ილო ბეროშვილი: საშინელი გასაანალიზებელი იყო, რომ ვარ მომხმარებელი

1471
SHARE

მსახიობმა ილო ბეროშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის ნარკომომხმარებელი იყო.
მისი თქმით, პირველად მარიხუანა გასინჯა, რის შემდეგაც მძიმე ნარკომანიას მიჰყო ხელი.
„მე ხომ ფეხბურთელი ვიყავი, 24 წლის ასაკამდე სიგარეტსაც არ ვეწეოდი. მერე ტრავმა მივიღე, ამის გამო სტერსში ვიყავი… მერე ბოჰემურ წრეში მოვხვდი, მათი ცხოვრების წესი ნაწილი იყო ეს… იქ მიღებული იყო მოსაწევიც, დალევაც… აქედან გაჩნდა ეს პრობლემა ჩემს ცხოვრებაში…
მე ამ თემას არასდროს ვმალავ, ბევრი ადამიანია საქართველოში, ვინც ამას ემსხვერპლა და იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ პრობლემას რაღაცნაირად თავი დავაღწიე, მინდა, რომ რაღაც ვურჩიო ადამიანებს და იცოდნენ, რას უფრთხილდნენ. ახალი თაობა მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტით იყვნენ დაკავებულნი და იგივე შეცდომები არ დაუშვან, რაც მე დავუშვი. როდესაც ამ პრობლემის წინაშეა ადამიანი – უმართავია. ხელოვან ადამიანებს, მუსიკოსებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ „მე ვარ და არა უშავს…“ , ამ თემის რომანტიზება ხდება, იქ კურტ კობეინი, „როლინგ სთოუნსი“ და ამგვარი მაგალითები მოყავს. ფიქრობენ, რომ არა უშავს; როგორც ახლა ხდება, კლუბურ ნარკოტიკზე ჰგონიათ, – „მერე რა“. ელექტრონულ მუსიკასთან არის კავშირში და უბანში ვინც უბრალოდ ნარკომანია, ისინი უფრო ცუდ ტიპებად აღიქმებიან, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივეა ეს… შენ რომ რაღაც უცნაურად გაცვია, უფრო მეტი გემოვნება გაქვს და უფრო მეტი მუსიკა გაქვს მოსმენილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არის ერთნაირი.
როდესაც გავაანალიზე, რომ მე ვარ მომხმარებელი და საბოლოოდ მივხვდი, რომ დამოკიდებული ვარ, ერთი მხრივ, საშინელი გასაანალიზებელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ნელ-ნელა იწყებ აზრზე მოსვლას.
ჩემში რევოლუცია კიდევ ერთმა ფაქტმაც მოახდინა. ჩემი ერთი ძალიან ახლო მეგობარი იყო, ლაშა, იმავე პრობლემით და იმ პერიოდში ერთად გადავიწყვიტეთ, რომ ეს გზა აღარ გაგვეგრძელებინა და ასეც მოვიქეცით. დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ დამირეკა და კიდევ ერთხელ შევცდით… მერე მეორე დღესაც დამირეკა, სახლში ვიყავი და წინა დღის შეცდენილ ამბავს ძალიან ვნანობდი, განვიცდიდი და კვლავ იგივე შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ არ ვიცი, რატომ და უარი ვუთხარი. ერთხელ რომ შევცდით, მოდი აღარ გვინდა-მეთქი, ტელეფონზე ვესაუბრებოდი, არ მიყვარს მისტიფიცირება, მაგრამ რაღაცნაირად შინაგანად ვგრძნოდი, რომ არ უნდა წავსულიყავი, თან ისე იყო, რომ ბავშვთან ერთად ვიყავი და გარეფაქტორებმაც ხელი შემიწყო, ამასთან, შინაგანადაც რაღაც მაკავებდა… ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში ვიგებ, რომ ლაშა გარდაიცვალა.
და როდესაც ასეთი რაღაცები ხდება, შენ უნდა ადგე და დააფასო ეს… ჯერ შენთვის საყვარელი ადამიანი, მეგობარი გიკვდება, ეს რამხელა გადაფასებას გაწყებინებს შენი თავის და სიტუაციის აღქმის… და მერე მითუმეტეს ხვდები, რომ სიკვდილთან ორი ნაბიჯი შენც გაშორებდა… ადამიანები ფიქრობენ – „ეს მე არ დამემართება, მე გავაკონტროლებ…“, თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ პრობლემის გამო“, – აცხადებს ილო ბეროშვილი.

 

FB კომენტარები

კომენტარი