ემოციური თანადგომა ქართველი ბავშვების მონაწილეობით – “იებითა და ყოჩივარდებით” გადარჩენისთვის მებრძოლები

166
SHARE

21 წლის ფოტოგრაფს, გიორგი კალიაევს, ცოტა ხნის წინ, ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგის სასწრაფო ოპერაცია და პოსტოპერაციული 3-თვიანი მკურნალობა სჭირდება, რომელიც თურქეთში კეთდება და საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდა ხელოვანის, ზედმეტსახელად  – კლარკის სიცოცხლის გადასარჩენად, მისი მეგობრები გაერთიანდნენ. სხვადასხვა აქტივობით ფულის შეგროვებას ცდილობენ და სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ. გიორგის გადარჩენისთვის არაერთი ადამიანი იბრძვის – სრულიად უცნობებიც კი საკუთარ კეთილ ნებას ავლენენ და სხვადასხვა ნივთს ყიდიან, საქველმოქმედო კონცერტებს ატარებენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ სინერგიის გასამარჯვებლად.
სულ რამდენიმე საათის წინ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პატარა ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც, იებითა და ყოჩივარდებით ხელში, ერთ დიდ ურემზე შემომსხდარან და, როგორც პოსტიდან ირკვევა, ტყეში საკუთარი ხელით მოკრეფილი იების გაყიდვა სწორედ კლარკის დასახმარებლად სურთ.
“იცით, ეს რა ფოტოა? – განძი!
ამ ფოტოზე სიყვარულით სავსე  იების თაობაა აღბეჭდილი!
ესენი ქართველი ბავშვები არიან, მაგრამ უბრალო ბავშვები კი არა –  სოფლის ბავშვები.
იების საკრეფად, ტყეში წასული სოფლის ბავშვები.
და რად უნდათ იები და უნდა გაყიდონ!
დიახ, იები უნდა გაყიდონ და, შემოსული თანხით, ახალგაზრდა ხელოვანის #კლარკის სიცოცხლე უნდა გადაარჩინონ!
ეს ჩემი ქვეყანაა!
ეს ჩემი ქვეყნის ბავშვები არიან!
მაღალი ცნობიერებით, დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდით!
ღირსებითა და თანადგომით სავსე მომავალი თაობა!
ეს თაობა იებით მოიგებს ომს და, ჰო, კლარკი გადარჩება.
მენდეთ!
გადამარჩინეთ მეგობრის გადარჩენით
2019 წელი.
13 თებერვალი.
კახეთი.
ყვარელი.
სოფელი წიწკანაანთსერი. 💪 მარცხნიდან ანა,თამთა და ვალერი ცოფურაშვილები, შემდეგ აქსანა გაგლოევი, უკან ბიჭი საბა მარღიევი, ვალენტინა ბახუტაშვილი, გიორგი, თიგიშვილი, ლევანი სოტიევი, თემო ჩოჩიევი და დაბლა ლიზი სოტიევი.
ფოტოს ავტორი – ელე ფილიევი.
საჯარო და უღრმესი მადლობა ამ ბავშვების მშობლებს, ასეთი საამაყო შვილების აღზრდისთვის!
#კიდევაც_დაიზრდებიან”, – წერს პოსტის ავტორი, ია იაღანაშვილი სოციალურ ქსელში.
თქვენ კი, დახმარების მსურველო ადამიანებო, გიორგის მეგობრების მიერ შექმნილ ფეისბუქგვერდზე – გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით – კლარკის დასახმარებლად მებრძოლთა შესახებ განახლებადი ინფორმაციების ნახვა შეგიძლიათ. რა იცით, იქნებ, საკუთარი თავიც აღმოაჩინოთ.

FB კომენტარები

კომენტარი