ბლეფოროპლასტიკა, ჰეილოპლასტიკა, მაკროლაინი – მიღწევები პლასტიკურ ქირურგიაში

1040
SHARE

 

დღესდღეობით პლასტიკური ქირურგია თავს იწონებს ახალ-ახალი მიღწევებით და უბერებელი სილამაზის მოყვარულებს რთული და მრავალსაათიანი ქირურგიული ჩარევების ნაცვლად სწრაფ, მაგრამ ამავე დროს ეფექტურ პროცედურებს სთავაზობს, რომელიც გართულებებს არ იწვევს. ყოველწლიურად პლასტიკური ოპერაციები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. კლინიკებში მისული თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური პროგრამა მუშავდება, რომელიც სახის ნაკლოვანებებს აღმოფხვრის, ხოლო ღირსებებს ხაზს უსვამს: თვალები უფრო გამომეტყველი ხდება, სახის უხეში ნაკვთები იხვეწება, გარეგნობა მიმზიდველ იერს იღებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხვირის წვერიც კი ლამაზად გამოიყურება. ასაკის მატებასთან ერთად ქუთუთოების კანი თხელდება, კარგავს ელასტიურობას, თვალების ქვეშ ჩნდება ტოპრაკები, რომელიც ცხიმოვანი უჯრედებით ივსება. ჩამოშვებული თვალის კუთხეები თავისთავად აფუჭებს მხედველობას და სახის გამომეტყველებაც პიეროსავით მოწყენილი ხდება. კორექციის შემდეგ თვალი იბრუნებს ლამაზ ფორმას, გამოხედვა კი ახალგაზრდული და მიმზიდველი ხდება. თვალისთვის ბუნებრივი ჭრილის შესანარჩუნებლად, ან თუნაც მისთვის სხვა ფორმის მისაცემად, ასევე თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად ზედა და ქვედა ქუთუთოის ბლეფოროპლასტიკა კეთდება. ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ფაქტობრივად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა პლატიკური ოპერაცია ქირურგისგან ფილიგრანულ ხელოვნებას მოითხოვს. ოპერაციის დროს ზედა და ქვედა ქუთუთოზე, ბუნებრივი ნაოჭების გასწვრივ კანი ისერება, ზედმეტი უჯრედები და ცხიმოვანი წარმონაქმნი იკვეთება. ჭრილობა სპეციალური კოსმეტიკური ძაფით იკერება, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით გაიწოვება. ოპერაციის შემდგომი ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, რბილი ქსოვილების შეშუპება, ცრემლიანობა და წამწამების ნაწილობრივი ცვენა დროებითი მოვლენაა, რომელიც 10-14 დღეში გაივლის. ქალისთვის მბრწყინავი სილამაზის დასაბრუნებლად, მეორე ეფექტურ შტრიხად, ტუჩის პლასტიკა სახელდება. ასაკის მატებასთან ერთად ერთად ტუჩი კარგავს თავის ფორმას, თხელდება, ნაოჭდება და გაცრეცილი ფერი ედება. ქირურგიული ჩარევის, ანუ ჰეილოპლასტიკის დროს, ტუჩის ჩამოშვებული კუთხეები ზემოთ იწევს, შედეგად სახეზე დაღლილობის ეფექტი ქრება და ტუჩსაც ბუნებრივი სილამაზე უბრუნდება. ოპერაციის შემდგომი ნაკერები ოდნავ შესამჩნევია და ადვილად ინიღბება. ჰეილოპლასტიკის დროს ესთეტიკური ან რეკონსტრუქციული ოპერაცია კეთდება. ესთეტიკური ჰეილოპლასტიკის დროს ტუჩის კონტურის ზომები იზრდება. შედეგად თხელი ტუჩი ამობრუცული და ვნებიანი ხდება. რეკონსტრუქციული ჰეილოპლასტიკის დროს თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი სწორდება. გამწოვი ინექციებისგან განსხვავებით, ტუჩის ქირურგიული კორექციის უპირატესობა ისაა, რომ შედეგი დიდხანს ნარჩუნდება. ოპერაციის შემდგომი და ჭრილობების შეხორცების პერიოდში პაციენტმა რბილი, დიეტური საკვები უნდა მიიღოს, რათა შეხორცებულ ქსოვილებს ტრამვა არ მიაყენოს. მსოფლიოში კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ოპერაცია მამოპლასტიკა, ანუ მკერდის გაზრდის პლასტიკური ოპერაციაა. მამოპლასტიკის გაკეთების მსურველთა გაზრდილი მოთხოვნა მიუთითებს, რომ სარძევე ჯირკვლების გადიდების პროცედურა საკმაოდ ეფექტურად, უსაფრთხოდ ტარდება და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი არ ახასიათებს. მედიცინაში უკვე დაინერგა მეთოდი, რომელმაც სილიკონის იმპლანტანტები ჩაანაცვლა და მას მაკროლაინს უწოდებენ. არანაკლებად შთამბეჭდავ შედეგს იძლევა მკერდის გადიდების დროს პაციენტის ცხიმოვანი ურედების გადანერგვა, რომლის შემდეგაც სხეულში სილკონის ნაცვლად აბსოლუტურად ნატურალური, უვნებელი უჯრედები ინერგება და მკერდის მოცულობა ასე იზრდება. რაც შეეხება მაკროლაინის მეთოდს, მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის მკერდის გაზრდა ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე ხდება. პრეპარატი შედგება გიალურონის მჟავისგან, რომელიც ნატურალური ნივთიერებაა და მას ყოველი ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს. გიალურონის მჟავა შემაერთებელი ქსოვილების მთავარი კომპონენტია. მას კანი, ძვლები, გულის სარქველები და კვერცხუჯრედები შეიცავს. პლასტიკურ ქირურგიაში მისი გამოყენება, სწორედ ამიტომ არ იწვევს გართულებებს. გიალურონის მჟავას კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ ეს ნივთიერება ორგანიზმში შეყვანისას კოლაგენის გამომუშავებას სტიმულს აძლევს, რაც კანის ელასტიურობას ზრდის. ამ თვისებების წყალობით მკერდის კორექტირების დროს უმჯობესდება არა მარტო მკერდის გარეგნული იერი, არამედ ქსოვილის ხარისხიც, კანი ახალგაზრდა იერს იბრუნებს, ხდება მკვრივი და გადატკეცილი. მამოპლასტიკის დროს პრეპარატი მკერდის არეში, სპეციალური წვრილი ნემსით შეჰყავთ. პროცედურის შემდეგ მხოლოდ ნემსის კვალი რჩება, რომელიც მალე ქრება. შედეგი რამდენიმე დღეში უკვე სახეზეა და შესიებებიც ცხრება. მაკროლაინის მთელი პროცედურა 45 წუთი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თავისუფლად შეუძლია კლინიკა დატოვოს და ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდეს. პრეპარატის მოქმედება 2 წელი ნარჩუნდება და მკერდი ერთი ზომით იზრდება. მაკროლაინის პროცედურა განსაკუთრებით იმ ქალბატონებისთვისაა მისაღები, რომლებსაც აშკარად სურთ მკერდის გადიდება, მაგრამ ქირურგიული ჩარევის ეშინიათ და თან არც სურთ სხეულის კარდინალური ცვლილება.

FB კომენტარები

კომენტარი