პრინცესა, დედოფალი და პირველი ლედი

391
SHARE

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი – მიშელ ობამა

ae6fffa5e9914b9e38304ba85ec9232c
ილინოისში, ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. პატარა მიშელს ძალიან დიდხანს ერთოთახიან ბინაში უფროს ძმასთან ერთად ეძინა. გოგონა სანიმუშო მოსწავლე და სტუდენტი იყო. პრინსტონის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ, ჩიკაგოს ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ გაიცნო ბარაქ ობამა. წყვილი 1992 წლის 3 ოქტომბერს დაქორწინდა.
აშშ-ის პირველი აფროამერიკელი პირველი ლედი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებასა და ქვეყნის სოციალურ თუ კულტურულ აქტივობებში. მიშელს, თავისი განუმეორებელი სტილისა და ელეგანტურობის გამო, ხშირად ადარებენ ჟაკლინ კენედის. აშშ-ის პირველ ლედის ხშირად „მოდის პოპულისტადაც“ მოიხსენებენ. არცთუ იშვიათად, მიშელის სტილი და სამოსი უფრო მეტ ყურადღებასა და განხილვას იმსახურებს, ვიდრე ის სოციალური აქტივობები, რომელშიც პირველი ლედი არანაკლები ძალისხმევითა და ენერგიითაა ჩართული. ჟურნალმა Vanity Fair მიშელ ობამა მსოფლიოს 10 ყველაზე გემოვნებიან ქალთა შორის დაასახელა. მიშელი ერთადერთი პირველი ლედია, რომელსაც პატივი ერგო, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული გამოეცხადებინა და ჯილდო გადაეცა (2013 წელი, ფილმი „არგო“). მისი უნაკლო სტილი მუდმივად საზოგადოების განხილვის საგანია. ასე მოხდა პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციის ორივე ცერემონიის შემდეგ, სადაც ის ჯეისონ ვუს ულამაზესი საღამოს კაბებით იწონებდა თავს. მიშელის ფავორიტ დიზაინერთა შორის არიან მაიკლ კორსი, ნარცისო როდრიგესი, იზაბელ ტოლედო და, რა თქმა უნდა, ჯეისონ ვუ.

2015 წლის იანვარში, აშშ-ის პირველი ლედის ჩაცმულობა კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო საზოგადოების განსჯის საგანი, როცა მიშელი საუდის არაბეთის მეფე აბდულას დაკრძალვას თავსაფრის გარეშე დაესწრო. ამ თამამმა და ქვეყნის ეტიკეტისგან მკვეთრად განყენებულმა ფაქტმა არა მხოლოდ საუდის არაბეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამ ჟესტით მიშელმა სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ფემინისტს და საქვეყნოდ დაადასტურა ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობა.

იორდანიის დედოფალი რანია

rania
იორდანიის მეფე აბდულას მეუღლე – რანია, ქუვეითში, პალესტინურ ოჯახში დაიბადა. რანიამ ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც მუშაობდა CITIBANK სა და APPLE-ში. დედოფლის გვირგვინი რანიამ 28 წლის ასაკში დაიდგა. დედოფალი განსაკუთრებულად ცდილობს დაიცვას ქალთა უფლებები თავის ქვეყანაში, დაკავებულია მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვების პატრონაჟით, და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რეფორმების გატარებით ცდილობს, განათლება რაც შეიძლება აქტუალური და პოპულარული გახადოს თავის ქვეყანაში.

ულამაზესი რანია, რომელიც 4 შვილის დედაა, დედოფლის შესაბამის უმაღლეს გემოვნებას, დახვეწილ სტილსა და გრაციოზულობას ავლენს აბსოლუტურად ყველასთან – მაღალი რანგის ადამიანებთან თუ უბრალო მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ის არასოდეს ცდება სტილისა და სამოსის არჩევისას და ყოველთვის ზუსტად იცის, როგორ შეიმოსოს გარემოს შესაბამისად.

დედოფალი რანია ყოველდღიურად, ასევე მაღალი რანგის შეხვედრებისას, დოლჩე და გაბანას, ოსკარ დე ლა რენტას, ფილიპ ლიმის, გუჩის და მსოფლიოს სხვა წამყვანი დიზაინერების ულამაზეს კოლექციებს ირჩევს. წვეულებებზე განსაკუთრებით უყვარს ელი სააბის საოცარი, ჰაეროვანი ქმნილებების მორგება, რომელიც, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ულამაზეს ქალს მართლაც განსაკუთრებულად უხდება.

მონაკოს პრინცესა შარლინი

charlene
მონაკოს პრინც ალბერის მეუღლე – სამხრეთაფრიკელი ლამაზმანი შარლინი ოლიმპიური რანგის მოცურავეა. მან 2006 წელს, ცურვაში შეჯიბრისას მონტე-კარლოში ყოფნის დროს გაიცნო მონაკოს პრინცი, რომელიც მაშინვე მოიხიბლა უმშვენიერესი მოცურავით. სწორედ აქედან იწყება მათი რომანიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წყვილი საკმაოდ გვიან – 2011 წელს დაქორწინდა. მონაკოს პრინცსა და პრინცესას ორი შვილი ჰყავთ.

გარდა იმ მრავალფეროვანი საზოგადოებრივი საქმიანობებისა, რომელსაც პრინცესას ტიტული აკისრებს, მისი უდიდებულესობა ცნობილია საკუთარი გამოკვეთილი, ელეგანტური სტილით და უდიდესი სიყვარულით „არმანის“ საფირმო ნიშნის მიმართ. სწორედ GIORGIO ARMANI PRIVE-ის საქორწილო კაბა ემოსა შარლინს ქორწილში, სადაც ის მართლაც მომაჯადოებლად გამოიყურებოდა.

პრინცესა თითქმის ყოველთვის ესწრება მსოფლიო მოდის კვირეულებს, მიჰყვება სილამაზისა და სტილის უახლეს ტენდენციებს, რომელთაც, არაჩვეულებრივი გარეგნობისა და გემოვნების წყალობით, ყოველთვის უნაკლოდ ირგებს.

შარლინი განსაკუთრებით წყალობს „შანელისა“ და „დიორის“ სამოდელო სახლებს, „მაიკლ კორსს“ და რა თქმა უნდა, „ჯორჯო არმანის“.

ამ ულამაზესი ქალის სტილი, მისი სამოსი და აქსესუარები მუდმივად არის მსოფლიო საზოგადოების განხილვის თემა. „მინდა, მონაკო მსოფლიო მოდის კაპიტალად ვაქციო. უდიდესი სურვილი მაქვს, მსოფლიო მოდის საზოგადოებასა და მონაკოს შორის უწყვეტი და ყოვლისმომცველი კავშირი დავამყარო, რომელიც არასოდეს გაწყდება“, – ამბობს შარლინი.

Comments

comments