რატომ არის სამხრეთ კავკასიაში სექსშოპების თემა ტაბუირებული და სად იყიდება საქართველოში სექსშოპის პროდუქცია

510
SHARE

ბევრ განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც კი სექსშოპი ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი მაღაზიები არსებობს და მათ მომხმარებელიც ჰყავთ, მაგრამ ეს თემა სამხრეთ კავკასიაში ამ დრომდე ტაბუდადებულია. ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ჟურნალისტებმა ეს საკითხი აზერბაიჯანული „ბი-ბი-სისთვის“ შეისწავლეს.
საქართველო: სექსშოპი, როგორც „ეშმაკის ნაშიერი“
სანამ ამ თემაზე სტატიის წერას დავიწყებდით, სოციალურ ქსელებში ამ საკითხის ირგვლივ დისკუსიას თვალი გადავავლეთ. მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევდა, რომ სექსშოპის „სათამაშოები“ არაფერშია საჭირო. ნაწილი თვლიდა, რომ ეს ცოდვაა. მაგრამ, უმეტესობის აზრით, ასეთი პროდუქცია საჭიროა, უბრალოდ თბილისი პატარა ქალაქია და არავის სურს, ვინმე ნაცნობმა ასეთი „სამარცხვინო“ ნივთის შეძენისას გამოიჭიროს. აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცები უფრო მკვეთრად უარყოფით პოზიციებს გამოხატავდნენ ამ საკითხზე12540044_1111374338907409_1428807884_n, ვიდრე ქალები. ქალები მათთან შედარებით უფრო ღიადაც საუბრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი გაბედული ქალბატონი თბილისში სექსშოპის მაღაზიის ყოფილი მეპატრონე აღმოჩნდა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.
„შემიძლია გითხრათ, რომ მაღაზიაში ბევრი ხალხი შემოდიოდა და საქონელიც კარგად იყიდებოდა, მაგრამ სანამ შემოვიდოდნენ, იწევდნენ საყელოებს და, შეძლებისდაგვარად, სახეს მალავდნენ. ჩვენთან ჩამოდიოდნენ რაიონებიდან და სოფლებიდანაც, შემდეგ კი სამადლობელ წერილებს გვწერდნენ. სექსში ხომ არაფერია არაბუნებრივი, ბუნებრივ მოთხოვნილებებს კი ვერსად გაექცევი. ჩვენი პროდუქცია ბევრს დაეხმარა. ბევრისთვის სექსშოპი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა იყო“,- აცხადებს მაღაზიის ყოფილი მეპატრონე.
„ჩვენი მაღაზიის პირველი დარბევის შემდეგ გვთხოვეს, რომ მაღაზია სხვა რაიონში გადაგვეტანა, რათა საზოგადოება არ გაგვეღიზიანებინა. ამის შემდეგ სექსშოპი ბევრად უფრო კომპაქტური სახით ბევრად მოკრძალებულ ადგილას გადავიდა.
მაგრამ ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში მეორედ დაგვარბიეს“, – იხსენებს მაღაზიის მეპატრონე.
„მოიჭრა ხალხის მასა ჩვენს მაღაზიასთან ხის ჯვრებით და გაანადგურეს ჩვენი მაღაზია. დაზიანება მიიღო ჩვენმა გამყიდველმაც. ისინი ყვიროდნენ, რომ სექსი ესაა „ეშმაკის ნაშიერი“ , გაიძახოდნენ, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში დაუშვებელია ასეთი ნივთებით ვაჭრობა და სატანის ბავშვებს გვეძახდნენ“,- იხსენებს მეპატრონე.
მას შემდეგ, რაც ჩვენი მაღაზია დალუქეს, პოლიციამ სთხოვა მეპატრონეს, მოეხდინა ეკლესიის პროვოცირება და ვაჭრობა შეწყდა.
ვირტუალური „კუპიდონი“
საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც სექსშოპის გახსნას კრძალავს. სამართლიანობისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში ორი ვირტუალური სექსშოპი- „სექსმარკეტი“ და „კუპიდონი“ არსებობს, რომელთაც საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გააჩნიათ.
