ის, რომ რუსეთის ფედერაციაში ვლადიმერ პუტინის კულტი არსებობს, უკვე არაერთხელ დამტკიცდა. ამ ფენომენს ფესვები ღრმად აქვს გადგმული. 21-ე საუკუნეში, ბელადის კულტი იმდენად ყოვლისმომცველი და მასშტაბურია, რომ ის ბავშვების მსოფლმხედველობაზეც ახდენს წარუშლელ კვალს.
ამ გავლენის ერთ-ერთი დადასტურება ის კონკურსები თუ ღონისძიებებია, რომლებშიც მომავალი თაობაა ჩართული და რომლებიც მათი პედაგოგებისა და მშობლების სიამაყის საგანიც კი ხდება. ასე, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვლადიმერ პუტინის მომხრეებმა განმაცვიფრებელი კრეატიულობის მაგალითი აჩვენებს. სკოლებში გამოაცხადეს საყოველთაო კონკურსი „ბავშვები ხატავენ პრეზიდენტ პუტინს“. ღონისძიების ორგანიზატორები გარანტიას იძლეოდნენ, რომ დამარცხებულები ამ კონკურსს არ ეყოლებოდა – ყველა მონაწილე მიიღებდა პატრიოტულ ატრიბუტიკას, ხუთი მთავარი ადგილის მფლობელი კი ფასიანი პრიზების მფლობელი გახდებოდა. ასევე, პატარა „პუტინისტები“ შეძლებდნენ პრეზიდენტისთვის გამარჯვების პირადად მილოცვას.
სულ, კონკურსზე 450 ნახატი გაგზავნეს. ყველაზე მეტი ნამუშევარი შევიდა თათრეთიდან, კალუგის ოლქიდან, კრასნოდარის რაიონიდან. ორგანიზატორი სერგეი ვოლოდინი აცხადებდა, რომ პროექტი არ იყო დაკავშირებული საპრეზიდენტო არჩევნებთან, არ წარმოადგენდა აგიტაციას და მისი მიზანი იყო, „შემოქმედებითად ასახულიყო რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი“. რაც შეეხება ნახატების სიუჟეტებს – ყველაზე ხშირად, ბავშვები პუტინს ფედერაციის დროშის, ან კრემლის ფონზე ხატავდნენ. აღსანიშნია, რომ ასობით პორტრეტზე, რომელიც ბავშვებმა დახატეს, პუტინი არ იღიმის. როგორც წესი, ის მკაცრი და შეუვალია. ის, ნებისმიერ დროს, მზად არის, საჭირო ბრძანება გასცეს. თუმცა, არის სხვა ნამუშევრებიც, სადაც ჩანს, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინისთვის არაფერი ადამიანური უცხო არაა. ესეც იქიდან გამომდინარე, თუ, წლების განმავლობაში, მისი რა გატაცებები პიარდებოდა.
ყველა რუსმა ბავშვმა იცის, რომ პუტინს უყვარს თევზაობა, თამაშობს ჰოკეის, აშენებს დიდებულ რუსეთსა და ყირიმის ხიდს, აჯილდოებს გამარჯვებულებს და სხვა. შეიძლება, გავიხსენოთ კიდევ ერთი კონკურსი, რომელიც სვერდლოვსკის ოლქში ჩატარდა. კონკურსს ერქვა „მე ვხატავ არჩევნებს, მე ვაკეთებ არჩევანს“. როგორც აღმოჩნდა, თემა კი იყო, ზოგადად, არჩევნები, მაგრამ მხოლოდ პუტინის დახატვა შეიძლებოდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ კანდიდატი პაველ გრუდინინი დახატა და მასწავლებლისგან მკაცრი საყვედური მიიღო. მართალია, თემაზე აქტიურად მსჯელობენ სხვაგვარად მოაზროვნე ექსპერტები (ფსიქოლოგები, საზოგადოების აქტიური ფენები), რომლებსაც მსგავსი კონკურსები ბრეჟნევის ეპოქაშიც კი არ ახსენდებათ, თუმცა, საერთო სურათს ეს, სავარაუდოდ, არ ცვლის. იმას, რომ ბელადომანია და პუტინის კულტი რუსეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია და დღემდეა რუსული კულტურის განუყოფელი ნაწილი, ის სუნამოებიც ცხადყოფს, რომლებიც, ბოლო დროს, პრეზიდენტის შთაგონების შედეგად შეიქმნა. პრეზიდენტისგამოსახულებიანი ფლაკონები საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.