„x ფაქტორის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, თიკო დათიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის ისტორიას ყვება, თუ როგორ მოექცა მას ეს პროექტი. არის ბევრი საკითხი, რომელიც ერთმანეთს არ ემთხვევა.
თიკო „x ფაქტორს“ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს სხვა „დაწუნებულ“ მონაწილეებს, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ.
„ჩემო საყვარლებო, პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი თბილი და ტკბილი სიტყვისთვის. მე თქვენ მაბედნიერებთ. ახლა კი, დადგა დრო, გახაროთ ჩემი უდიდესი ტკივილი და განცდა, რომელიც „ x ფაქტორის“ შედეგად მივიღე.
მოგახსენებთ და ალბათ თქვენც გახსოვთ, რომ ჟიური აღტაცებული დარჩა ჩემი სიმღერით. მეც უბედნიერესი წამოვედი ფილარმონიიდან. ამას მოჰყვა ზარი „რუსთავი 2“-დან და ახალი სიმღერა, რომელიც შემდეგ ტურში უნდა მემღერა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა როცა 10 კაცის შესარჩევ ტურზე გამოვცხადდი, ლაკონური, საყვარელი და პირდაპირი უარი მივიღე, რომ თურმე მე ვერ მოვხვდი ათეულში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის და ჩემი საახლობლოსთვის, ნაცნობისთვის თუ გულშემატკივრისთვის სრული შოკი იყო, თუმცა ვთქვი, მე ძლიერი ვარ და გადავლახავ ამ დაბრკოლებას, ამით არც არაფერი დაწყებულა და არც დამთავრებულა.
სიმართლე გითხრათ, მეგონა, რამე შეცდომა იყო და ეს ყველაფერი აბსურდად მეჩვენებოდა, მაგრამ თვალის დახუჭვა ვარჩიე. ნუ, ვიფიქრე, არ გამიმართლა და მორჩა. მეორე დღეს შემომდის ზარი „რუსთავი 2“-დან და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომლის სახელს და გვარს განგებ არ დავასახელებ (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის), თბილად მკითხულობს და მეუბნება რომ „ხვალიდან რეპეტიცებზე მელოდება“. დავიბენი, მაშინვე ათასი კითხვა გამიჩნდა და როცა მივხვდი, რომ საქმე საეჭვოდ იყო, მაშინვე მოვახსენე წინა დღით მომხდარი ამბავი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რაც კიდევ ერთი დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის.
საუბარი დამთავრდა დიდი გამხნევებით და სიტყვებით: „მოიცადე, არ გადაგიყვანეს?! თიკო, ხომ იცი შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ და ამ შემთხვევის გამო არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი“.
მე აკანკალებული ხმით მადლობა გადავუხადე და გავთიშე. უბრალოდ ფაქტები და ჩემამდე მოღწეული ინფორმაცია მოწმობს იმას, რომ მე ვიყავი ათეულში, რადგან ეს ადამიანი ჩემთან ჰაერზე ვერ დარეკავდა და ფაქტია, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმისა, რომ მე შემდეგ ტურში ვარ. ჟიურის უმაღლესი შეფასების და სიმპათიის, შემდეგი ტურისთვის შერჩეული სიმღერის, ამდენი ნახვის, რომელიც ჩემს ვიდეოს აქვს „imovies.ge”ზე, იმ სატელეფონო ზარის, სადაც მელოდებოდნენ „რუსთავი 2“- ში რეპეტიციაზე და კიდევ მრავალი ფაქტის მიუხედავად, დღეს მე პროექტის გარეთ ვარ დარჩენილი და ამას უნდა ვუმადლოვდე იმ ადამიანს, ვინც ბოლო წუთს გამაქრო და, უხეშად რომ ვთქვათ, „მომიშორა“.
აქ ადგილები იყიდება! ძალიან მინდოდა, მოკლედ გადმომეცა ეს სამწუხარო და საშინელი რეალობა, რომლის მსხვერპლიც, დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვყოფილვარ. ხალხნო, არ იდარდოთ, თუ თქვენ გაქვთ უამრავი ფული (ან პირიქით უკიდურესად გაჭირვებული ბრძანდებით), გაქვთ საინტერესო ისტორია და ა.შ. თქვენ შეძლებთ გამარჯვებისა და წარმატების მოპოვებას.
უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, იმ ხალხს, ვინც მე მაფასებთ. ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. ყველაფრისთვის მადლობას გიხდით და ყველანაირად ვეცდები, „ჩემს საქმეს“ ფარდა ავხადო და მივაღწიო საწადელს.
P. S. რაც შეეხება ჩემი ვიდეოს ნახვებს, მან 64 214 -დან 11 715 -ზე გადაინაცვლა. ამით კიდევ ყველაფერი ნათქვამია და აღარ მოვყვები. მე, როგორც მამავალ ჟურნალისტს, მიჭირს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა. მე უბრალოდ ვითხოვ ახსნას, პასუხს, რატომ ხდება ეს, რატომ დამატყდა თავს ამდენი საეჭვო ფაქტი, რატომ დამენგრა (ჯერჯერობით) 18 წლის გოგოს ახლად წარმოქმნილი კარიერა. ზემოთ ხსენებულმა ზარმა ბევრი რაღაც შეცვალა და ბევრ ბურუსით მოცულ ფაქტს ახადა ფარდა. ასე მარტივად მე უბრალოდ არ და ვერ დავნებდები. ყველას უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის“, – გამოაქვეყნა თიკო დათიკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სხვა სიახლეები