“დააფურთხე… ალოკე, ეს გვერდი” – სკანდალური წიგნი ქართველი მოზარდებისთვის და ფსიქოლოგის შეფასება

800
SHARE

„გააკეთე რაიმე უცაბედი, მავნე, წარმოუდგენელი მოძრაობა დღიურით“, დაასხი ან დააწვეთე რამე, დააფურთხე, ზედ დაახეთქე შენი ყავის ჭიქა, „გამოიყენე გვერდი ხელსაწმენდად“ „შეჭამე რაიმე ფერადი, ალოკე ეს გვერდი“, – ეს იმ ინსტრუქციების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ თარგმნილ წიგნში, სახელწოდებით „არ დაინდო ეს დღიური“, არის მოცემული. წიგნის პირველივე ფურცელზე, სათაურის შემდგომ, ვკითხულობთ – „შექმნა განადგურებით იწყება“, წიგნის ავტორი კერი სმიტია.
წიგნის შინაარსმა ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მშობლების ერთი ნაწილი გამომცემლობას, აღნიშნული შინაარსის მქონე ნაწარმოების თარგმნისთვის, მწვავედ აკრიტიკებს და თვლის, რომ მასში წარმოდგენილი მითითებები მოზარდს ძალადობისკენ, უარყოფითი ჩვევების განვითარებისკენ და წიგნების უპატიცემულობისკენ უბიძგებს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ “სტიმულის“ ხელმძღვანელი დიანა ნიკოლაიშვილი დღიურში მოცემულ ინსტრუქციებს ნეგატიურად აფასებს.
როგორც ნიკოლაიშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, აღნიშნული ინსტრუქციები მოზარდებს ასოციალური ქცევებისკენ უბიძგებს, მათში უაზრო მორჩილებას ავითარებს და კრეატიულ აზროვნებას ახშობს.
„ზოგადად, გარდატეხის ასაკში ბავშვებში მოჭარბებულია აგრესიაა, აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ამ ინსტრუქციებით აგრესიის ფურცლებზე გადატანა ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, აბსოლუტურად გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ენით ხატვა, ფურცელზე სადილის ანაბეჭდის დატოვება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა შეიძლება უკუშედეგებიც მოგვცეს და თინეიჯერს არასწორი ქცევები განუმტკიცოს. ჩემი აზრით, ამ დღიურის გამოყენება სარგებელს ვერ მოუტანს მოზარდებს. ეს ინსტრუქციები აბსოლუტურად უაზრო მორჩილებას ავითარებს, არ არის განმარტებული რა მიზანს ემსახურება მოცემული დავალებების შესრულება. მოზარდი სწავლობს სხვისი ბრძანებების შესრულებას. შეიძლება ამ ყველაფერს უარესი შედეგები მოჰყვეს, მაგალითად, ინტერნეტით დაკავშირება და ბრძანებების მიღება, არ დავასახელებ რომელ თამაშს ვგულისხმობ. ეს დავალებები მოზარდს აბსოლუტურად უხშობს კრეატიული აზროვნების უნარს, პირიქით, გარკვეულ ჩარჩოებში სვამს მას. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, წიგნში წარმოდგენილ ინსტრუქციებში წერია, რომ დავალების შემსრულებელმა ენით უნდა გააფერადოს – საინტერესოა, რამდენად უსაფრთხოა ის საღებავი, რომლითაც ეს დღიურია დაბეჭდილი?! არ მგონია, რომ უსაფრთხო იყოს, ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მოზარდის მხრიდან ფურცლის ალოკვამ მის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს“- განაცხადა დიანა ნიკოლაიშვილმა.
„კვირა“დაინტერესდა რა ასაკობრივი ჯგუფისათვის არის წიგნი განკუთვნილი და რა თვისებების განვითარებას ემსახურება ის და კომენტარისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ბაკურ სულაკაურის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ თარგმნილ წიგნს კი, შემდეგი შინაარსის მიმოხილვა ერთვის თან:
„დღიურის გამოყენების პროცესში აუცილებლად დაისვრებით. შეიძლება ამოითხვაროთ საღებავში ან სხვა, რამდენიმე სახის უცხო სუბსტანციაში. შეიძლება საჭოჭმანო რამეების გაკეთება მოგიწიოთ. შეიძლება შეგაწუხოთ კიდეც წიგნის თავდაპირველმა სრულყოფილმა მდგომარეობამ. შესაძლოა აქ ნასწავლმა, შემოქმედებითი განადგურების პროცესმა მსგავსი შთაგონება ყველგან გაძებნინოთ და საერთოდაც, შეიძლება ამ წიგნმა აქამდე თქვენთვის უცხო – ბევრად უგუნური ცხოვრებისკენ გიბიძგოთ“ -აღნიშნულია მიმოხილვაში.

FB კომენტარები

კომენტარი