ეს არ უნდა გამეკეთებინა – რას ნანობს ყველაზე მეტად ნიკო გომელაურის მეუღლე?

239
SHARE

ნიკოს ცხოვრებაში ბევრი ქალი და „მარცხნივ“ გადახვევა იყო და გულწრფელად ვნანობ, რომ ამას ვებრძოდი. თუ რამე ახალისებდა, ნეტა მეტად ეხალისა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დარდი. ეს არ უნდა გამეკეთებინა…

ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ორივე მეუღლეს ახლად დაშორებული იყო და მარტოობას ებრძოდა.
წლების შემდეგ ნიკო გომელაური თავის ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის, რომ ნინა სრულიად შემთხვევით, კაფეში გაიცნო და მაშინვე მიხვდა, რომ თავისი ცხოვრების ქალი იპოვა. “ნინა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი მსახიობი ვიქნებოდი თუ ერთი გალოთებული კაცი. მასში ყველაფერი მომხიბვლელია, ნაღდი და მართალი. არ ვიცი, ნინას დასაყრდენი ვარ თუ არა ცხოვრებაში, მაგრამ ნინა რომ ჩემი იმედი და დასაყრდენია, ზუსტად ვიცი,” – ასე აფასებდა მსახიობი მეუღლესთან გატარებულ წლებს.
“მე და ნიკო აბსოლუტურად იდენტურად ვაზროვნებთ და არაფერზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. ერთნაირად ვტირით, ვიცინით. არასდროს ცხოვრებაში, არც ნათესავი, არც ახლობელი ან მეგობარი, ასეთი ჩემიანი არ მყოლია, როგორც ნიკოა. ასე რომ არ ყოფილიყო, 12 წლით უფროსი, ორი შვილის დედა ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი,” – ეს უკვე ნინას სიტყვებია.
ნიკომ და ნინამ ცხოვრება თეატრის 10 კვადრატულმეტრიან საგრიმიოროში დაიწყეს, მაგრამ, როგორც  მოყვარულ ცოლ-ქმარს  შეეფერება, ამას დისკომფორტი არც ერთისთვის არ შეუქმნია.
ნიკოს ცხოვრება უკვე სამუდამოდ იყო გადაჯაჭვული თეატრთან და ნინასთან.
ნიკო გომელაურმა თეატრალური ინსტიტუტი 1992 წელს დაამთავრა. იყო „თავისუფალი თეატრისა“ და თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი.
მიღებული ჰქონდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო ფესტივალების პრემიები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკო გომელაურთან შეხვედრას ასე იხსენებს:
„თეატრალურ სარდაფში „ჰამლეტს“ ვდგამდი. ბევრი ახალგაზრდა მსახიობი მოდიოდა და, უბრალოდ, ესწრებოდა რეპეტიციებს. მათ შორის შევნიშნე შლაპაჩამოფხატული, ცისფერთვალება, გაუპარსავი, ლამაზი ბიჭი, რომელიც ბოლო რიგში იჯდა და ნერვიულად შეჰყურებდა სცენას. ვინ არის? ჩუმად ვკითხე მათ, ვინც იცნობდა. ნიკო გომელაურია. სამი წელია, დაამთავრა თეატრალური, მაგრამ არსად თამაშობს – მივიღე პასუხად. რატომ? მეტყველების პრობლემა აქვს და თან მაგრად სვამს. ისევ გავხედე. თვალები უელავდა, ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. გავიდა რამდენიმე დღე. ნიკო მოდიოდა, ჯდებოდა ბოლო რიგში და უყურებდა რეპეტიციას. ბოლოს დავუძახე  – გინდა თამაში? მინდა – მივიღე პასუხად.”
მალე ნიკო გომელაური რეჟისორის საუკეთესო მსახიობი და თანამზრახველი გახდა.

