“Free Art Studio” – თავისუფალი ხელოვნების სტუდია, სადაც ხატვა ყველას შეუძლია

თავისუფალი ხელოვნების სტუდია, იგივე Free Art Studio ერთი თვის წინ, ანა მამისაშვილისა და ლანა დოლიძის მიერ დაარსდა.
სტუდია, სადაც ხატვა ყველას შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს, რუსთაველის გამზირზე, 48 ნომერში მდებარეობს.
თავისუფალი არტის სტუდიაში ყოველდღე ტარდება ე.წ. ვორქშოპები, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, მინიმუმ 8 წლის ასაკიდან – მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარის გარეშე.
როგორც სამხატვრო სტუდიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ლანა დოლიძემ “კვირას” განუცხადა, ვორქშოპები კვირაში სამჯერ და დღეში ორ საათს ტარდება.
ერთი ვორქშოპის ღირებულება კი, 32 ლარია. ამ ფასში შედის ყველაფერი, რაც ხატვისთვის საჭიროა.
ლანა დოლიძე: “ჩვენ ვატარებთ ყოველდღიურად ე.წ. ვორქ შოპებს. ეს ჩვენთან, ქვეყანაში, სიახლეა. ეს ერთგვარი ართ ტერაპიაც არის. ხატვის მსურველები შაბათ-კვირას, 13:00 საათზე მოდიან, 2 საათის განმავლობაში ხატავენ და შემდეგ, საკუთარი ნამუშევრები სახლში მიაქვთ. სამუშაო პროცესი არის ძალიან საინტერესო, ძალიან შემოქმედებითი და რაც მთავარია, ვინც ხატავს, ის უზომოდ ნასიამოვნები მიდის ჩვენი სტუდიიდან. ამას წინათ, ჩვენთან, 70 წელს გადაცილებული ქალბატონი მოვიდა და ძალიან კმაყოფილი წავიდა. ასევე, ხშირად დადიან უცხოელები”.
მისივე თქმით, სტუდიაში ინტენსიური, რეგულარული, არტ თერაპიისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი კურსებია.
ინტენსიური კუსები 6-თვიან დაჩქარებულ სასწავლო კურსს გულისხმობს, რაც საუკეთესო საშუალებაა, გაერკვიოთ და ჩამოყალიბდეთ ხატვის ტექნიკაზე, სამხატვრო მიმდინარეობაზე და თქვენი ნიჭი, შემდგომ, რეგულარულ კურსებზე განამტკიცოთ.
რაც შეეხება რეგულარულ კურსს, კურსი ახალი სეზონიდან, სექტემბრიდან განახლდება და მათ, ვისაც ხატვა სურთ, შეეძლებათ კვირაში სამ დღეს და დღეში 2 საათს, სხვადასხვა თემატიკის ვორქშოპი აკეთოს და უფრო გაიღრმავოს ცოდნა.
თავისუფალი არტის სტუდიას არტ თერაპიისთვის განკუთვნილი პროგრამა და პროგრამის ხელმძღვანელი ჰყავს.
არტ თერაპიის 5-თვიან კურსს Art Of Living-ის სერტიფიცირებული მასწავლებელი , ნინო ჩუბინიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფი შედგება 4-დან 8 სულამდე.
არტ თერაპიის 5-თვიანი კურსი კვირაში ერთხელ ტარდება.
არტ თერაპიის გარდა, თავისუფალი არტის სტუდიას შეყვარებული წყვილისთვის სიახლე აქვს: ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, შეყვარებულ წყვილს, ცოლ-ქმარს ან თუნდაც, მეგობრებს, შეუძლიათ სტუდიაში მისვლა და წყვილებისთვის განკუთვნილ ვორქშოპში მონაწილეობის მიღება.
ამის შესახებ “კვირას” სტუდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა მამისაშვილი ესაუბრა.
ანა მამისაშვილი: “ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, გვაქვს ვორქ შოპები წყვილებისთვის. აქტიურად მოდიან შეყვარებული წყვილები, სამუშაო პროცესი კი, ძალიან საინტერესო და სახალისოა. წყვილები ცალ-ცალკე ტილოებზე ხატავენ ერთ მთლიან ნახატს, რომელსაც შემდეგ აერთიანებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე წყვილებისთვის ორიგინალური შეხვედრის ადგილი და დროის ორიგინალურად გატარების საშუალებაა”.
აღსანიშნავია, რომ სტუდიას ბევრი უცხოელი სტუმრობს.
თავისუფალი ხელოვნების სტუდიის მსგავსი სამხატვრო სახელოსნოები საზღვარგარეთ აპრობირებულია, საქართველოსა და ქართული საზოგადიებისთვის კი, სიახლე.
არტ სტუდია თქვენი თავისუფალი სივრცეა და თქვენი ნიჭის აღმოსაჩენად და განვითარებისთვის შემქნილი.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები