ეროს რამაზოტი საქართველოშია: „იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ” (ფოტოკოლაჟი)

77
SHARE

იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისშია. დღეს ვარსკვლავი სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს, გუშინ კი რამაზოტიმ კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან, საქართველოში იტალიის ელჩთან ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და კულტურის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან ეკა კუპრეიშვილთან ერთად პერსკონფერენცია გამართა.
„ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს – პრინცის ხსოვნას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის სფეროს განვითარებაში და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა. ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ „Check in Georgia“ -ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ”, – განაცხადა ეროს რამაზოტიმ.
კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, „ჩამოვიდა მუსიკოსი, რომლის კონცერტითაც იხსნება პროექტი „Check in Georgia”. ამ დონის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შოუ ჯერ არ ყოფილა საქართველოში. გარდა მუსიკალური მხარისა, სანახაობრივი კუთხითაც გამორჩეული საღამო ელოდება მაყურებელს.”
აღსანიშნავია, რომ იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour“ წარდგება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto” – აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“…

FB კომენტარები

კომენტარი