iPhone 6-ს კონკურენტი გამოუჩნდა

60
SHARE

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ Xiaomi პეკინში ორი ახალი მოწყობილობა – Mi Note და Mi Note Pro წარმოადგინა, რომელთაც შესაძლოა კონკურენცია არც მეტი, არც ნაკლები, iPhone 6-ის მოდელებს გაუწიონ.

კომპანიის ახალი სმარტფონის Mi Note-ის წარდგენისას, Xiaomi-ის დირექტორმა ლეი ძიუნმა აღნიშნა, რომ Mi Note გაცილებით მსუბუქი და თხელია, ვიდრე iPhone 6 Plus. Xiaomi-ის ახალი სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 5,7 დუიმია, სისქე კი 6,95 მმ, რაც შეეხება წონას, Mi Note სულ რაღაც 161 გრამს იწონის და 11 გრ-ით მსუბუქია Apple-ის სმარტფონზე.

ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონი თავის ”მთავარ” კონკურენტებს ფასითაც ”ამარცხებს” – Mi Note-ის ღირებულება 371 დოლარია, რაც ორჯერ უფრო იაფია iPhone 6 Plus-ზე და ”სამსუნგის” Galaxy Note 4-ზე. Mi Note-ისგან განსხვავებით, რომელიც უკვე იყიდება, ჩინური კომპანიის წარმოებული მეორე სმარტფონი, უფრო დახვეწილი ტექნიკური მონაცემების მქონე MiNote Pro მარტის ბოლოს გამოვა. MiNote Pro-ს შეძენა მომხმარებლებს 532 დოლარად შეეძლებათ.

უცხოელი ანალიტიკოსების განცხადებით, 2014 წელს ჩინური კომპანია Xiaomi ტელეფონების მწარმოებელი ყველაზე სწრაფადმზარდი კომპანია გახდა. გასულ წელს ჩინეთში, კომპანიამ გაყიდვებით გადაუსწრო ”სამსუნგს”. დეკემბერში კი, მას შემდეგ, რაც სმატფორნების მწარმოებელმა კომპანიამ 1,1 მილიარდი ინვესტიციების მიზიდვა შეძლო, Xiaomi უახლესი ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპად დაასახელეს. კომპანიის ღირებულება 45 მილიარდ დოლარად შეფასდა. გასულ წელს Xiaomi-მ 61 მილიონი ტელეფონი გაყიდა, რაც 227 პროცენტით მეტია 2013 წლის მონაცემებთან. ჩინური კომპანიის პროდუქციის რეალიზება ძირითადად აზიის ქვეყნებში ხდება, მათ შორის ტაივანში, სინგაპურში, ინდოეთში, მალაიზიასა და ფილიპინებში.

წყარო: http://www.bpn.ge

FB კომენტარები

კომენტარი