ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, გამოკითხულთაგან, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 1 პროცენტს ჰქონია სექსი ერთზე მეტ პარტნიორთან მაშინ, როცა კაცებში ეს მაჩვენებელი 57 პროცენტს შეადგენს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლების უფრო დიდ წილს აქვს სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილება რამდენიმე პარტნიორთან (43%), ვიდრე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების (25%) და საშუალო სოციალური ფენის ახალგაზრდების (33%). ახალგაზრდების 31% თვლის, რომ სექსუალური თავშეკავება მხოლოდ გოგოების შემთხვევაშია დადებით ღირებულება.
კვლევის მიხედვით, ქალწულობის საკითხის განხილვისას ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ხედვებს შორის განსხვავებები არ არის, თუმცა ქალების შედარებით დიდი წილი თვლის რომ სექსუალური თავშეკავება ღირებულებაა ორივე სქესისთვის.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა, გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა ქართველ ახალგაზრდებზე და ეკვლია მათი აღქმები, შეგნება, მოლოდინები და დამოკიდებულება ცვალებად გარემოსთან მიმართებაში. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ეყრდნობა შელის ახალგაზრდული კვლევის (Shell Youth Study) მოდელს, რომელიც 1953 წლიდან ტარდებოდა როგორც გერმანიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)-ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების გათვალისწინებით. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია.