სოციალურ ქსელში ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ ბებიის შესახებ საინტერესო და სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.
“ბებიაჩემი, კახელი ქალი, სამეგრელოში გათხოვდა.
მაშინ ეს მოვლენა იყო. დიდი ამბავი! იმსიშორიდან… იმსიშორეს…
ეხვეოდნენ გარშემო მულები, ქმრის ნათესავები, მეზობლები… მუშტრის თვალით ათვალიერებდნენ – „აქ დაილია ქალები, იქიდან რომ არ მოეყვანა კირილეს?“ – ამ საზომით (ბაბუაჩემი ქიზიყში მუშაობდა, ბოდბისხევში, სკოლის დირექტორად და ახალმოყვანილ ცოლთან ერთად დაუბრუნდა კერას). ჩურჩულებდნენ და ბუტბუტებდნენ გაუთავებლად. მეგრულად, რა თქმა უნდა…
უჩა, უჩა… – გამუდმებით ესმოდა ეს სიტყვა ლარისას.
რას ნიშნავსო – ქმარს ჰკითხა დაეჭვებულმა.
ლამაზსო – განუმარტა ბაბუაჩემმა. არა, ცხადია. შავს ნიშნავს უჩა. შავგვრემანი იყო ბებია და ჭორავდნენ ფითქინა მარგალები.
დაიცა, მაგრე არ უნდაო! – გაბრაზდა ქიზიყურად. ადგა და ერთ წელიწადში უკვე მეგრულს სხლავდა 23 წლის ობოლაანთ ქალი.
გამართულად და უშეცდომოდ საუბრობდა. ქმარ-შვილ-სამეზობლოში სულ მეგრულად ლაპარაკობდა. კილოც კი მეგრული ჰქონდა. „წიე“ – სულ ასე მომმართავდა. „დია“ – ასე გაიკვირვებდა ხოლმე. ნაგვაზაოში რომ ჩავიდოდი და ჭიშკარს ჭახუნით გამოვაღებდი, გრძელი ეზოს ბოლოდან დაიძვრებოდა ნელ-ნელა, გაბადრული და ხელებგაშლილი და „სკანი ჭირი სკანი ბებოს“ იმეორებდა. სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ… რამდენჯერაც ჩახუტებამდე მოასწრებდა, იმდენჯერ. მერეც…
მხოლოდ გაბრაზებისას შეეცვლებოდა კილო და მისი წარმომავლობაც უმალ მჟღავნდებოდა: „ფეხებზე ჩაჲკიდამ!“ – არ განაღვლებსო, აღშფოთდებოდა და მომაძახებდა ხოლმე ქიზიყურად.
მერე, როცა დამშვიდდებოდა, კვლავ მეგრულად მოუქცევდა: ხაჭაპური გაგიცივდება, წიე…
აი, როგორ არ უნდა გიყვარდეს ან სამეგრელო, ან კახეთი ქიზიყიანად, არ შემომივარდეთ ახლა ქიზიყელები, მშვენივრად ვიცი, ეგ თქვენი ესავართ-ისარავართ-ობები!
ან მთელი ქართველეთი თავის ენა-კილო-კავ-ჯიგრობებიანად!” – წერს კუდავა.
სხვა სიახლეები