Facebook-ი „ფეიკ-ნიუსების“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს – როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი

83
SHARE

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გავრცელებული ყალბი ახალი ამბების შემდეგ, „ფეისბუქმა“ დაიწყო ბრძოლა „ფეიკ-ნიუსების“ გავრცელების წინააღმდეგ.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ფაქტების შემმოწმებელ კომპანიებთან (Fact-checking outlets) თანამშრომლობას იწყებს, რათა სოციალური ქსელის მომხმარებლების დახმარებით, გამოავლინოს ყალბი ახალი ამბები.
დღესდღეობით, ცრუ ახალი ამბის გაზიარებამდე, იღებთ შეტყობინებას, რომ ის სადაოდ არის მიჩნეული. იმისათვის, რათა გაიგოთ, რატომ არის მიჩნეული თქვენი ამბავი სადაოდ, საშუალება გეძლევათ, გადახვიდეთ ბმულზე და შეამოწმოთ სტატიის ავთენტურობა ფაქტების შემმოწმებელი რომელიმე კომპანიის ვებ-გვერდზე.
ფეისბუქის ეს ფუნქცია ხუთშაბათს განახლდა, ამიტომ ყალბი ახალი ამბების ამომცნობი პატარა დროშის სიმბოლოები, ჯერჯერობით, სოციალურ ქსელში არ ჩანს, თუმცა ძალიან მოკლე დროში გამოჩნდება.
ფეისბუქი ოფიციალურ განცხადებაში განმარტავს, რომ აღნიშნული ფუნქცია ტესტურ რეჟიმში ამოქმედდება და დროთა განმავლობაში დაიხვეწება.
კომპანიის ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ვერსია, როგორ შეიძლება „ფეიკ-ნიუსების“ აღმოჩენა. ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით, თქვენ უნდა დააკლიკოთ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ახალი ამბის ბმულის მარჯვენა ზედა კუთხეში, სადაც მონიშნავთ შესაბამის გრაფას – „ეს ყალბი ახალი ამბავია“.

ამის შემდეგ, აღნიშნული ამბავი ავტომატურად გადაიგზავნება ფაქტების შემმოწმებელ (fact-checking) რომელიმე კომპანიაში. თუ ფაქტების შემმოწმებელი კომპანია მიღებულ ახალ ამბავს „ფეიკ-ნიუსად“ მიიჩნევს, ბმულთან ახლოს გამოჩნდება პატარა დროშა, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამბავი სადაოა, იქვე გამოჩნდება პატარა სტატია, სადაც მითითებული იქნება, რატომ არის აღნიშნული ამბავი ყალბი და სადაო.


ფეისბუქი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, საშუალება მოგეცემათ აღნიშნული ამბავი გააზიაროთ, მაგრამ ის მონიშნული იქნება დროშით, რაც მიუთითებს, რომ ამბავი არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ფეისბუქი” ყალბი ახალი ამბის გამოვლენის ფუნქციას ტესტურ რეჟიმში ამუშავებს და ის უახლოეს პერიოდში სრულად ამოქმედდება.

წყარო:http://1tv.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი