„WhatsApp“ ახალ ფუნქციას ამატებს — მშობლებს ბავშვების ანგარიშების მართვა შეეძლებათ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესინჯერი WhatsApp ახალ ფუნქციას ამზადებს, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს ბავშვების ანგარიშები თავად გააკონტროლონ. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ბლოგში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის განმარტებით, ახალი სისტემა შექმნილია ოჯახებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე და განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ჯერ არ არიან თინეიჯერულ ასაკში. ფუნქციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი გახდება ისეთი ანგარიშების შექმნა, რომლებიც მშობლის მართვის ქვეშ იმუშავებს.

ახალი მექანიზმის საშუალებით მშობლებს შეეძლებათ განსაზღვრონ:

  • ვისთან შეუძლია ბავშვს მიმოწერა;

  • ვისთან შეიძლება ზარის განხორციელება;

  • რომელ ჯგუფებში შეუძლია მონაწილეობა.

ანგარიშის დასაყენებლად მშობელს საკუთარი ტელეფონი და ბავშვისთვის განკუთვნილი მოწყობილობა დასჭირდება. ანგარიშის შექმნის შემდეგ სწორედ მშობელი ან მეურვე მართავს პარამეტრებს და აკონტროლებს კონტაქტებს, მათ შორის — უცნობი მომხმარებლებისგან მიღებულ შეტყობინებებს.

კომპანიის ინფორმაციით, პარამეტრების შეცვლა სპეციალური PIN-კოდით იქნება დაცული, რის შედეგადაც კონფიდენციალურობის პარამეტრების ნახვა და შეცვლა მხოლოდ მშობელს შეეძლება. ეს მათ საშუალებას მისცემს უკეთ გააკონტროლონ ის კონტენტი, რომელსაც მათი შვილები ხედავენ.

WhatsApp ასევე აღნიშნავს, რომ ყველა პირადი მიმოწერა კვლავ ბოლოდან ბოლომდე დაშიფრული იქნება. შესაბამისად, მიმოწერის შინაარსზე წვდომა არ ექნება არც მესამე პირებს და არც თავად კომპანიას.

კომპანიის განცხადებით, მშობლებისთვის განკუთვნილი ანგარიშები ეტაპობრივად დაინერგება და მომხმარებლებისთვის უახლოეს თვეებში გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

სხვა სიახლეები