კომპანია „Facebook”-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ ექაუნთზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2018 წელს „Facebook” განახლდება და არ იქნება მხოლოდ გასართობი საშუალება, სოციალურ ქსელს დაემატება სხვადასხვა კომპონენტი, რომლებიც მომხმარებლისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი.
„ვამზადებთ განახლებებს, რომლის მეშვეობით, თქვენ ნახავთ მაღალი ხარისხის სანდო სიახლეებს, გასულ კვირას გადავწყვიტეთ განახლებული წყაროების ჩვენება, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის სანდოა“, _ განაცხადა ცუკერბერგმა და აღნიშნა, რომ „ხალხს სურს ბევრი ადგილობრივი ახალი ამბების ნახვა. ადგილობრივი სიახლეები გვეხმარება გავიგოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება და ჩვენს ცხოვრებაზე მოქმედებს“.
როგორც ცუკერბერგი აცხადებს, ადგილობრივი სიახლეების კითხვა სამოქალაქო ჩართულობასთანაა დაკავშირებული, ასევე ადამიანები, რომლებმაც იციან თუ რა ხდება მათ გარშემო, მეტად ჩაერთვებიან პროცესებში და დაგვეხმარებიან ცვლილებების შეტანაში.
ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია დღეიდან იწყებს მეტი ახალი ამბების ჩვენებას, რაც ჩვენს ქალაქებში მიმდინარეობს და აღნიშნავს, რომ თუ ადამიანები ადგილობრივ გამოცემებს გამოიწერენ ან გააზიარებენ, ეს ხელს შეუწყობს სიახლეების ველში მსგავსი ინფორმაციების მომატებას.
„ადგილობრივი სიახლეები დაგვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ „Facebook“- ზე გატარებული დრო ძვირფასია“, _ განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
Next Post
სხვა სიახლეები