ერთიდან მრავლამდე და მრავლიდან ერთამდე – ანუ ამბავი მრავლად დაფანტული ღმერთისა

471
SHARE

მამუკა გურული
ნაწილი – 1

პარადოქსია, მაგრამ იმისთვის, რომ მარტივად მოვყვეთ რთულის შესახებ, ხშირად საჭიროა მარტივი დეტალების რთულად, თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები ენით ახსნა და შემდეგ ამ ყველაფრის ერთ მთლიან სურათად შეკვრა. ანუ მარტივიდან რთულისკენ, და რთულიდან – მარტივისკენ. პირველ რიგში შემოვიტანოთ გარკვეული ცნებები და სიმბოლოები – აბსტრაქტული, მაგრამ რეალობის ამსახველი, და მარტივი ანალოგიებით ახსნილი. გთხოვთ, ბრმად ნუ მიიღებთ აქ მოყვანილ პოსტულატებს და ბოლომდე გაიაზრეთ.

 

სისტემა – (ძვ.ბერძნ. σύστημα — „შესატყვისობა“) — გარკვეული წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე… სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილაკებისაგან.

თუკი ათვლის წერტილად ავიღებთ ერთ კონკრეტულ ადამიანს, იმ უზარმაზარ სისტემაში, რომელსაც სამყაროს ვუწოდებთ, იგი წარმოადგენს ერთ წარმოუდგენლად პაწაწინა ქვესისტემას. მაგრამ თავის მხრივ ადამიანი, როგორც სისტემა, შედგება უფრო დაბალი თანრიგის ქვესისტემებისგან: ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა… ორგანოები, ქსოვილები, უჯრედები, უჯრედის შემადგენელი ნაწილები, ბირთვი, დნმ და ა.შ. მაქსიმალურად მცირემდე…
11713864_10205709250028208_1633360101515334482_o

ადამიანისთვის ზესისტემას წარმოადგენს ის წესრიგი (სისტემა), რომლის შემეცნებაც არ შეუძლია და მისთვის ქაოსურ, უხილავ ძალას წარმოადგენს, მაგრამ შეუძლია ამ ზესისტემის ზემოქმედების შეგრძნება. ანალოგიისთვის მოვიყვანოთ ადამიანის და ბუზის მაგალითი. ადამიანს შეუძლია ბუზის, როგორც მცირე ქვესისტემის აღწერა, დანაწევრება (როგორც აბსტრაქტულად, ასევე ფიზიკურად), მასზე ექსპერიმენტების ჩატარება, და ბოლოს და ბოლოს მოკვლა (უკვე რაღაც დონეზე მისი ხელოვნურად შექმნაც კი, – კლონირების გზით). ბუზს კი არ შეუძლია შეიმეცნოს ადამიანი, მას შეუძლია მხოლოდ შეიგრძნოს მისი ზემოქმედება, მისგან მომავალი საფრთხე, როგორც სტიქიური უბედურება, რომელიც უახლოვდება, მაგრამ ადამიანის შემეცნებაზე და აღწერაზე (როგორც მაგალითად, ადამიანი აღწერს ტორნადოს), ლაპარაკიც ზედმეტია. მას შეუძლია მხოლოდ რეაგირება მოახდინოს, გაფრინდეს და გადარჩეს, ან ვერ მოასწროს და მოკვდეს.

ადამიანი, როგორც სახეობა, ერთიანდება ერთ დიდ სისტემაში, რომელსაც ეწოდება კაცობრიობა. კონკრეტული ადამიანები, ერები, ქვეყნები, სხვადასხვა გაერთიანებები – კაცობრიობის ქვესისტემებს წარმოადგენენ. კაცობრიობა – ერთი მთლიანი სხეულია და მისი შემადგენელი ნაწილები (ადამიანები) მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი (თუ რატომ და როგორ, ამას მოგვიანებით ავხსნი) მიუხედავად იმისა, რომ მის თვითოეულ წევრს თითქოს დამოუკიდებელი არსებობა შეუძლია. ანალოგიისთვის მოვიყვანოთ ვოლვოქსი – სიცოცხლის ერთგვარი შუალედური ფორმა ერთუჯრედიან და მრავალუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ესაა კოლონია, წყალმცენარე, რომელიც თან ერთი სხეულია, და თან მის ყოველ შემადგენელ უჯრედს დამოუკიდებლად არსებობაც შეუძლია. მსგავსი მოწესრიგებული დაჯგუფება ფლორას და ფაუნას სხვა სახეობებშიც ბევრი გვხვდება და ამაზე აღარ შევჩერდები.
10592875_10205709250148211_9084149736460132419_n   11755702_10205709249788202_4128867365540160855_n

კითხვა განსჯისთვის: რატომაა ჩვენთვის ცნობილი ყველა მცენარეული და ცხოველური სისტემა ბუნებასთან ჰარმონიაში და რატომ ქმნის კონფლიქტს ბუნებასთან მხოლოდ ადამიანი (კაცობრიობა)?

