BBC – როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები საქართველოში

210
SHARE

როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები საქართველოში, – ამ სათაურით „ბი-ბი-სი“ სტატიას აქვეყნებს.  როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში 128 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს სახელმწიფოსგან  სოციალურ დახმარებას. ამათგან 50 500 ქალია. მათ იშვიათად შეხვდებით ქალაქის ქუჩებში, რადგან ისინი, ძირითადად, იზოლირებულნი არიან გარესამყაროსგან.

ინგა იურიძე, 44 წლის

ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, ცერემბრალური დამბლა მაქვს, თუმცა ამას  სკოლასა და ოჯახში არ ვგრძნობდი და, სიმართლე გითხრათ, ვერც ვაცნობიერებდი. ჭიათურაში გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. შეძლებული ოჯახიდან ვიყავი და ბავშვობაც ძალიან კარგი მქონდა. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც სიმსივნისგან დედა გარდამეცვალა. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. ამის შესახებ ერთი წლის შემდეგ გავიგე, რადგან იმ დროს საავადმყოფოში ვიწექი და დედის გარდაცვალების ამბავი დამიმალეს. მითხრეს, სამკურნალოდ რუსეთში წავიდაო და მეც ველოდებოდი მის დაბრუნებას…

როდესაც გავაცნობიერე, რომ დედა აღარ მყავდა, დასრულდა ჩემი ბავშვობა და ძველი ცხოვრებაც. ძალიან მინდოდა ექიმობა, მინდოდა ადამიანების მკურნალობა, თუმცა სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელების საშუალება არ მქონდა. ჭიათურიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. რა თქმა უნდა, ჩემი ორი და მეხმარებოდა, მაგრამ იმ დროს ყველას უჭირდა. 90-იანი წლები… ეკონომიკურად რთული პერიოდი, უგაზობა, უშუქობა …

მე არასოდეს მიმუშავია. მყავს მეგობრები, რომლებიც ხშირად მსტუმრობენ, თუმცა მე გარეთ არ გავდივარ. როდესაც მთელი ცხოვრება სახლში ხარ, ნელ-ნელა ეჩვევი, შემდეგ საკუთარ თავში იკეტები და აღარც გაქვს რაიმეს შეცვლის ძალა და უნარი.

ერთხელ ტელე-გადაცემაში ვნახე, რომ თურქეთში ჩემნაირი ადამიანების განკურნება შეუძლიათ. სწორედ მაშინ მომეცა იმედი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე პროფესიას დავვუფლებოდი, რათა მკურნალობისთვის ფული შემეგროვებინა. გობელინით ქარგვის სწავლა დავიწყე.

ვოცნებობ საკუთარი პერსონალური გამოფენის მოწყობაზე, მიმიმართავს სპეციალური დაწესებულებებისთვის, თუმცა არავინ დამხმარებია. მე ხომ ნამუშევრებისთვის  ჩარჩოებიც კი არ მაქვს.

საწყენია, როცა ირგვლივ ამდენი რამ ხდება. ვითარდება მედიცინა, ტექნიკა. იქნებ იმ მკურნალობის კურსს ჩემი დახმარება შეუძლია, იქნებ მეც შევძლო ჩვეულებრივი ცხოვრება.  ძალიან მინდა ფინანსები ვიპოვო მკურნალობისთვის. ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენი მისია. ჩემნაირ ადამიანებსაც სურთ საკუთარი ადგილის პოვნა ცხოვრებაში…

 სალომე მიქაძე, 24 წლის

მშობლების თქმით, პრობლემები 5-6 წლის ასაკში დამეწყო, ხერხემალზე სიმსივნური წამონაზარდის გამო. პირველი ოპერაცია დამეხმარა, თუმცა მეორე ოპერაციას შედეგი აღარ ჰქონია და უკვე 11 წლის ასაკში ეტლით სარგებლობა დავიწყე.