„დამრბევლებს შორის, სხვათა შორის, ჩვენი მაღაზიის მუდმივი მომხმარებლებიც იყვნენ. თქვენ გგონიათ, ამ ამბიდან თუნდაც 15 წლის შემდეგ ასეთი მაღაზიის გახსნას აზრი აქვს? ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გავხსნიდი, მაგრამ არა საქართველოში. ხალხის მენტალიტეტი არ შეცვლილა, ძალიან პატრიარქალური ქვეყანაა“,- აცხადებს მაღაზიის ყოფილი მეპატრონე.
სომხეთი: მხოლოდ ვირტუალური
ერევანში მრავალი სექსშოპია, თუმცა თქვენ მას გარეთ ვერსად წააწყდებით, რადგან ის მხოლოდ ინტერნეტსივრცეში არსებობს. საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც კანონით აკრძალული არ არის სექსშოპის გახსნა.
ერევანელების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექსშოპი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მათი თქმით, საქონელი უმეტესად ჩინეთიდან შემოდის, მაღალი ხარისხის ძვირი ღირს და ამის საშუალება ბევრს არ აქვს, მასობრივად კი დაბალი ხარისხის საქონელი იყიდება.
როგორც ფსიქოლოგი შამირამ რშტუნი აცხადებს, სომხური სექსშოპების ძირითად კლიენტებს ირანელები წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთი ვირტუალური მაღაზია ჟურნალისტმა იხილა კიდეც. საიტი ინგლისურად, რუსულად და სომხურად მუშაობს. ასორტიმენტი კი მომხიბვლელია. აქ მთელი სპექტრია ვიბრატორების, მასტურბატორების და სექსუალური ნეტარების მისაღწევი სხვა საშუალებების. რაც შეეხება იმას, რატომ არ არის ასეთი მაღაზიები ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრებში, კულტურის ანთროპოლოგების განცხადებით, რომც იყოს მასში შესვლას ვერავინ გაბედავს, რადგან ამის შესახებ იმავე დღეს მთელს ერევანს ეცოდინება და ყველა იჭორავებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ასეთ ნივთებს მოიხმარს.
აზერბაიჯანი: „პორნოგრაფიული მასალები“
აზერბაიჯანში სექსი არის, მაგრამ შოპი არ აქვთ. ისმის კითხვა, საერთოდ, აუცილებელია კი ამ ტიპის მაღაზიების არსებობა? გინეკოლოგი ზაფირა კულიევა, რომელსაც სხვადასხვა რისკჯგუფებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აცხადებს, რომ სექსშოპების არსებობა ბევრ მარტოხელა ქალს და მამაკაცს ცხოვრებას გაუიოლებდა. მაგრამ, მისივე თქმით, მსგავსი პროდუქტები მარტო მარტოხელებს არ სჭირდებათ.
„ ინტიმური ურთიერთობიდან რაღაც დროის მერე ყველა წყვილს უჩნდება საჭიროება, ექსპერიმენტებს მიმართონ. ჩვენი მამაკაცები ამ მხრივ არ გამოირჩევიან. მათ ცოლთან მრავალფეროვან ურთიერთობებს ურჩევნიათ სექსმომსახურეებს მიმართონ, ან საყვარელი გაიჩინონ. ეს უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და წყვილს შორის სექსუალურ ლტოლვას აქრობს. სექსშოპის პროდუქციის დახმარებით წყვილებს შეუძლიათ ათასგვარი ახალი გასართობი მოიგონონ. ეს მათ ინტიმურ ცხოვრებას გაამდიდრებს“,- აცხადებს ექიმი.
თუმცა ზაფირა კულიევა ასეთი მაღაზიების აზერბაიჯანში გახსნას რეალურად არ მიიჩნევს.
„არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსშოპების გახსნა შესაძლებელია. ხალხს შეეშინდება და არ შევა ასეთ მაღაზიებში“,- აცხადებს კულიევა. აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 242 მუხლის თანახმად, პორნოგრაფიული მასალების, საგნების და რეკლამების დამზადება, გავრცელება – გაყიდვა დანაშაულად ითვლება. ხოლო ის საქონელი, რომელიც სექსშოპებში იყიდება პორნოგრაფიულ მასალებად და პროდუქციად ითვლება, შესაბამისად, მსგავსი მაღაზიის გახსნის შემთხვევაში მეპატრონეს სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევს და მაღაზიის საქმიანობა უკანონოდ გამოცხადდება.

FB კომენტარები

კომენტარი