“მამაკაცებმა საცურაო კოსტიუმების ჩაცმა დაიწყეს” – ლიზი წიგნაძე

144
SHARE

“მის პლანეტა 2017” – 23 წლის ლიზი წიგნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანები დაკომპლექსებულები არიან: ზოგი პლაჟზე საცურაო კოსტიუმითაც კი არ გადის, რადგან მიიჩნევს, რომ სხეულის იდეალური ფორმები არ აქვს; სამაგიეროდ, საზღვაო სამოსთან დაკავშირებით, ბიჭებს გემოვნება დაეხვეწათ და პლაჟზე, საცვლების ნაცვლად, ახლა საცურაო კოსტიუმები აცვიათ…

– ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია. ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა არ მიყვარს. ამიტომ მსიამოვნებს, როდესაც ზამთრის სამოსს სხეულიდან ვიშორებ. ზაფხული ხალისიანი პერიოდია. ყველა ბედნიერია, თავს კარგად გრძნობს, სამეგობრო იკრიბება… ზამთარში იმდენი გასართობიც არ არის, რამდენიც ზაფხულში.
– როგორ იწყება შენთვის ზაფხული?
ძირითადად, ჩემი ზაფხული ასე იწყება: ჯერ თბილისში ვარ, შემდეგ კი ბათუმში მივემგზავრები, რადგან “აჭარა ფეშენ ვიკი” ტარდება.
– თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?
– სიცხე დიდად არ მიყვარს, ამიტომ რაც შეიძლება გრილ ადგილას ყოფნა მირჩევნია, მაგალითად, აგარაკზე.
– ნაზმეური გიყვარს?
– კი, მიყვარს. აუზზე მივდივარ ხოლმე, ოღონდ – იშვიათად. იმ პერიოდს ველოდები, როდესაც ზღვაზე წავალ და იქ დავისვენებ.
– გარუჯვა შენთვის მოსაწყენი პროცესია?
– გასარუჯად მარტო არასდროს გავდივარ. შესაბამისად, რომ გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვწევარ-მეთქი, სიმართლე არ იქნება. მეგობრებთან ერთად ვარ და ყოველთვის კარგ დროს ვატარებ. ძირითადად, ვსაუბრობთ.
– კარგად ცურავ?
– არა და ამიტომ წყალში ღრმად არასდროს შევდივარ – ყოველთვის ჩემი სიმაღლის შესაფერისად ანუ იქამდე, სადამდეც ფსკერზე ფეხის დადება შემიძლია.
– საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებულ მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებ?
– ჩემი აზრით, როგორი საცურაო კოსტიუმიც გიხდება, ისეთი უნდა გეცვას. თუ არ გიხდება, მხოლოდ მოდური ტენდენციის გამო არ უნდა ჩაიცვა.
– საცურაო კოსტიუმის შერჩევისას, რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას?
– ცისფერი, ვარდისფერი, თეთრი და შავი მომწონს.
– საზაფხულო გარდერობს ყოველწლიურად აახლებ?
– კი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში, უკვე ტენდენციებს მივყვები.
– გარდერობის გაახლებას ბევრ დროს ანდომებ?
– არა, შოპინგით ასეთი გატაცებული არ ვარ. უბრალოდ, როცა რაღაც მომეწონება, ვყიდულობ.
– პლაჟზე შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?
– პლაჟზე მარტო არასოდეს გავდივარ – მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე… როცა გოგონებთან ერთად გახლავართ, შესაძლოა, მოვიდნენ და ყურადღება გამოიჩიონ – მაგალითად, სასმელზე დამპატიჟონ.
– ე.წ. საკურორტო რომანი გქონია?
– არა, არასოდეს, რადგან ძალიან დიდი ხანია, ძირითადად, ზღვაზე სააგენტოდან მივდივარ და სიმართლე გითხრა, დრო არც მაქვს, რომ პლაჟზე მარტო გავიდე, დავისვენო, განვიტვირთო. როცა “ფეშენ ვიკში” ვმონაწილეობთ, შეიძლება, მზის გულზე დაწოლა დღეში მხოლოდ ერთი საათით მოვასწროთ. როცა “ფეშენ ვიკი” სრულდება, ბათუმში მეგობრებთან ერთად ვარ და ყურადღებას სხვას არავის ვუთმობ.
– მშობლების გარეშე, პირველად დასასვენებლად როდის და სად გაემგზავრე?
– სულ მშობლების გარეშე დავდივარ (იცინის). ალბათ, 15-16 წლის ვიყავი, როცა სააგენტოდან ბათუმში წავედი. ძალიან კარგი შეგრძნება იყო, პირველ რიგში – თავისუფლების. საერთოდ, ზღვაზე მარტო დასვენება არც მიყვარს. შეიძლება, მთაში წავიდე მარტო და იქ დავისვენო.
– ზაფხულობით მთაში ხშირად მიდიხარ?
– ყოველ წელს დავდივარ, მაგრამ დიდი ხნით – არა. მთაში ერთ კვირას ვატარებ ხოლმე: სიწყნარეში ვარ, მუსიკას ვუსმენ. გარემოთი უფრო ვტკბები, ვიდრე გასართობებით. საერთოდ, სიმშვიდე მიყვარს.
– დასასვენებლად უცხოეთში არ მიემგზავრები?
– წელს ვაპირებ. ალბათ, თურქეთში გავემგზავრები.