სიმართლე გითხრათ, ის პერიოდი, როცა დავდიოდი, არ მახსოვს, ამიტომ დიდად არ განმიცდია.  ბავშვობაში ეზოში სათამაშოდ დამოუკიდებლად ჩასვლას ვერ ვახერხებდი, ვინაიდან მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი პრობლემა იყო. მახსოვს, როცა პირველად ეზოში მშობლებთან ერთად ჩავედი, ერთმა ქალმა ჩემს დანახვაზე: ” ვაიმე, რა მოუვიდა, საბრალო” -დაიძახა, რაც არ მესიამოვნა, თუმცა, მერე შევეჩვიე, რადგან მსგავსი შემთხვევა ხშირად მქონია.

ცხრა კლასი ჩვეულებრივ სკოლაში დავამთავრე, შემდეგ გამოცდები ექსტერნად ჩავაბარე და საშუალო განათლება მივიღე. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ჩემს მდგომარეობაში სამსახურს დავიწყებდი, თუმცა, მოგვიანებით, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოვხვდი და იქ ოთხი წელი ვიმუშავე. ძალიან მინდა ფსიქოლოგობა ან ბიოლოგობა, ჯერ ვფიქრობ, იქნებ სამომავლოდ რომელიმე მათგანს დავეუფლო.

მართალია, მხვდება სირთულეები, ბოლოს და ბოლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ვარ და ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება არ შემიძლია, თუმცა ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და ვიცხოვრო იმით,რაც გამაჩნია.

გარშემომყოფთა პირველი რეაქცია ჩვენნაირი ადამიანების მიმართ სიბრალულია. ვფიქრობ, ჩვენს მდგომარეობაში ბიჭებს უფრო უადვილდებათ ცხოვრება, რადგან მათ უფრო ფართო სამეგობრო წრე ჰყავთ, ვიდრე გოგოებს.

რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მოგზაურობაზე ვოცნებობდი. არ ვიცი ამ ოცნებას ავისრულებ თუ არა, მაგრამ ვცდილობ ბევრი არ ვიფიქრო ამაზე, რადგან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილი იმედგაცრუებაა.

მაიკო კუცია, 21 წლის

დავიბადე ხუთი თვის, 29 სანტიმეტრი და ერთი კილო. ვერ ვხედავ დაბადებიდან, თუმცა არ მაქვს განსაკუთრებული განცდა და კომპლექსი.

მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. ბებიაჩემი მიყვებოდა, რომ დილის ოთხ საათამდე მიმღეროდა, რადგან ისე არ ვიძინებდი.  ლაპარაკი არ ვიცოდი, როცა მელოდიებს ვღიღინებდი, რითაც ბებიაჩემს ვახვედრებდი, თუ ჩემთვის რომელი სიმღერა უნდა ემღერა.

ოთხი წლის ასაკში სიარული საესტრადო  სიმღერების მასწავლებელთან დავიწყე. ხუთი წლის ასაკში კი ფორტეპიანოზე შევედი. ახლა კონსერვატორიაში ვსწავლობ, პარალელურად კი საოპერო ვოკალის სკოლაში დავდივარ. ჩემი ოცნება ოპერაში სიმღერაა. იმედია, ამიხდება.

სკოლაში დამოუკიდებლად დავდიოდი, ეს კონსერვატორიაშიც არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის შენობის კარგად ცოდნაა საჭირო. ჯერ დედაჩემს დავყავარ ლექციებზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას, ვინაიდან არსებობს ოჯახები, რომელშიც რცხვენიათ ჩემნაირი ადამიანების. საბედნიეროდ, მე გამიმართლა. მე მინდა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს მივმართო:  არ უნდა შეეგუოთ ბედს და უნდა იყოთ ოპტიმისტები.  იპოვეთ თქვენი ცხოვრების მიზანი, მოინდომეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

15281142_1145181335530852_388174537_n 15301201_1145181468864172_1013927163_n 15356838_1145181532197499_540159701_n

FB კომენტარები

კომენტარი