დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა – როგორ დაარსდა სუსტი სქესის დღესასწაული

190
SHARE

ქალთა საერთაშორისო დღე პირველად 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, „ამერიკის სოციალისტური პარტიის“ დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 1908 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში 15 000 ქალბატონი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, „სოციალისტ-ინტერნაციონალმა“ კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. შემდეგი წლის ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, ქალები, 1913 წლის 8 მარტს, მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს, რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ქალბატონებს მამაკაცები ყვავილებითა და საჩუქრებით ანებივრებენ.

FB კომენტარები

კომენტარი