ინტერვიუ “ფორმულა კრეატივის” გუნდის წევრთან – მაიკო გაგუა „უკან ბავშვობაში“

34
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია “ფორმულა კრეატივის” გუნდის წევრი მაიკო გაგუა: 

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ალბათ, 7-8 წლის ასაკში მასწავლა ჩემმა ძმამ. სამწუხაროდ, ძალიან მშიშარა აღმოვჩნდი და რაც ერთხელ გადმოვვარდი ველოსიპედიდან, მას მერე აღარც გავკარებივარ.

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

– ზოგადად, ძალიან არასპორტული ვარ და, შესაბამისად, არც ცურვა ვიცი, ბავშვობაში ტალღამ გადამიარა და მას მერე წყლის შიშიც დამრჩა.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..

– დენდი იყო პირველი საბავშვო ტექნიკა, რასაც ვეზიარე და დღემდე ძალიან მიყვარს, სიამოვნებით ვითამაშებდი ახლაც.

– მუსიკას რითი უსმენდით?

მაგნიტოფონი მქონდა, რომელშიც კასეტები იდებოდა მხოლოდ.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– პირველი მუსიკალური თოჯინა, რომელიც ბორბლებით მოძრაობდა, საყურეები უნათებდა და თან მღეროდა, საოცარი გრძნობა იყო, პირველად რომ დავიჭირე ხელში და დღემდე შენახული მაქვს.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

– ბაღში ძალიან მიყვარდა ეგრეთ წოდებული „ზარმაცუნები“. ჩვეულებრივი ცომის გუნდები იყო მარილიან წყალში მოხარშული. სასაცილოა, მაგრამ დღემდე მახსოვს იმის გემო და არც არსად შემხვედრია მას მერე.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?

– აკრძალვას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ, იმ პერიოდის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა გვიწევდა. განებივრებული ბავშვობა, როგორც უმრავლესობას, არც მე მქონია, ამიტომ დღეს ვცდილობ, ჩემს შვილს ყველა სურვილი შევუსრულო, რაც მე ობიექტური მიზეზის გამო არ მისრულდებოდა.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– მულტფილმ „ტომი და ჯერიდან“ ჯერი მიყვარდა ძალიან.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– „გუდა-გუდაზე“ ვიტირე, კარგად მახსოვს.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– ეს აუცილებელი ატრიბუტი იყო იმ თაობის ბავშვებისთვის, აჭრელებული მქონდა მთელი კედელი და თუ სადმე რამე ახალს ვნახავდი, დაუყოვნებლივ ვამატებდი კოლექციას, ძირითადად მქონდა  Backstreet Boysდან ნიკის,Spice girls-დან ემას პლაკატები.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– ჩემი და ჩემი ძმის ხელჩართული ბრძოლა „კალაბოკის“ სათამაშოს გამო. ერთი „კალაბოკი“ ვერ გავიყავით და ვიომეთ. დაახლოებით 3-4 წლის ვიქნებოდი.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– წრეში ბურთი და რეზინობანა.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– ვერ ვიტყვი, რომ დაწყებით კლასებში სიხარულით დავდიოდი.ახლა რაც მახსენდება ყველაზე სასაცილოდ, სკოლის გასაცდენად მაღალი სიცხე მოვიმიზეზე და ამის დასამტკიცებლად თერმომეტრი მივადე გახურებულ ნათურას, იმდენად დიდხანს მქონდა მიდებული, ვერ მოვზომე და თერმომეტრი გასკდა, თერმომეტრიც დავკარგე და სკოლაში წასვლაც არ ამცდა.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

– ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, ძირითადად სულ მოწესრიგებული დავდიოდი გაკვეთილებზე.

– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– ამოჩემებული ტანსაცმელი არ მქონია, პირიქით, სულ ვცდილობდი, სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანი ტანსაცმელი მცმოდა.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

– კი, ხშირად ვიყენებდი დედის სამკაულებს გასაპრანჭად.მხოლოდ სახლში, რათქმაუნდა.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ. სიტყვით გამოსვლა ხალხში არასდროს მიყვარდა.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ორივეზე დავდიოდი იძულებით, ფორტეპიანოზე და ბალეტზე. ფორტეპიანოდან გამომიყვანეს, როცა მიხვდნენ, რომ ვეწამებოდი და ტირილით დავდიოდი გაკვეთილებზე. ბალეტზე გამოცდაზე ჩავიჭერი და ბედნიერი სახით დავტოვე იქაურობა.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– ალბათ, უფრო ბუნტისთავი.

FB კომენტარები

კომენტარი