Forbes-მა მილიარდერთა 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა
1 მარტს Forbes-მა გამოაქვეყნა მილიარდერთა განახლებული, 2016 წლის რეიტინგი.
Forbes-ი უკვე 30 წელია აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს. წელს ტრადიცია დაირღვა და ზრდის ნაცვლად სიაში მილიარდერთა რაოდენობა შემცირდა – შემაჯამებელ რეიტინგში 1810 მილიარდერი მოხვდა (16-ით ნაკლები შარშანდელთან შედარებით).
რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 6.48 ტრილიონი დოლარია ($570 მილიარდით ნაკლები, ვიდრე 2015 წელს). შემცირდა ასევე მილიარდერთა კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი – $3.6 მილიარდი ($300 მილიონით ნაკლები, შარშანდელთან შედარებით).
Forbes-ის მილიარდერთა 2016 წლის რეიტინგში კიდევ რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა:
- 2016 წელს მსოფლიოს 198 ახალი მილიარდერი ჰყავს
- წელს 221-მა მილიარდერმა დაკარგა თავისი ადგილი სიაში
- 29 მილიარდერი გარდაიცვალა
- 892 მილიარდერი წელს უფრო “ღარიბია”, ვიდრე შარშან
ზედიზედ მესამე წელია, ბილ გეიტსი სიის სათავეშია. მართალია, მისი კაპიტალი $4.9 მილიარდით შემცირდა, $75 მილიარდით ის მაინც ლიდერობს. საერთოდ, გეიტსი უკანასკნელი 22 წლის მანძილზე მე-17-ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში. ამანსიო ორტეგამ მეოთხედან მეორეზე გადაინაცვლა, უორენ ბაფეტი კვლავ მესამეა, ხოლო კარლოს სლიმ ჰელუ მეორედან მეოთხეზე ჩამოქვეითდა – მექსიკელმა მაგნატმა ერთი წლის განმავლობაში $27.1 დაკარგა.
მილიარდერებს შორის საუკეთესო წელი მარკ ცუკერბერგს ჰქონდა – 31 წლის „ფეისბუქელი“ $11.2 მილიარდით გამდიდრდა და მე-16-დან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსი პირველად მოხვდნენ ყოველწლიური რეიტინგის ათეულში.
საქართველოდან რეიტნგში კვლავ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.8 მილიარდით ის 298-ე ადგილზეა ($5.2 მილიარდი და 291-ე ადგილი 2015 წელს).
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ბილ გეიტსი – $75 მილიარდი
2. ამანსიო ორტეგა – $67 მილიარდი
3. უორენ ბაფეტი – $60.8 მილიარდი
4. კარლოს სლიმ ჰელუ – $50 მილიარდი
5. ჯეფ ბეზოსი – $45.2 მილიარდი
6. მარკ ცუკერბერგი – $44.6 მილიარდი
7. ლარი ელისონი – $43.6 მილიარდი
8. მაიკლ ბლუმბერგი – $40 მილიარდი
9. ჩარლზ კოხი – $39.6 მილიარდი
10. დევიდ კოხი – $39.6 მილიარდი
წყარო:http://forbes.ge/news