რატომ “გააბრაზა” დავით ყიფიანმა ზიკო და ვისზე იკითხა ფეხბურთელმა – “ულვაშიანი 10 ნომერი რატომ არ თამაშობსო”
“ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არტურ ანტუნეშ კოიმბერა-ზიკო დაიბადა 1953 წლის 3 მარტს, ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიოს ჩეპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. ბრაზილიის ჩემპიონი გახდა 1980, 1982, 1983 წლებში. ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასები – 1981 წელი. მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად”, – ასეთ ამბებს გვატყობინებს “ვიკიპედია” ბრაზილიელ ლეგენდაზე.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფეხბურთელის სტატისტიკაა, ჩვეულებრივი რიცხვებით და ბოლო წინადადება – “ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად” – შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს. ზიკო – “თეთრი პელე” ტიტულებზე მაღლა იდგა და ლამაზი, საახაობრივი ფეხბურთით დარჩა ისტორიაში. ზიკოსა და სოკრატესის გუნდი არამხოლოდ ლამაზი, არამედ იმ წლების ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, თუმცა რა გაეწყობა – მსოფლიო თასი იმ ფორმატით ტარდება, როგორითაც ტარდება….
ზიკოს სიდიადეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ზემოთხსენებული წლების მუდიალებზე გაჩემპიონებულ ფეხბურთელებზე მეტად შემორჩა მეხსიერებას ზიკოც და მისი ბრაზილიაც….
და კიდევ ერთი, ქართულ მეხსიერებას შემორჩენილი ამბავი. 1980 წელს, ესპანეთში, კადისის ტურნირზე, რომელიც მაშინ დიდი ტურნირი იყო და მსოფლიოს არაოფიციალურ საკლუბო ჩემპიონატად ითვლებოდა, სადაც უთამაშიათ – პელეს, დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, იოჰან კრუიფს, რომარიოს…. დავით ყიფიანის თბილისის “დინამო” ზიკოს “ფლამენგოს” დაუპირისპირდა.
ყიფიანი ასე იხსენებს ამ ამბავს: “როგორ არ ეცადა ზიკო, არაფერი გამოუვიდა, პირიქით, იძულებული იყო ჩემს განეიტრალებაზე ეფიქრა, რადგან პირველ ტაიმში გავაკეთე საგოლე პასი და რამოდენიმე კარგი შეტევა, შემდეგ სამჯერ წავართვი ბურთი ორთაბრძოლაში; მეორე ტაიმში მოვახერხე მთლიანად ჩემს ირგვლივ ერბინა, როგორც იტყვიან – თამაში წამივიდა, თითქმის ყველაფერი გამომივიდა: დარტყმებიც და საჯარიმოში ჩაწოდებებიც. შემდებ,ეტყობა გაბრაზდა და უხეშობა დაიწყო. რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა ტრადიციულად გაცვალეს მაისურები. მეც მივედი ზიკოსთან, მაგრამ წარბშეკრულმა ხელი ამიქნია უარის ნიშნად და გასახდელში გაუჩინარდა. არაკორექტულად მოიქცა, მაგრამ რას იზამ, როგორც იტყვიან, თავად უკეთ იცის თავის საქმის ავან-ჩავანი”.
1982 წელს, ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილია-საბჭოთა კავშირის ნაკრების შეხვედრის შემდეგ ზიკომ იკითხა – ის, მაღალი, ულვაშიანი 10 ნომერი რატომ არ თამაშობსო. ეჰ…. ბევრი რამე არ იცოდა ზიკომ…
გიორგი ლეჟავა