21 წლის ირაკლი კეკელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. 2016 წელს, მან “იუთუბარხი” შექმნა სახელწოდებით „Geo Miner” და ინტერნეტსამყაროში პოპულარობა მალევე მოიპოვა. რატომ გაუჩნდა იდეა, გამხდარიყო “იუთუბერი” და რას საქმიანობს ამას გარდა – “Geo Miner” “კვირა+”-ს ესაუბრა.
როგორც თავად ამბობს, არ ელოდა, თუ ამდენი გამომწერი და ერთგული მაყურებელი ეყოლებოდა.
„2016 წლის ზაფხულში შევქმენი არხი სახელწოდებით „Geo Miner”, რომელზეც ვდებდი „მაინქრაფთის“ (Minecraft) ვიდეოებს, „Let’s Play”-სა და ამავე თამაშის შესახებ ვიდეოგაკვეთილებს. არხის შექმნისას, წარმოდგენა არ მქონდა, რომ როდესმე, 80 ათასი გამომწერი მეყოლებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, გამიმართლა“, – ამბობს ირაკლი.
„ჯეომაინერი“ ამბობს, რომ გარკვეულწილად, „მაინქრაფთის“ თამაშის პოპულარიზაციას თავადაც შეუწყო ხელი.
„რუსული ენა კარგად ვიცი, „მაინქრაფთი“ კი ბავშვობიდან მიყვარს. ვუყურებდი რუს „YouTuber”-ებს და ვსწავლობდი თამაშს, უკეთ აშენებასა და ა.შ. მოკლედ, არც კი ვიცოდი, თუკი საქართველოში ვინმე იღებდა, ზოგადად, თამაშებს და მით უმეტეს, „მაინქრაფთს“. მაგრამ წავაწყდი ერთ-ერთ ქართველ იუთუბერ „GeoGameHolic”-ს და სწორედ ის გახდა, გარკვეულწილად, შთაგონების წყარო. ვიფიქრე – რატომაც არა, მეც გადავიღებ ვიდეოებს-მეთქი. „ჰოლიკას“ მსგავსად, მეც დავიწყე ვიდეოების გადაღება. მაგრამ მე, იმ პერიოდში, არატრენდულ თამაშს ვიღებდი, რომლის პოპულარიზაციას, შეიძლება ითქვას, შევუწყე კიდეც ხელი“, – აღნიშნავს კეკელია.
ქართველი “იუთუბერი” განსაკუთრებულად პოპულარული ბავშვებისთვისაა. მისი გამომწერები, ხშირად, სხვადასხვაგვარად გამოხატავენ სიყვარულს.
„გამომწერები ხშირად გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს კომენტარებში, „სტრიმის“ დროსაც და გარდა ამისა, ხშირად ხატავენ ხოლმე ჩემი პერსონაჟის „სკინს“. პირადად არ მინახავს, მაგრამ ერთმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, რომ მისი ერთ-ერთი ახლობლის შვილს ჩემი ფოტოც კი აქვს ამოპრინტერებული და კედელზე გაკრული. მაქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც 20 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მაგრამ ისინი ჩემ ირგვლივ კი არა, უფრო მეტად, თამაშის ირგვლივ შეიკრიბნენ. მე, უბრალოდ, შუამავალი ვარ მათსა და თამაშებს შორის”, – ამბობს „ჯეომაინერი“.
გარდა სწავლისა და ვიდეოების ჩაწერისა, ირაკლი, ერთ-ერთ სკოლაში, მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეებს სამონტაჟო და სარენდერო პროგრამებს ასწავლის. სამომავლოდ კი აპირებს, სწავლა მაგისტრატურაზე, ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელოს.
სოფიო რატიშვილი