გია ჯაჯანიძე – მე საქმეზე ვარ გადართული და კოკროჭინას მაინც მოვუყვან ცოლს

173
SHARE

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ თავის ვირ კოკროჭინაზე, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდება, “სარკესთან” ისაუბრა.

– გია, როგორ აღმოჩნდა ვირი თქვენთან?

– ერთი წლის წინ პროდიუსერ თათია ზუხბაიასთან რაღაც საკითხზე ვიკამათე. ვუთხარი, რომ თუ მართალი აღმოვჩნდებოდი, თეთრ ჩოჩორს მომიყვანდა. შობის ღამეს, 7 იანვარს, ეს ულამაზესი, თეთრი იერუსალიმის ჩოჩორი მომიყვანა. ასე ჰქვია ამ ჯიშს.
ჯერ სარეცხის საპნით დავბანე, მერე კი ამერიკული შამპუნით, რომლის გამოყენება ჩემთვისაც კი მენანებოდა. ბალზამიც გადავავლე, ფენით გავაშრე და იმ ღამეს ბუხართან დავაძინე. შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ კოკროჭინა უნდა დამერქმია.
მეორე დღეს ეზოში სასწრაფოდ სათავსო გავუკეთე, სადაც სითბო არ აკლია. შემოღობილ ტერიტორიაზეა და არც სირბილშია შეზღუდული.
– როგორი მოვლა სჭირდება თქვენს ვირს, ეს საქმე რთული არ არის?

– არა. ყოველ კვირას ვვარცხნი. თივას, კომბოსტოს, სტაფილოს მიირთმევს. მეგობრებმა იმდენი კომბოსტო და სტაფილო მომიტანეს, მწნილი ჩავდე. ძალიან სუფთა ცხოველია. მოგეხსენებათ, კერძო სახლი მაქვს და ჩოჩორიც ეზოში დავაბინავე. დღის განმავლობაში დედაჩემი აქცევს ყურადღებას.

– დედათქვენმა რა გითხრათ, როცა კოკროჭინა მოგიყვანეს?

– დედაჩემს ჩემგან აღარაფერი უკვირს. ისეთი თვალებით მიყურებს, გიჟი ვგონივარ, მაგრამ შვილი ვარ და მაინც ვუყვარვარ.

– კოკროჭინას რა თვისებები აღმოაჩნდა?

– მოსიყვარულე, თბილი და ჭკვიანი ბიჭია. უკვე მცნობს კიდეც. ათი ადამიანი რომ ვიდგეთ, მაშინვე ჩემთან მორბის. ძალიან მიყვარს და მეცოდება კიდეც, რადგან გამუდმებით ფეხზე დგას. არადა ყველანაირი პირობა შევუქმენი, რომ თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს. ვეტექიმსაც ვკითხე ამის შესახებ და მითხრა, როცა მოესურვება, თვითონ დაწვებაო. დილაობით სასეირნოდაც დამყავს, რომ არ მოიწყინოს.

– ხალხს რა რეაქცია აქვს მის დანახვაზე?

– ყველა ეფერება.

– სახედარი საკმაოდ ჯიუტი ცხოველია. როგორ უმკლავდებით?

– ნამდვილად რთულია, რადგან თუ გაიწევს და გაქცევას მოინდომებს, მეც მიმარბენინებს ხოლმე, მაგრამ ნელ-ნელა ვწვრთნი.
დავურეკე კაცს, რომელსაც ვირების ფერმა აქვს და მას ვკითხე, რაც მაინტერესებდა. როცა ვეძახი, მორბის ჩემკენ. გამარჯობა მითხარი-მეთქი, რომ ვთხოვ, თავის პატარა ფეხს მაწვდის.

სახლში რომ ვბრუნდები, ეზოში გავდივარ, კოკროჭინას თავზე ხელს ვუსვამ და თბილ სიტყვებს ვეუბნები. პასპორტს აუცილებლად ავუღებ, მანამდე კი მე დავუმზადე ხუმრობით. კოკროჭინა ჩემს გვარზეა და ჯაჯანიძე გახლავთ.
– კოკროჭინა არანაირ დისკომფორტს არ გიქმნით?

– ყოველ ერთ საათში ყროყინებს, მაგრამ არც ეს მიქმნის დისკომფორტს. ადამიანი თუ გიყვარს, მის ხვრინვასაც ხომ იტან? ვირი ყროყინებს, მაგრამ სამაგიეროდ მაგებინებს, რომ დილის 6 საათი შესრულდა. ჩემი მაღვიძარაა.

– ვირებზე ჯდებიან, ტვირთს აზიდვინებენ. თქვენც გამოიყენებთ ამისთვის?

– კოკროჭინა ძალიან მიყვარს, მაგრამ მასზე ვერასდროს შევჯდები და ვერც ტვირთისთვის გამოვიყენებ. ის საქართველოში ყველაზე ბედნიერი ვირი იქნება.

– ტელეკომპანიამდე მის გადაყვანას როგორ ახერხებთ?

– ტელევიზიამდე სპეციალური მანქანით გადამყავს. საკმაოდ კომფორტულად მგზავრობს. ჯერ ჩემს ოთახში შევიყვანე და დავათვალიერებინე გარემო, სადაც ვმუშაობ. თანამშრომლებიც გავაცანი და პირდაპირ ეთერშიც მყავდა. ჩოჩორი ყველა გადაცემაში ბრძანდებოდა სტუმრად. ჩემი კოკროჭინა საქართველოში ყველაზე პოპულარული ვირი გახდება.

– მის “დაქორწინებას” თუ აპირებთ?

– აუცილებლად, აბა, რა! სარძლოს მოვძებნი და კოკროჭინას სასწაულ ცოლს შევრთავ! მე საქმეზე ვარ გადართული და კოკროჭინას მაინც მოვუყვან ცოლს.

– სულ თქვენთან იქნება, არასდროს შეელევით?

– თუ ვნახე, რომ ვერ ვუვლი, ამ შემთხვევაში შეიძლება სოფლად გავაჩუქო, რომ კიდევ უფრო თავის გემოზე იცხოვროს, მაგრამ ხშირად მოვინახულებ, რომ მის კეთილდღეობაში დავრწმუნდე.

– სხვა ცხოველებიც გყავთ სახლში და ეზოში?

– ხოხობი მყავდა და გამიფრინდა. ამ ეტაპზე ქათმები მყავს, 5 დედალი და 1 მამალი, რომლებიც ლამაზად მოწყობილ საქათმეში ცხოვრობენ. ყოველ დილით ამომაქვს კვერცხი, ვწვავ და მივირთმევ. ეზოში მწვანილიც მაქვს. გასულ წელს იმდენი კიტრი მოვიდა, არ მიყიდია.

– ქათმებსა და ბოსტანს თქვენ უვლით?

– დედაჩემი და ჩემი ძმა უვლიან. მეც ვეხმარები, ბოსტანში მუშაობა მიყვარს.

– დილაობით მამლის ყივილსა და ვირის ყროყინზე არასდროს ბრაზდებით?

– საერთოდ აღარაფერზე ვბრაზდები, რადგან მივხვდი, რომ გაბრაზებას სიკეთე არასდროს მოაქვს. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, აგრესიული ადამიანების დანახვაა. ასეთებს თავის კონტროლი და ემოციების მართვა არ შეუძლიათ.

წყარო: სარკე

Comments

comments