თუ გიყვართ – გაუშვით

189
SHARE

ადამიანი “განწირულია” განცდისთვის, დარდისთვის, იმის გადატანისთვის, რაც ცხოვრებაში ხდება. შეგვიძლია, არ მოგვწონდეს ის – რაც არის, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც უნდა იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელიც გაქვს, მომხდარი უნდა გადაიტანო: გაყრაც, განშორებაც, ბედნიერებაც და სიხარულიც, გათიშულობაც – ზურგს ვერაფერს შეაქცევ.
ფსიქოთერაპევტები შეყვარებულ პაციენტებს კონსულტაციაზეც არ იღებენ. ეს მდგომარეობა კლასიფიცირდება, როგორც ფსიქიკური აშლილობის განსაკუთრებული ფორმა და მკურნალობასაც არ ექვემდებარება. ამიტომ ამბობენ: უნდა გაგიაროს, უნდა გადაიტანოო. არ არსებობს ფსიქოთერაპიული მიდგომა, ტექნიკა, რომელიც დაგეხმარება.

* * *
11-12 წლის იყო, მამა მეზობელთან ონკანის შესაკეთებლად შევიდა, მერე მეორედაც შევიდა. რაღაც ძალიან ხშირად ფუჭდებოდა ონკანი – ყოველდღე ხან 1, ხან 2, ხანაც 3 საათი აკეთებდა. 2 თვე იწვალა, ავზნიანი ონკანი გამოდგა… ერთხელაც დედასთან მოვიდა და გამოუცხადა: მე მივდივარო. – სად? – იკითხა ცოლმა. – იმასთან. და დედამაც გაუშვა.”
რას ნიშნავს “გაშვება”? გაშვება იმას ნიშნავს, რომ უშვებ ფსიქოლოგიურად, შინაგანად, ეკონომიკურად – ყველა დონეზე უშვებ.
მერე ეკითხებოდნენ ამ ქალს: “როგორ მოახერხეთ?” მან კი თქვა: ამ ადამიანთან მე ბედნიერი მთელი 15 წელი ვიყავი. თუ მისთვის ახლა სხვა ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, იყოს მისებურად. მაინც სამარემდე მადლიერი ვიქნები იმისთვის, რაც უკვე მომცაო.

* * *
ხანდახან სიყვარული, მართლაც, იმაშია, რომ უნდა გაუშვა: არ ჩაერიო, არ შეუმტვრიო კარი, არ შევარდე ათასნაირი მანიპულაციით მის ცხოვრებაში. უბრალოდ თავი დაანებო. თურმე ნამდვილ სიყვარულს შეძლებია გაშვება.
ხანდახან ამბობენ: რა შემჭამე შენი სიყვარულით, დამანებე თავიო, და თუ თავს დაანებებ, ეს ნაბიჯი უფროა სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე გამუდმებული დევნა და კვალში ჩადგომა. თუ ადამიანის სახე სიმშვიდეს გირღვევს, დაგდევს, გრძნობები კი გონებას ბინდავენ, როგორმე ისევ უნდა შეეცადო, მადლიერება გამოხატო და ისე გაუშვა. უბრალოდ ეუბნები თავს: “დიდი მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი. ახლა გიშვებ, წადი”.  ამბობენ, მადლიერებაში დიდი გამაჯანსაღებელი და დამხმარე ძალააო…

* * *
ადამიანი უკვე წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ კი ვფიქრობთ, დაბრუნდება თუ არა, როგორ დავაბრუნოთ, “იქნებ ვსინჯო და კიდევ დაველაპარაკო?” და მსგავსი. როცა ასეა, სიმართლესთან უფრო ახლოა ის, რომ ადამიანის მიმართ საკუთარი გრძნობა უფრო გვიყვარს, ვიდრე თვითონ ადამიანი. ეს შეყვარებულობაა და არა სიყვარული – ავადმყოფობა უფროა, ვიდრე – ღვთაებრივი ნიჭი.
“ერთი შემთხვევა იყო, ახალგაზრდა კაცი გოგონამ მიატოვა. ისე ცუდად იყო, რომ სერიოზული სულიერი კრიზისის ზღვარზე იყო. დიდხანს ვსწავლობდით “გაშვებას”, მერე ერთხელ ამბავს მოვუყევი: ერთმა მწერალმა ველური კოიოტი დაიჭირა და ჯაჭვით დააბა. უვლიდა, მზრუნველობას არ აკლებდა, ძალიან მოსწონდა. კოიოტი კი ძალიან დიდხანს იწევდა ტყისკენ, ჯაჭვის გაგლეჯას ცდილობდა, კისერზე სისხლი სდიოდა უკვე. ასეთია მისი ჯიშის ბუნება, ვერ ეგუება თავისუფლების დაკარგვას. და მაშინ მწერალი მიხვდა – თუ მიყვარს, უნდა გავუშვა. თუ მართლა ჩემია, თვითონვე მობრუნდება; თუ ჩემი არ არის, ჩემთან ბედნიერი არასდროს იქნებაო და გაუშვა”.
როცა ურთიერთობის გაწყვეტის ტკივილი და ტრაგიზმი გაგიჟებს, როგორმე უნდა დააღწიო თავი ამ უკიდურესი უბედურების განცდას და სასოწარკვეთილებას… მაგრამ არავითარ შემთხვევაში გამოსავლად სხვაზე ყურადღების გადატანა არ უნდა გამოიყენო. ახალი ობიექტის სასწრაფო ძიებას არაფერი მოაქვს, სრულიად არაფერი, თავის მოტყუებისა და სიცარიელის გარდა.
დაისვენეთ, ’’გაგრილდით’’ ცოტა, ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდით. როცა ძველი სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხლობს, ახალ ურთიერთობის დროს იგივე გრძნობის სხვაზე გადატანას, სხვაზე მორგებას, ახალი ვნებით ძველი დანაკარგის კომპენსაციას ცდილობთ. ეს კი დიდი უსამართლობაა, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვისაც თვალი დავადგით და ვის ხარჯზეც მოხდება ეს არაფრისმომტანი კომპენსაცია.

* * *
დაქორწინების რამდენიმე არაკონსტრუქციული მოტივი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია, ე.წ. კრიტიკული ასაკის შეხედულება. ადამიანი ფიქრობს: უკვე 30-ზე მეტის ვარ, ხომ უნდა ვცადო როგორმე ცოლის მოყვანა (ან გათხოვება)”. არადა ეს იგივეა, რომ ბორჯომის სადგურზე მიხვიდე ღამის თორმეტის ნახევარზე და პირველსავე მატარებელში ჩახტე, აქაოდა, სადმე მაინც ხომ უნდა გავემგზავროო. იქნებ სად მიდიხარ?

* * * 
როგორ უნდა გაამხნევო შეყვარებული ადამიანი, მიტოვებული ან უარყოფილი. შესაძლებელია?. ერთის თქმა შეიძლება: საყვარელ ადამიანს შეუძლია თქვენგან წასვლა, მაგრამ თქვენი ბედი თქვენგან ვერაფრით წავა. და თუ ვინმე თქვენი ცხოვრებიდან წავიდა, კარი გაიხურა და აღარ დაბრუნდა, ”სხვა” ყოფილა.

წყარო: http://eva.ge

FB კომენტარები

კომენტარი