დუალიზმი — იგივე პოლარულობა. სამყაროში ყველაფერი ორ პოლარობად იყოფა (რომელიც შემდეგ თავის მხრივ კვლავ იყოფა და ა.შ.) მთავარი პოლარობებია: ინი და იანი, არსი და ფორმა, წესრიგი და ქაოსი, გაცემა და მიღება, დაბადება და სიკვდილი, ცა და მიწა, სული და მატერია, ქალი და მამაკაცი, დღე და ღამე, ცხელი და ცივი, ტალღა და ნაწილაკი, «კარგი» და «ცუდი», თეთრი და შავი, პლუსი და მინუსი… სამყარო  დუალური კონტრასტებისგან შედგება და სწორედ ეს პოლარობები ამოძრავებენ მას. დუალიზმი გვხვდება ყველა სფეროში: მეცნიერებაში, რელიგიებში, ხელოვნებაში, დრამატურგიაში და ა.შ.
11742835_10205709250188212_5000827377747969281_n (1)

უფრო დაწვრილებით შევეხოთ წესრიგისა და ქაოსის დუალობას. ამ შემთხვევაში სიტყვა «ქაოსს» ვიყენებთ ჭეშმარიტი მათემატიკური მნიშვნელობით. მათემატიკაში ქაოსს უწოდებენ დინამიური სისტემის აპერიოდულ დეტერმინირებულ ქცევას, რომელიც უკიდურესად მგრძნობიარეა საწყისი პირობებისადმი. მარტივად რომ ვთქვათ, ქაოსი ესაა სისტემის არაპროგნოზირებადობა. სამყაროს შემეცნების გზაზე მეცნიერებას რადიკალური პოზიცია ეკავა და ვარაუდობდა, რომ მთელი ეს მოჩვენებითი უწესრიგობა მხოლოდ ზუსტად მომუშავე მექანიზმია, რომელიც უბრალოდ ჯერ არაა შესწავლილი, მაგრამ რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება, მით უფრო ვგებულობთ, რომ ყველაფერი არც ისეთი სწორხაზოვანი და მოწესრიგებულია, როგორც მანამდე თვლიდნენ. თანდათანობით მივდივართ იმ გაგებამდე, რომ ბუნებაში ჩადებულია ერთგვარი „თავისუფლება“, ანუ ქაოსი.
11178350_10205709249948206_1142973985286872940_n

შემდეგი დუალობა, რომელსაც მინდა შევეხო, ესაა — არსი და ფორმა, რომელიც მჭიდრო კავშირშია წესრიგთან და ქაოსთან. მაგალითისთვის ავიღოთ ვაშლი. სიტყვა ვაშლი — ესაა სიმბოლო, არსი, რომელიც გამოხატავს ყველა იმ ვაშლის იდეას, რომელიც არსებულა და იარსებებს დედამიწაზე. ეს ერთი იდეა იშლება უთვალავ ფორმად: მწვანე ვაშლი, მჟავე ვაშლი, მიჩურინის ვაშლი, Apple-ს „ჩაკბეჩილი ვაშლი“, ვაშლ-ატამა (რომელიც სხვა იდეასთან შერევის შედეგად მიიღება), მსხვილი ვაშლი, დამპალი ვაშლი და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა განსხვავებულნი იყვნენ ეს ვაშლები, მათ შორის არის რაღაც საერთო სტრუქტურა, რაც მას არსთან აერთიანებს, და რაც უფრო მეტია ვაშლის მსგავსება თავის საწყის იდეასთან, მით უფრო „იდეალურია“ ეს ვაშლი. ანუ ვაშლში არის ორივე ასპექტი: ქაოსიც და მოწესრიგებულობაც. წესრიგი აახლოებს ვაშლს თავის საწყის იდეასთან, ხოლო ქაოსი განაპირობებს მის უამრავ განსხვავებულ ფორმას. შესაბამისად ქაოსის, ანუ გამოვლენილ ფორმათა სამყაროში ვაშლი უამრავ ინდივიდუალობად იშლება, ხოლო არსთა მოწესრიგებულ სამყაროში — ვაშლი მხოლოდ ერთია.
11722203_10205709249868204_3986358746305786918_o   11143528_10205709249828203_1322026746674790735_n

თუ ამ ყველაფერს სისტემებზე გადმოვიტანთ, რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო რთულია მისი გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაც და მეტია არახაზობრივი კავშირები. თუ ქვა მთელი «ცხოვრების» განმავლობაში თითქმის არ ურთიერთქმედებს გარემოსთან და არ იცვლება, ადამიანი, როგორც გაცილებით უფრო რთული სისტემა იმდენად ექვემდებარება ქაოსურ ცვლილებებს, რომ მისი ქცევა გაცილებით მეტად «არაპროგნოზირებადია», და სწორედ ეს აძლევს ადამიანს და მთელ კაცობრიობას გაცილებით უფრო სწრაფი ევოლუციის საშუალებას, ვიდრე მცენარეს, ან იგივე ქვას.

