როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, ქალებზე დაწერილს სტატიას ყოველთვის ახლავს თან მამაკაცების უკმაყოფილება “ჩვენზეც დაწერეთ”, “რატომ გამოგვტოვეთ” ან პირიქით… ამიტომ გადაწყვიტე სუპერეჭვიანი ცოლების შემდეგ, ეჭვიანობისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილი სამი მამრის შესახებაც გესაუბროთ… საინტერესოა, ვის კანდიდატურას ელით ჩამონათვალში სანამ გულისფანცქალით ჩაიკითხავთ სტატიას ბოლომდე? მაშ ასე დავიწყოთ:
ლომი – მისი ეჭვიანობა სიამაყის მაღალ კოეფიციენტს და გამოკვეთილ თავმოყვარეობას ეფუძნება. ლომს გულის სიღრმეში ღალატზე ფიქრიც კი ზარავს. იგი ამ ფაქტს უბრალოდ წარმოსახვაშიც არ დაუშვებს, თუმცა სწორედ ეს შიში აიძულებს მას საყვარელ ადამიანს ზუსტი ანგარიში მოსთხოვოს რატომ დაიკარგა მთელი საათით ,როცა თქვა, რომ სულ რაღაც 45 წუთი გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრა. ვითომ არაფერი, მაგრამ აი, ის 15 წუთი ხიჭვივით რომ ესობა გულზე და რა ქნას ჯუნგლების მბრძანებელმა? დიახ, ლომი საოცრად ეჭვიანია, თუმცა თავად ამ გრძნობის აშკარად გამოხატვას ყოველთვის გაურბის და ერიდება. მით უმეტეს სახალხოდ. ღრიალი იცოცხლე ნებისმიერს უყვარს და გამოსდის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ვისაც ჰქვია, მაგრამ იმიჯი და რეპუტაცია ეს ის თემაა, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ლომი არ გადაახტება თავზე, თუნდაც ყველაზე მძაფრი ეჭვიანობის გამო.
მორიელი – მას შეუძლია საყვარელ ადამიანს, იმაზე დიდი ხნით ადრე დაუწყოს დევნა და თვალთვალი, სანამ ეს უკანასკნელი მორიელი მამრის არსებობას აღმოაჩენს ჰორიზონტზე. მორიელი ყოველთვის თავად ირჩევს მსხვერპლს, დიახ დიახ არ მოგესმათ – მსხვერპლს! ქალი მორიელის ხელში ყოველთვის მსხვერპლია, რომელსაც აქვს ორი გზა ან დამორჩილდეს მას ნებაყოფლობით ან ეჭვიანობის მძაფრ ცეცხლში დაწვა მიესაჯოს. მორიელი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობისკენაა მიდრეკილი. იგი არამხოლოდ საყვარელი ქალის ფარულ თაყვანისმცემლებზე (აშკარას ვინ გაბედავს, თუ ორი თავი არ აქვს) ეჭვიანობს, არამედ ამ უკანასკნელის პროფესიული საქმიანობა, დაქალები და ოჯახის წევრებიც კი აღიზიანებს ხან. იმიტომ რომ ისინი საყვარელ არსებასთან გასატარებელ წუთებს ისაკუთრებენ და ართმევენ მას.
მშვილდოსანი – ალბათ გიკვრით რატომ მოხვდა ერთი შეხედვით თავისუფლებისმოყვარე, ლიბერალური და თავად არცთუ მაინცდამაინც დიდი ერთგულების უნარით სახელგანთქმული მშვილდოსანი ეჭვიანი მამრების სიაში. ახლავე აგიხსნით სიტუაციის არსს – საქმე იმაშია, რომ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში ეჭვიანობის მძაფრი შემოტევები, ერთობ არაორდინალურად ვლინდება. იგი ეჭვიანობას მაშინ იწყებს, როცა ურთიერთობა დამთავრებულია და მას “ყოფილის” სტატუსი აქვს მკაცრად გარანტირებული. ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მამრი ასეთ დროს გვერდზე გადგომას და ახალი ინტერესის ობიექტის მონახვას არჩევს ალბათ, მით უმეტეს, როცა მისი ერთ დროს საყვარელი ქალი სულაც არ იტანჯება მარტოობით და ახალი მეწყვილეც ჰყავს ნაპოვნი.; მაგრამ მშვილდოსანი რისი მშვილდოსანია, თუკი ძნელად “მოსაჩანგლ” და რთულ სამიზნეებს არ მოებღაუჭა. ასე რომ იგი მონდომებით იწყებს ისრების ლესვას, მხოლოდ მაშინ, როცა “ყოფილის” სტატუსი მიეკერება.
წყარო: astrologi.ge