ნიკო გომელაურის მეუღლე ერთხანს გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას. გახსენება და მოგონება ჩემთვის დამატებით დიდი ტკივილის მომნიჭებელი პროცესიაო, ამბობდა, მაგრამ დრო თავისას შვება და დღეს ნინა ჩორდიშვილი ჩვენი რესპონდენტია.
– დიახ, დრო ამას აკეთებს და სხვა არც არაფერს. მუსიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ნიკოსთან და ხუთი წლის განმავლობაში ვერ ვუსმენდი, ახლა ვუსმენ და ახლა ადვილად ვლაპარაკობ, მაგრამ მარტო ამიტომ არა.. ეტყობა, ნიკომ დატოვა კვალი და მის სიტყვას ძალა აქვს. ნიკო ბევრ ადამიანს უყვარს და მის მიმართ ინტერესი დიდია, ამიტომ, როგორც არ უნდა მაწვალებდეს და მტკიოდეს, უფლება არა მაქვს, ამ ინტერესს არ ვუპასუხო.
– თავის ინტერვიუებში ნიკო გომელაური ხშირად ამბობდა, რომ თქვენ მისი დასაყრდენი და იმედი იყავით. როგორ მოახერხეთ ასეთი ნდობის მოპოვება?
– არა, არა… არაფერი არ მომიხერხებია. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ ადამიანები, იდენტური ფასეულობებით და ცხოვრების მიმართ იდენტური დამოკიდებულებით, ერთმანეთს ხვდებიან. ძალიან ბევრი წყვილია, რომელიც ბედნიერად და კარგად ცხოვრობს, იმიტომ, რადგან ერთმანეთს და იდენტობა წლების შემდეგ დგება. უბრალოდ, ჩვენ გაგვიმართლა და ერთმანეთს შევხვდით ბევრ რამეში ერთნაირი ორი ადამიანი. სრულიად შემთხვევით, მაგრამ შევხვდით…
-პოპულარული ადამიანები ხშირად ხდებიან ჭორების სამიზნე. მით უმეტეს, როცა საქმე თაყვანისმცემელი ქალების ყურადღებით განებივრებულ, სიმპათიურ მამაკაცს ეხება. ისეთ ჭორს ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელზეც ორივეს ბევრი გიხალისიათ?
– ჭორი მართლაც ძალიან ბევრი იყო, მაგრამ რომ გითხრათ, ამაზე გვიხალისია და გვიცინია, ტყუილი იქნება. რასაკვირველია, ნიკოს ცხოვრებაში ბევრი ქალი და ბევრი „მაცხნივ“ გადახვევა იყო, მაგრამ გულწრფელად ვნანობ, რომ ამას ვებრძოდი. ნეტავი მეტი ყოფილიყო და თუ რამე ახალისებდა, ნეტავი მეტად ეხალისა. გულწრფელად ვამბობ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დარდი, რაც მაქვს, რადგან „ხმალამოღებული“ ვიბრძოდი, აბჯარი მეცვა და რკინის ქალამანი (იცინის). არ უნდა გამეკეთებინა ეს…
– ალბათ, ნიკო გომელაური ის ადამიანი არ იყო, რომლის შენარჩუნებაც „ხმალამოღებული“ ომით იქნებოდა შესაძლებელი?
– რასაკვირველია. ეს ყველაფერი თანდართული იყო სმასთან, რომელიც თვითონ მას ძალიან არ უნდოდა. სვამდა და თვითონ არ იყო კმაყოფილი თავისი ცხოვრების წესით, ამიტომ მეძლეოდა უფლება, მის სმასთან მებრძოლა.
რაც შეეხება ჭორებს, თავიდან იყო ასეთი ჭორი, რომ ასაკით უფროსმა ნინამ მომხიბვლელი, ნიჭიერი, სხარტი, ენამახვილი და ქალებისთვის მიმზიდველი მამაკაცი თავისი ფინანსური შესაძლებლობებით „დააბა.“  ამაზე მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ. ნიკოს უკვირდა, როგორ შეუძლია ქალს, რომელსაც მე მოვწონვარ, იფიქროს, რომ მე შემიძლია, ცოლი მოვიყვანო მატერიალურისთვის ან რაღაც მიწიერის გამოო.
– ბოჰემური ცხოვრების მოტრფიალე მამაკაცის მატერიალურით მოხიბვლა, ალბათ, მართლაც შეუძლებელია…
– რა თქმა უნდა.. გარდა ამისა, ჩემს მატერიალურ შესაძლებლობებს ვერც შევადარებ იმასთან, როგორიც ნიკოს ოჯახს ჰქონდა. ეს იყო ძალიან შეძლებული ოჯახი. უბრალოდ, მე მაშინ მყავდა წითელი „ჯიპი“, რომელიც ძალიან თვალშისაცემი იყო და ჭორიც ამ მანქანას მოჰყვა. ნიკო მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათმობდა თავის თავისუფლებას, თუ ექნებოდა ძალიან დიდი სიყვარულის განცდა იმ ქალის მიმართ, რომელიც მის გვერდით იყო. სხვა შემთხვევაში ვერაფრით დააბამდი.
რაც შეეხება ბოჰემურ ცხოვრებას, ეს რთულია ყველა ქალისთვის, რომელიც ასეთი ცხოვრების წესს არ მისდევს. მე ვიძინებ ღამე, ვიღვიძებ ადრე დილას, ხოლო ბოჰემას პირიქით – ღამე ღვიძავს და დღე ძინავს, მაგრამ როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც რომელიც 1000 გრადუსზე იწვის, როგორც ლავა, მაშინ პირველ ადგილას მისი ეს წვის პროცესი უნდა დააყენო. მით უმეტეს, თუ ამ წვის პროცესს წარმატებული შედეგი აქვს. ამიტომ ჩემს ცხოვრებას, ჩემს ბრძოლას, ჩემს ჩხუბს და ყველაფერს აქვს გამართლება და შემიძლია, გითხრათ, რომ მე ძალიან ბედნიერი ქალი ვარ.
– თქვენ ხართ უამრავი ლექსის მუზა, რომელიც ნიკომ თორმეტწლიანი ცხოვრების მანძილზე მოგიძღვნათ. რას გრძნობს ქალი, რომელსაც ნიკო გომელაურმა თავისი უკანასკნელი ლექსი „მე შენში მიყვარს ღმერთი“ მიუძღვნა?
– ეს ლექსი ნიკომ პირველად „ნანუკას შოუში“ წაიკითხა. გადაცემა მარტის შუა რიცხვებში გავიდა, თორმეტ აპრილს კი ნიკო უკვე აღარ იყო.

ნიკო გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა. მისი ლექსები თარგმნილია  ინგლისურ, რუსულ, შვედურ ენებზე და პერიოდულად იბეჭდება უცხოურ პრესაში.
ნინასთვის მიძღვნილი უამრავი ლექსიდან ორიოდე შევარჩიეთ.  ვინაიდან სწორედ ამ ლექსებში ჩანს ყველაზე მეტად პოეტის დამოკიდებულება მეუღლის მიმართ.

“მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ, რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
მე კი ვმგზავრობ ტყე-ღრეთი
ღირს განა დროის კარგვად?!

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს…
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს…”

N-ს…

“ერთი სული მაქვს,დავწერო რამე,
მაგრამ ხტუნაობს რითმა ვით კვიცი.
რამდენჯერ შევცდი,რამდენი ვჭამე,
მაინც გიყვარვარ, ნამდვილად ვიცი.

ცისფერ თვალების არ მქონდა რწმენა,
(მე თვითონ ცისფერს ვატარებ თვალებს),
სალაპარაკოც ერთი გვაქვს ენა,
-ეს არის ენა, მე რომ მაწვალებს…

შენ ის ხარ, ვისაც ველოდი წლობით
-აღუწერელი სიტყვით და კალმით.
არ დავიღლები შენ გვერდზე წოლით,
არ მომბეზრდება არც ერთი წამით.

რაც უფრო ბევრი გაივლის წელი,
მით უფრო მეტად შემიყვარდები.
როგორც ბავშვს, მინდა, მოგხვიო ხელი
– ჩამოგახიო სულის ჩადრები.

შენთან როცა ვარ, ვარ როგორც რკინა,
რკინა, რომელსაც ვერ შეჭამს ჟანგი.
თუმცა წარსულმა გული მატკინა,
მეხმიანება მგოსნების ჰანგი.

დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი
ვერ დაიკვეხნის ბევრი ხნიერი,
მაგრამ მგონიხარ ცრუ და ცბიერი,
რადგან მიგიგავს ქალღმერთს იერი.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი