ლელა ნინუას, ჰოლივუდის ფილმის გარდა, ახალ ქართულ ფილმ “ციცინათელებში” გადაიღებენ

426
SHARE

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ბექა სიხარულიძე ფილმის გადაღებას აპირებს. ჰოლივუდმა უკვე დაამტკიცა სცენარი, რომელიც მისივე ავტორობით შეიქმნა.
დეკემბრის დასაწყისში მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდება. ეს რეჟისორისთვის მეორე ფილმია, ხოლო ნოველა – “ბაბუს მევალე” 7 ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ფილმის გადაღება არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმება.
ფილმის სიუჟეტი საავადმყოფოში ვითარდება. ლელა ნინუა ექიმის როლში გვევლინება.

ლელა ნინუა: “ჟანრობრივად მრავალფეროვან ფილმს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები ერთვის. ბექა სცენარს არავის აკითხებს, სანამ მოსამზადებელი სამუშაოები არ დამთავრდება. ამიტომ არის არაორდინალური რეჟისორი და ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მასთან მუშაობა საინტერესო იქნება. ბექას სურს, რომ ჰოლივუდს სუფთა ქართული პროდუქტი შესთავაზოს და მომავალ თაობას ჭეშმარიტი ფასეულობები და ღირებულებები დაანახვოს.”
ლელასთან საუბარში გაირკვა, რომ სექტემბრის ბოლოს ლევან ანჯაფარიძის რეჟისორობით ახალი ფილმის, “ციცინათელების” გადაღება იგეგმება. მთავარ როლზე ლელა ნინუაა დამტკიცებული. სცენარი, რომელიც ზაურ კალანდიასა და ლევან ანჯაფარიძეს ეკუთვნის, რეალურ ისტორიებზეა აგებული და აფხაზეთის ომზე მოგვითხრობს.
„ეს ფილმი იმაზეა, რომ კაი ყმა ყველა დროს ჰყავს და არიან გმირები, რომლებიც ყველას უნდა გვახსოვდეს“,-აღნიშნავს ლელა ნინუა.
ფილმის იდეის შესახებ ლევან ანჯაფარიძე საუბრობს:
“ფილმის გადაღება გადავწყვიტე, იმიტომ, რომ აფხაზეთის პრობლემა ჯერ არ მოგვიგვარებია… ჩემს ფილმს შეუძლია დიდი და დადებითი როლის შესრულება ამ კონფლიქტის მოგვარებაში. სიუჟეტი მთლიანად ადამიანის მორალზე, სიყვარულზე, ურთიერთგატანასა და შეცდომების მიტევებაზეა აგებული, რაც საქართველოს გაერთიანების საწინდარია.
რაც შეეხება ლელას გმირს, მე, პირადად, ლელასთან, როგორც მსახიობთან, არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ ჩემს სცენარში არის ასეთი ამბავი: აფხაზ გოგონას ქართველი შეყვარებული ჰყავს.
ეს არის ძალიან დრამატული და, ამავე დროს, მკვეთრი და გადამწყვეტი როლი. გოგონა, სახელად ასტანდა და მისი ქართველი შეყვარებული ბიჭი, გუგა მოხვდებიან იმ გარემოში, რომელსაც ომი და გაუტანლობა ჰქვია. მათი სიყვარულის ფონზე ნაჩვენებია ურთიერთთავგანწირვა და ვაჟკაცობა.”
„კვირა+“-ს კითხვას, თუ რატომ ჰქვია ფილმს “ციცინათელები”, ლევან ანჯაფარიძე პასუხობს:
„ციცინათელები“ ჩემთვის ის ადამიანები არიან, რომლებზეც მე ამ ფილმით ვყვები. ეს ადამიანები დღესაც ანათებენ და ღირსნი არიან, რომ მათზე შეიქმნას მოთხრობები, ლექსები, ფილმები… მსახიობთა საუკეთესო ანსამბლით და ამ იდეით, ვფიქრობ, ქართველ და უცხოელ საზოგადოებას ძლიერი ფილმის ნახვა ელის!“

FB კომენტარები

კომენტარი