“რამე გვაჩუქა ზვიადმა? დედას ჩაეღიმა და მიუგო – თავისუფლება!!!” – ემოციური ისტორია გამსახურდიაზე

293
SHARE

 სოციალურ ქსელში PR სპეციალისტმა, ლელა კიკალეიშვილმა ​ზვიად გამსახურდიაზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. მრავალ ისტორიათაგან ერთ-ერთი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე.
“.. – რა გვაჩუქა მან? – თავისუფლება!!! ბაფთიანი გოგონა სკოლის ეზოსკენ გაიქცა, გაკვეთილის შესვენების ზარი უნდა ჩამოეკრა! 90-იან წლებში, სკოლებში ხეზე დაკიდებული რკინის ზარები გაკვეთილის დასრულება-დაწყების მახარობელივით იყო! იმ დღეს, რიგი თეთრბაფთიან გოგონასა და მის თანაკლასელ ბიჭს მოუწიათ. მათი საკლასო ოთახი ეზოს წინა და გზის მხარეს გადაჰყურებდა. ის იყო, პირველი ზარი ჩამოკრეს, რომ თანასოფლელების კოლონა ცენტრისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალნი შეამჩნიეს. სკოლის ეზოშიც ჩოჩქოლი ატყდა. დიდი-პატარა, ყველა მის სახელს გაიძახოდა – ზვიადი ჩამოივლის, ზვიადი! … დააგდეს ეს ზარსმობმული თოკი ბავშვებმა და, ამ ნაცნობ-უცნობებთან ერთად, ცენტრისკენ გაიქცნენ. ცენტრი იქვე, სკოლის ეზოს ესაზღვრებოდა. ხეებზე უფროსკლასელები ამძვრალან და ტოტებზე საახალწლო ნათურებივით ჩამომსხდარან – ზოგი ,,მაღაზიის” სახურავზე, ზოგი ეზოს ღობეზე იყო ჩამომჯდარი! საგანგებოდ ემზადებოდა ყველა, რომ ახლოდან დაენახათ ჩვენი დროის თანამედროვე გმირი! ამდენის გააზრება და გაანალიზება ვერ მოახერხა გოგონამ, მაგრამ ხვდებოდა და აცნობიერებდა ამ საერთო ღელვის მიზანს. გაუგია უფროსებისგან, ახლობლებისგან მასზე. მსუბუქი ავტომანქანა შენელდა… და ზუსტად ბაფთიან გოგონასგან 10-15 მეტრი დაშორებით შეჩერდა! მინა ჩაწია ვიღაცამ, კარი გამოაღო და გადმოვიდა! როცა ყველა მათგანი მის ნახვაზე ახლოდან ოცნებობდა, ზვიადი ბაფთიანი გოგონას წინ იდგა! ნაღვლიანი, გაფითრებული, მაგრამ მშვიდი და აუღელვებელი! თავზე ხელი გადაუსვა გოგონას, შემდეგ, კი მშვიდი, ხმით შეკრებილებს მიმართა – ჩვენ გავიმარჯვებთ, მეგობრებო! მადლობა გადაუხადა, ჩაჯდა მანქანაში და ნელ-ნელი სვლით სოფელ ხეთიდან ზუგდიდისკენ გაემართა. ხალხის დიდ კოლონას ფეხდაფეხ დიდხანს მიუყვებოდნენ ბაფთიანი გოგონა და მისი თანაკლასელები. მერე დედისთვის უკითხავს – რამე გვაჩუქა ზვიადმა? რატომ მივყვებით ყველა მის მანქანას უკან? დედას ჩაეღიმა და მიუგო – თავისუფლება!!! … რას გაიაზრებდა 6 -7 წლის გოგონა ამ სიტყვის მნიშვნელობას, მაგრამ აცნობიერებდა იმას, რომ რაღაც დიდ მოვლენა ხდებოდა მის ქვეყანაში! წლები გავიდა… დღეს კი უფროდაუფრო ვხდები, როგორ იცხოვრა ამ წუთისოფელში და აღესრულა სამშობლოსთვის! მადლობა მას სიცოცხლის ფასად მოპოვებული ამ თავისუფლებისთვის! ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი, ბევრი გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ მისი დაწყებული საქმე წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე! მე ისევ იმ ბაფთიან გოგონად დავრჩი, რომელიც 6 წლის ასაკში თავისუფლებას ეზიარა და დღესაც ზვიადის გზის ძიებაშია!!! #ზვიადგამსახურდია80 “, – წერს ლელა კიკალეიშვილი სოცქსელში.
31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

FB კომენტარები

კომენტარი