკული სასმელი შევუკვეთეთ. ვფიქრობ ნორმალური კაცი იყო, ვისხედით, ვსაუბრობდით, ვცეკვავდი. ყოველთვის ასე ხდება. ვსხდებით, ვსვამთ, ვცეკვავ, შემდეგ იხურება ანგარიში და მიდიან. მე არ ვიცი, მან გადაიხადა თუ არ გადაიხადა, მე ვცეკვავდი და ჩემი საქმე არ არის გადაიხდის თუ არ გადაიხდის, დახურავს თუ არა ანგარიშს. ვისკის, ხილს, არაყს, ყოველთვის უკვეთავენ მომხმარებლები, მაგრამ მე არ მეხება ამის გადახდა”, – აღნიშნა მორენამ, რომელიც ბათუმში 5 წელია მუშაობს.

წყარო: ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი