მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუს, X Factor-ის მესამე სეზონი წელს განსაკუთრებით გამორჩეული იქნება. ახალი ჟიურის წევრები და წამყვანები საოცარ შოუსა და ცეცხლოვან მუსიკალურ თავგადასავალს გვპირდებიან.
როგორც უკვე იცით, ყველასთვის კარგად ნაცნობ მენტორებს – სოფო ნიჟარაძესა და გიორგი გაბუნიას, წლევანდელ სეზონზე ნიკა გვარამიაც შეუერთდება, ხოლო ჟიურის მეოთხე წევრად წლევანდელ X Factor-ში ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ნინა სუბლატი დასახელდა.
ექსკლუზიურად OK!-ს მკითხველისთვის, ნინა სუბლატმა პროექტთან დაკავშირებით ჩვენთან ისაუბრა:
– რამდენად მოულონელი იყო თქვენთვის შემოთავაზება “იქს ფაქტორის” მენტორობასთან დაკავშირებით?
– შეიძლება ითქვას, ეს შემოთავაზება მეტნაკლებად მოულოდნელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვიქნებოდი რომელიმე მეგაშოუში მენტორი. ამასთან ერთად, რამდენიმე წელია ჩემს და ასევე, პროექტის გულშემატკივრებსაც ამის დიდი სურვილი აქვთ. ძალიან სასიხარულო სიახლეა. ვგრძნობ, რომ ეს სეზონი უზომოდ წარმატებული იქნება და ვეცდები, მას რაღაც ახალი და განსაკუთრებული შევძინო ჩემი იდეებით.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მუსიკალური მენტორის ამპლუაში და რამდენად საინტერესო იქნება კონკურსანტებთან მუშაობის პროცესი თქვენთვის?
– კონკურსანტებთან მუშაობის პროცესი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ პირადად კონკურსანტებისთვისაც. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მიყვარს არტისტები, რომლებიც ახლის ძიებაში დიდ ენერგიას ხარჯავენ. ყველანაირად ვეცდები მათ ინდივიდუალიზმს ხელი არ შევუშალო, პირიქით – დავეხმარო ყველაფრით, რითაც შევძლებ. ჩემთან ურთიერთობა მათთვის ნამდვილად კომფორტული იქნება, რადგან ზუსტად ვიცი, რას და როგორ განიცდიან, როგორ ნერვიულობენ, რისი იმედი აქვთ და ვეცდები, თითოეულ მათგანს ისე მივუდგე, რომ რაც შეიძლება ნაკლები სტრესი ჰქონდეთ მთელი პროექტის განმავლობაში. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ვფიქრობ მათთვის, ვინც ახლა, ამ პროექტში იწყებს კარიერულ ზრდას და სურს საქართველოში ამ განხრით არსებული რესურსები მთელი ასი პროცენტით გამოიყენოს, მე ერთ-ერთი სტიმულატორი ვარ, რადგან რამდენიმე წლის წინ მეც მათსავით კონკურსანტი ვიყავი და “ვაგროვებდი” იმას, რაც ახლა მაქვს; ალბათ ეს მათთვის იმის ნათელი მაგალითი უნდა იყოს, რომ თუ საყვარელ საქმეში დიდ შრომას, სიყვარულს და იდეას ჩადებ, კონკურსანტის პოზიციიდან მენტორის პოზიციაზე გადაინაცვლებ და იქამდე შეძლებ წინსვლას, სადამდეც ამის საშუალება გექნება.
– რომელია თქვენთვის ოთხი კატეგორიიდან ყველაზე სასურველი?
– ყველა კატეგორია, თავის მხრივ, საინტერესო და მიმზიდველია, ამიტომ თითოეულის მენტორობა ძალიან გამიხარდება. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მგონია, რომ გოგოებისთვის ძალიან საინტერესო რამის შეთავაზება შემიძლია, როგორც რეპერტუარის, ასევე პერფორმანსის და ზოგადად, იმიჯის მხრივ, რადგან საკუთარ პერფორმანსებზე ყოველთვის თავად ვზრუნავ და ალბათ იმის გამო, რომ მეც ქალი ვარ, ეს საქმე კარგად მესმის. ასევე, საინტერესო იქნება ბენდებთან ურთიერთობა, რადგან ჟანრობრივად ამ განხრით კარგი იდეები მაქვს, ბიჭების და ბავშვების კატეგორიასაც კარგად გავართმევ თავს, როგორც აღვნიშნე, ოთხივე ერთნაირად სასურველია და არცერთ მათგანს ყურადღებას არ მოვაკლებ.
– რამდენად იქნება ნინა სუბლატის ხელწერა თქვენი კატეგორიის კონკურსანტების იმიჯზე და რეპერტუარზე?
– ვფიქრობ, თითოეულ კონკურსანტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. შესაძლოა, ის, რაც მენტორს მოსწონს და მის გემოვნებაში ჯდება, საერთოდ არ იყოს კონკურსანტისთვის კარგი ან სასურველი; ამიტომ ვეცდები, მუშაობის პროცესში ყველა მათგანი კარგად გავიცნო, გავიგო, თავად რა სურთ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი და შემდეგ ჩემს იდეებს შევთავაზებ. მე ჩემი მხრიდან ვეცდები, რომ მათი თითოეული გამოსვლა პერფორმანსი გავხადო, უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მხატვრული; მინდა, რომ არტისტებმა არა მხოლოდ ვოკალზე იფიქრონ, არამედ მთელი ის შესაძლებლობები გაიაზრონ და გამოიყენონ, რასაც მათ “იქს ფაქტორი” სთავაზობს: იფიქრონ სცენოგრაფიაზე, იფიქრონ განათებაზე, იფიქრონ კოსტიუმზე და თავიდან ბოლომდე შეიგრძნონ ის, რასაც აკეთებენ. ასე რომ, ნინა სუბლატის ხელწერა, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა და კონკურსანტების იდეების, ოცნებების და ზოგადად, სურვილების რეალიზებაა. მინდა, მათ ნამდვილ ვარსკვლავებად იგრძნონ თავი და საყვარელი საქმიანობა კონკურსის შემდეგაც ხარისხიანად გააგრძელონ – ალბათ, სწორედ ეს არის პროექტიც მთავარი მიზანიც.
წყარო: http://www.okmagazine.ge