– ზაფხულისთვის სხეულს განსაკუთრებულად ამზადებ?
– არა. ვცდილობ ვივარჯიშო, მაგრამ რატომღაც, არ გამომდის – ამ საკითხში ზარმაცი ვარ. ალბათ, სხეულის განსაკუთრებული მოვლა არც მჭირდება, რადგან არც წონას ვუჩივი, არც – უფორმობას. ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს. არ მიყვარს, როცა ადამიანებს რაღაცით აკომპლექსებენ. ბევრი მინახავს, ვინც შეიძლება, ზღვაზე საცურაო კოსტიუმით არც დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითად, სიმსუქნის პრობლემა აწუხებს. ეს საქართველოშია, რომ აუცილებლად მაგარ ფორმაში უნდა იყო, თორემ შენკენ ხელს გამოიშვერენ და დაგცინებენ – ეს არ მომწონს.
– ქართველი ბიჭების საზღვაო სამოსს როგორ შეაფასებ?
– ცოტათი რთულია, ბიჭების ჩაცმულობა შევაფასო, რადგან ამ მხრივ, დიდად დაკვირვებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ თავის მოვლა ისწავლეს. ახლა ბევრად უფრო დახვეწილები არიან, ვიდრე წინათ იყვნენ, როცა ზღვაზე საცურაო კოსტიუმებით კი არა, ჩვეულებრივი საცვლებით მოდიოდნენ (იცინის). ახლა დაიხვეწნენ და საცურაო კოსტიუმების ჩაცმა დაიწყეს.
– საქართველოში შენი ფავორიტი დასასვენებელი ადგილი რომელია?
– მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კარგი ადგილი გვაქვს, ჩემი სამეგობრო წრე ძირითადად, ბათუმშია. ზოგს თბილისში ვერც ვნახულობ, იქ კი ყველა ერთად ვიყრით თავს.
– და როგორ ერთობით?
ალკოჰოლი არ მიყვარს, ამიტომ არ ვეტანები. სამაგიეროდ, ცეკვა ძალიან მომწონს. კარგ ადგილას მივდივართ, სადაც კარგი ბენდი უკრავს – “ცოცხალი” მუსიკა მიყვარს.
– შეგიძლია გაიხსენო ყველაზე მცირე თანხა, რაც სამოგზაუროდ წასულს გქონია?
– რამდენ ხანსაც დარჩენას ვაპირებ, თანხაც შესაბამისი მიმაქვს. ალბათ, ყველაზე მცირე 700 ლარი იყო და დაახლოებით 4 დღე მეყო.
– დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი გაიხსენე…
– ალბათ, 2016 წლის ზაფხული, როცა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, ბათუმში ძალიან კარგი დრო გავატარე. კონკურსი – “მის და მისტერ პლანეტა” ტარდებოდა. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა და ერთად ვერთობოდით. ყოველდღე ექსკურსია გვქონდა, ბევრი კარგი ღონისძიება ტარდებოდა. რაც მთავარია, ლამაზ საღამოებს ვაწყობდით, სადაც არა მარტო ჩვენ, დამსვენებლებიც კარგად ერთობოდნენ. იმდენი ლამაზი გოგო იყო ჩამოსული, რომ ეს ამბავი ახარებდათ.
– დასასვენებლად გამგზავრებისთვის მოსამზადებლად რამდენი დრო გჭირდება?
– 1 საათი (იცინის). თუ დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე, შემიძლია, უცებ გავთვალო, რა მჭირდება და რა – არა, გადმოვიღო ჩემოდანი, რომელიც მანამდე კარადის თავზე დევს და ყოველდღე ვუყურებ, ველოდები, როდის გავხსნი… სიმართლე გითხრა, ზოგჯერ მოსამზადებლად საათიც არ მჭირდება.
– რა აუცილებელი ნივთები მიგაქვს თან?
– ჩემი პრობლემა იცი, რა არის? აბსოლუტურად ყველაფერი მიმაქვს (იცინის). რატომღაც, ისე ხდება, რომ ერთი ჩემოდანი მიმაქვს, უკან დაბრუნებისას კი ჩემოდანში ტანსაცმელი აღარ ეტევა და შინ ჩემოდნითა და სამი პარკით ვბრუნდები. რა ემართება, არ ვიცი (იცინის). იმ ტანსაცმლის მესამედსაც არ ვიცვამ, რაც მიმაქვს ხოლმე. ჭკუასაც ვერ ვსწავლობ – ყოველ ჯერზე მაინც ყველაფერი მიმაქვს.
– აბა, რომ მითხარი, ზუსტად შემიძლია გავთვალო, რა მჭირდება და რა – არაო?
– ანუ მგონია, რომ ყველაფერი მჭირდება (იცინის). უბრალოდ, რატომღაც, იქ ყველაფერს აღარ ვიცვამ.
– ლაშქრობაში ყოფილხარ?
– ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ბაზალეთისკენ წავედით, მაგრამ ცუდი ამინდი დაემთხვა – წვიმა დაიწყო და მთელი ღამე კარავში ვისხედით, ვერ გავერთეთ. მეორე დღეს სიცხე მქონდა, გავცივდი… კარვით ჩემი გასეირნება ცუდად დასრულდა, თუმცა ვფიქრობ, მეგობრებთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე წასვლა, კარვის გაშლა და დასვენება ყველაზე მაგარია!..

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

Comments

comments