TOP სამი ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

“ხასიათების შეუთავსებლობა” – ალბათ ამგვარი მიზეზით არაერთი ოჯახი დანგრეულა ან დამდგარა მაინც განქორწინების პირას. სინამდვილეში კი წყვილი ცალ-ცალკე და ინდივიდუალურად შესაძლოა სულაც არ წარმოადგენს რთული ხასიათის მქონე ტიპაჟს, უბრალოდ ორს შორის ვერ ხერხდება საერთო ენის გამონახვა, რაც მუდმივ კონფლიქტებს და გაუგებრობებს იწვევს. ყველაფრის მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ფასეულობების, სახასიათო შტრიხებისა და შეხედულებების რადიკალური სხვაობაა. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ხშირად არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, რამდენად აქვს წყვილს ერთჭერქვეშ მშვიდობიანი და რაც მთავარია, ხანგრძლივი თანაცხოვრების შანსი. ასტროლოგები ამ მხრივ სამ კონკრეტულ დუეტს გამოყოფენ:

მორიელი – ტყუპი

ვექტორული კავშირების მიხედვით, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ზედაპირული, ცვალებადი ტყუპი ერთი შეხედვით ძლევამოსილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე მორიელის ბატონია, მორიელი კი თავის მხრივ მონა. რეალურად სწორედ ამ თავისი ჰაეროვნებით “იმონებს” და წონასწორობას აკარგვინებს ტყუპი მორიელს და ამაშია მათი ურთიერთობის უმთავრესი პრობლემა. მორიელი ბუნებით ღრმა, ემოციური და ექსპანსიური ნატურაა, მაშინ როცა ტყუპი გამუდმებით იცვლის აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს. ამ ორს შორის პრობლემა მუდმივად იქნება სწორედ ეს ემოციური დისბალანსი და აბსოლუტური პოლარულობა. მორიელი ვერასოდეს შეძლებს პარტნიორი ტყუპი ბოლომდე დაისაკუთროს და მართოს, როგორც ეს მას ახასიათებს ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობაში. ტყუპს კი თავის მხრივ ხშირად გააღიზიანებს მორიელის ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ თავისუფლება ყველაზე ძვირად უღირთ ამქვეყნად. ერთადერთ ნათელ წერტილად ამ ორს შორის შეიძლება ინტელექტუალურ-მენტალური კავშირის ალბათობა იქცეს. მორიელი ხშირად გამოირჩევა ერუდიციის მაღალი დონით, რაც ტყუპის ცნობისმოყვარე ბუნებას აიძულებს ხანგრძლივი დროით შეაჩეროს არჩევანი სწორედ ამ პარტნიორზე.

თხის რქა – სასწორი

მათი მთავარი პრობლემა ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი სხვაობა და ემოციური დისბალანსია. სასწორი რბილი, დამთმობი, რომანტიკული და სულით ხელოვანი ნატურაა. თხის რქა კი ცხოვრებას ზედმეტად რეალისტურად უყურებს. მისი შეხედულებები მტკიცე, სწორხაზოვანი და ძალზე მყარია. იგი არასოდეს იცვლის აზრს მარტივად და შესაბამისად, არ ესმის სასწორის ხასიათში დიპლომატიისა და ლოიალურობის გამოვლინება. თხის რქის აზრით, ცხოვრება შავ-თეთრია, სასწორი კი მას ცისარტყელას ფერებში ხედავს და პირქუშ სინამდვილეშიც ახერხებს დაინახოს ჰარმონიისა და რომანტიკის ნაწილაკები. თხის რქა ყოველივე ამას “ფუჭ ოცნებად” ნათლავს და ნაკლებად შესწევს ძალა, რომ სასწორის სულიერი მისწრაფებები გაიზიაროს. თხის რქის გვერდით სასწორი სიცივისგან “დაჭკნება”, მას სითბოს აშკარა გამოხატულება ესაჭიროება საიმისოდ, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი ქორწინებაში – კოცნა, მოფერება, ჩახუტება. თხის რქას კი ენის მოჩლექით საუბარი და ემოციების სახალხოდ დემონსტრირება ჭირის დღესავით სძულს. საერთო მახასიათებელი მათ ხასიათში სიჯიუტეა, რომელიც თხის რქის შემთხვევაში მართალია უფრო აშკარადაა გამოხატული, მაგრამ სატურნი – თხის რქის მმართველი პლანეტა ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ სასწორის ნიშანში გადის ეგზალტაციის ზონას, ამიტომ სასწორის სიჯიუტე თხის რქისას არათუ ჩამოუვარდება, ხშირად აჭარბებს კიდეც.

ქალწული – მერწყული

კლასიკური რეალისტისა და ტიპური ირეალისტის დუეტია. ქალწული ცხოვრებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიქვამს, თავისი ნაკლითა და წვრილმანით. მაშინ როცა მერწყული მომავალში ცხოვრობს და ხშირად, აწმყო და იქ არსებული ადამიანები უმნიშვნელო და არაარსებითი ეჩვენება. ქალწულისთვის ნებისმიერი ოცნება ხელშესახები და ასრულებადია, სხვა მხრივ იგი არასოდეს დაისახვას უტოპიურ მიზანს, მერწყული კი ამ დროს პლანეტა ურანზე, ღამის კლუბებისა და გასართობი ინდუსტრიის მთელი ქსელის გახსნას გეგმავს. რაღა თქმა უნდა ამ დროს ქალწულის ენა განსაკუთრებული სიმძაფრით იმუშავებს მისი იდეების შეფასებასთან მიმართებაში. ქალწული კი მოგეხსენებათ მერკურის შვილია და ჯიბეში ხელს არასოდეს ჩაიყოფს სიტყვის საძებნელად. მერწყულს მისი დაცინვა და ცინიკური კომენტარები, რაღა თქმა უნდა, გააღიზიანებს, თუმცა ურანული ბუნება აშკარა კონფლიქტს გამორიცხავს. ამიტომ, სამაგიეროს ქალწულს ცოტა მოგვიანებით გადაუხდის, როცა კარზე საკეტს შეცვლის და სამსახურში წასულს, ამ სიახლის შესახებ მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდება. ქალწული მერწყულის კრეატიული ნიჭით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ითრგუნება, იმიტომ რომ მას მხოლოდ აწმყოში ცხოვრება ეხერხება. მომავლის იდეები ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ მერწყულის გენიალურ იდეებთან მიმართებაში თავი შესაძლოა ხშირად უნიჭო და განუვითარებელ მოზარდად იგრძნოს, რომელიც ძალიან ვიწროდ აზროვნებს. სინამდვილეში, მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ, რადგან ამ ქვეყნად არავის შეუძლია დეტალების სიზუსტით შეასრულოს დაკისრებული სამუშაო ქალწულზე უკეთ, მერწყული თუ მას საკუთარი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნებს (ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხომ საშინლად არ უყვართ ახსნა-განმარტებები) ქალწული შესაძლოა ძალიან მოიხიბლოს მასთან თანამშრომლობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები