რას ნიშნავს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ნულოვანი ბარიერი – ყველაფერი, რაც 2020-სთვის უნდა ვიცოდეთ

685
SHARE

დღეს მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, თანაც ნულოვანი ბარიერით დააანონსა.

“2020 წელს ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ, სრულად გავაუქმოთ პროცენტული ბარიერი და იმედი გვაქვს, ამ გზით მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ოპოზიცია დიდი ხანია, ითხოვს. მოთხოვნას შეურთდა საზოგადოების ნაწილი, რომელიც 4 დღეა, რუსთაველის გამზირზე იკრიბება და სხვა მოთხოვნებს შორის ერთ-ერთ უმთავრესად პროპორციულ არჩევნებს ასახელებს – მოთხოვნა შესრულებულია. ისღა დაგვრჩენია, გავერკვეთ, მაინც რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები და ნულოვანი ბარიერი.

ძირითადი საარჩევნო სისტემები

რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?

არჩევნების პროპორციული სისტემა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის – ევროპის ქვეყნებშიც : გერმანია, ისრაელი, იტალია, პორტუგალია.

აღნიშნული სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე – მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში.

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი?

პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის ანუ პარლამენტში ერთი ადგილის მისაღებად დათვლილი ბიულეტენების საერთო რაოდენობის მინიმუმ 0,7% დასჭირდება.

მაგალითად, თუ არჩევნებში დათვლილი ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა არის 1 მილიონი ხმა, ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს ის პარტია, რომელიც 6700 ხმას მიიღებს. რაც მეტი იქნება ნამდვილი ბიულეტენები, მით უფრო გაიზრდება ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობა.

აღნიშნული სისტემით, გამოდის, რომ გვეყოლება მრავალპარტიული საკანონდებლო ორგანო და მცირერიცხოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკურ პარტიებსაც ექნებათ შანსი, 2020 წელს პარლამენტის მანდატები მოიპოვონ.

რა არის პოლიტიკური პარტია და როგორ უნდა დავაფუძნოთ?

პოლიტიკური პარტია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნით იქმნება და, როგორც წესი, საერთო მსოფლმხედველობრივ პრინციპებს ემყარება. საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს უფლებას ანიჭებს, შექმნან პოლიტიკური პარტია ან გაერთიანდნენ და მონაწილეობა მიიღონ მათ საქმიანობაში.

როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური პარტიის შექმნა არც ისე რთულია. იმისათვის, რომ პარტია კანონიერად ჩაითვალოს, საჭიროა, მასში სულ მცირე სამი ადამიანი გაერთიანდეს. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად პარტიამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო).

იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მან რეგისტრაცია უნდა გაიაროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო-ში). პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საკანონდებლო ორგანოში, ვალდებულია, ცესკო-ს წარუდგინოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

 

სოფიო რატიშვილი

FB კომენტარები

კომენტარი