ფრაქტალურობა — სამყარო არა მხოლოდ დუალურია, არამედ ფრაქტალურიცაა. ფრაქტალი, ესაა გეომეტრიული ცნება, რომელიც შემოიღო მათემატიკოსმა ბენუა მანდელბროტმა. მან კომპიუტერისა და მარტივი მათემატიკური ფორმულის (Z=Z^2+C) მეშვეობით შექმნა ფიგურა, რომელიც მანამდეც იყო ცნობილი „მონსტრების“ სახით („მონსტრის“ ერთ-ერთი მაგალითი იყო ჩვეულებრივი ხე, რომელიც უსასრულოდ იტოტება). ამ ფორმულის მიხედვით ყოველი შედეგი არის მოცემულობისა (Z) და შედეგის უკუკავშირი, და შემდეგი შედეგი მსგავსებასთან ერთად წინაზე რთულია. მანდელბროტმა შექმნა უსასრულო სირთულის გამოსახულება, რომელიც უსასრულოდ რთულდება. ფრაქტალებისგან შემდგარ გამოსახულებას მანდელბროტის სიმრავლეს, ან «ღმერთის თითის ანაბეჭდს» უწოდებენ. იტერაციის პროცესი ამ ფიგურას მრავალ საინტერესო თვისებას ანიჭებს, მათ შორის აღსანიშნავია თვით-მსგავსებადობა და უსასრულო დეტალურობა.
11705139_10205709250228213_4838528334665185128_n    1544610_10205709250068209_4555966859924084293_n

მანდელბროტმა და სხვა მეცნიერებმა (ფაიჟენბაუმმა, ბერნსლიმ, სმეილიმ და ა.შ.) აღმოაჩინეს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების კონფლიქტის საზღვარზე იქნება არა ქაოსური, უწესრიგო სტრუქტურები, როგორც ადრე თვლიდნენ, არამედ უფრო მაღალი დონის თვითორგანიზაციის გამოვლენა. იგი არ ექვემდებარება ევკლიდე-ნიუტონის სქემებს, არაა სტატიური და მოძრაობისა და ზრდის პროცესში იმყოფება. ფრაქციული განზომილება — ესაა სისტემის არასწორობის (არამოწესრიგებულობის) დონე. მანდელბროტმა აღმოაჩინა, რომ არსებობს რეგულარულობა (სისწორე, მოწესრიგებულობა) ნებისმიერი არარეგულარულობისთვის. ანუ როდესაც ჩვენ ვუყურებთ რაღაცას, როგორც შემთხვევითს და ქაოსურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უფრო მაღალი თანრიგის სისტემას, ანუ ზესისტემას.

თუ შევაჯამებთ უკვე ჩამოთვლილ ცნებებს და პოსტულატებს, მივიღებთ, რომ სამყარო არც ისეთი მარტივია, რომ მხოლოდ დუალისტურ კატეგორიებად დავყოთ და ის, რაც ერთი შეხედვით გარესამყაროს ქაოსურობად (მოუწესრიგებელ და ბნელ გარემოდ) ჩანს ცალკე აღებული ერთი სისტემისთვის, სინამდვილეში ის ზღვარია, რომელიც მას ზესისტემისგან ჰყოფს და სინამდვილეში უფრო მაღალი თანრიგის სისტემის ქვესისტემად აქცევს.

მარტივად: თუ „შემთხვევით“ თავში აგური დაგეცათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოვლენა შემთხვევითია, არამედ ნიშნავს, რომ ასეთი იყო ზესისტემის „ნება“. სწორედ ადამიანის ზესისტემასთან, როგორც შეუცნობელ ძალასთან ურთიერთობის შედეგად დაიბადა რელიგიები, ფილოსოფია, ეზოთერია, პარაფსიქოლოგია და სხვა მეტაფიზიკური დისციპლინები. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სისტემაზე და ქვესისტემებზე, ზესისტემასთან  დაკავშირებით კი შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, ფრაქტალური და სხვა ანალოგიების საფუძველზე. და რაც უფრო კარგად შევიცნობთ კაცობრიობას, როგორც სისტემას, და ადამიანს, როგორც ქვესისტემას, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ მივუახლოვდეთ ზესისტემის არსის წვდომას. მითუმეტეს, რომ ადამიანს გაცილებით უფრო ადვილად შეუძლია შეიცნოს ზესისტემა (პირობითად ვუწოდოთ მას „ღმერთი“), ვიდრე ბუზს — ადამიანი, რადგანაც ფრაქტალურობის კანონიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი თანრიგისაა ფრაქტალური სისტემა, მით უფრო რთულია იგი და მეტი მსგავსება აქვს მთელთან, ანუ „ღმერთთან“.

 

სტატიის ავტორი: მამუკა გურული

FB კომენტარები

კომენტარი