„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა გამომეცალა და ბნელ კოსმოსში ვიყავი გამოკიდებული“ – ინტერვიუ „ბედუინის“ ავტორ ნინო ჭიპაშვილთან
„ბედუინი“ სათავგადასავლო რომანია, რომლის ავტორი, ნეფერტარი, ნინო ჭიპაშვილია. განათლებით იურისტი და ინჟინერი, ამჟამად ასოცირებული პროფესორი და საბანკო სამართლის სპეციალისტია.
„ბედუინი“ მისი სადებიუტო ნაწარმოებია, რომელიც ცალკეულ თავებად პერმანენტულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე urakparaki.com. რომანი გამოცემისთანავე ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა და ინტერნეტსივრცეშიც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.
ნინო ჭიპაშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი თქმით, წერას დიდი განტვირთვა მოაქვს, როცა ძალიან დაიღლება და გადართვა სჭირდება წერას იწყებს. საუკეთესო მეგობრებად ისეთ წიგნებს თვლის, რომლებიც შემეცნებით ხასიათს ატარებენ და სასარგებლო ინფორმაციას იძლევიან. როგორც ნინო გვეუბნება, ასეთი წიგნები ადამიანის გონებაში რჩება და ცხოვრებისეული სირთულეებისას გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
რატომ გადაწყვიტეთ „ბედუინის“ დაწერა, რამ გამოიწვია ეს?
ერთ ღამეს საჰარაში სრულიად მოულოდნელად დავრჩი მარტო. მოსეს მთაზე მიმავალ ტურისტულ ჯგუფს გავყევი, ღამის 11 საათზე უკვე ეკატერინეს მონასტერთან ვიყავით, დილის 4 საათამდე ფეხით უნდა ავსულიყავით “ჯაბალ მუსაზე”, მოსეს მთაზე, სადაც 10 მცნება მისცა მოსეს ღმერთმა. მზის ამოსვლას იქ უნდა შევხვედროდით. ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ტურისტულ ჯგუფს გვარიანად ჩამოვრჩი. ჯგუფს ვეღარ დავეწეოდი და კლდეზე ღამისთევას ვარჩიე ეკატერინეს ტაძართან მოვბრუნებულიყავი და დილამდე იქ შემეფარებინა თავი. პატარა ელექტროფანრის შუქზე მონასტრამდე წვალებით მივაღწიე. ეზო ღია იყო. მაგრამ ტაძარი დაკეტილი. უკან დაბრუნებულ ჯგუფს დილით აქ უნდა დავხვედროდი, რადგან მოკლე გზითაც რომ ჩამოსულიყვნენ, ყველა შემთხვევაში იქ უნდა გამოევლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ტიმბერლენდის ფეხსაცმელი მეცვა და ზამთრის თბილი ქურთუკი, ღამე ისე ყინავდა, რომ ძალიან შემცივდა. ეზოში ზეთისხილის ვეებერთელა ათასწლოვან ხესთან მოვეწყე. ერთ საათში ფანარი ჩაქრა და სრულ წყვდიადში აღმოვჩნდი მარტოდ მარტო. ბნელი და უმთვარო ღამე იყო, თვალთან თითს და პირთან წყლის ბოთლს რომ ვერ მიიტან – ისეთი. მაშინ გამიჩნდა კითხვა, აი, ახლა რომ დავიკარგო, რა უნდა ვქნა და როგორ უნდა მოვიქცე მეთქი?… თუმცა ადგილიც ვიცოდი სადაც ვიყავი და დილითაც ხალხით გაივსებოდა იქაურობა, მაგრამ ის 5 საათი ძალიან გამიჭირდა. ნაბიჯის გადადგმა არ მინდოდა, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა გამომეცალა და ბნელ კოსმოსში ვიყავი გამოკიდებული. გამთენიას კლდეების გამოქვაბულებში არაბული ზეთის ლამპრები აინთო და ამოვისუნთქე, ბედუინები იღვიძებდნენ. იქ დღისით ძალიან ცხელა, ბედუინებიც იქამდე დგებიან და აკეთებენ საქმეს, სანამ მზე ამოვა და სასტიკად დაცხება. გათენებამდე ერთი საათი კიდევ იყო. ფეხზე ავდექი, მზის ამოსვლას ველოდებოდი, როგორც კი გათენდა და ამომავალი მზე დავინახე, ჩემდაუნებურად წამომცდა … დაე, მუდამ იყოს მზე! ” … და ვიყავი აბსოლიტურად გულწრფელი. დილის 9 საათზე ჩემი კლდეზე სიარულით გატანჯული ტურისტული ჯგუფიც გამოჩნდა, ძლივს მოაბიჯებდნენ დაღლილები. ტაძარიც გაიღო და იქაურობა ხალხით გაივსო. ყველა შევგროვდით მაყვლის იმ ბუჩქთან, ზედ მოდებული ცეცხლის სახით რომ ელაპარაკებოდა ღმერთი ბიბლიურ მოსეს. გვიხაროდა, რომ ყველამ ჩვენებურად გავიარეთ დიდი გამოცდა იმ ღამით… ერთადერთი გაბრაზებული კაცი, ჩვენი მეგზური, ბედუინი მუჰამედი იყო, რომელიც მართლაც უკიდებდა ენას და მეჩხუბებოდა: “მაცალე ნილნა, შენ რა დღეში უნდა ჩაგაგდო, როგორ შემაშინე რომ დაიკარგეო…” – ასე იყო ეგ ამბავი.
რა გაძლევთ წერისას მოტივაციას და გყავთ თუ არა მუზა?
ეს ჩემი პირველი სადებიუტო რომანია. წერით მხატვრულ პროზას არ ვწერდი, ისტორიების შეთხზვა და მოყოლა მიყვარდა. წერისკენ ბექა ახალაიამ მიბიძგა, ის თანამედროვე ახალგაზრდა პოეტია, საბას ლაურეატი. ერთხელ უსმინა როგორ ვუყვებოდი რაღაც ამბავს და მითხრა მოდი რა, დაწერე ეგ ყველაფერიო. მაშინ ორივე „ურაკპარაკზე“ ვიყავით… ბექა ძალიან ნიჭიერია, ალბათ, რაღაც შენიშნა, რაკი მითხრა დაწერეო, მეც მოვსინჯე… შედეგი, აი, ეს წიგნია.
წერის პროცესში ვითარდება თქვენი ნაწარმოები თუ წინასწარი გეგმის შედგენა გიყვართ?
“ბედუინი” ნამდვილად წერის პროცესში განვითარდა. urakparaki.com – აი ამ ლიტერატურულ პორტალზე, ჩემი გვერდი მაქვს, იქ ვწერ ნეფერტარის ფსევდონიმით. ამ რომანის წერა 2011 წელს დავიწყე, 3 აგვისტო იყო მახსოვს, დავასრულე 2015 წელს. ვწერდი შუაღამიდან გამთენიამდე. სხვა დრო არ მქონდა, დატვირთული სამსახური მქონდა, ოჯახის წევრებსაც ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, ღამის თევა მიწევდა და მეც ვწერდი, განტვირთვა მოჰქონდა დიდი. სიუჟეტის მოფიქრება რთული რამეა, მაგრამ კარგი სიუჟეტი გამომივიდა.
როგორია ნინა წერის პროცესში და მაშინ, როცა არ წერს?
როცა არ წერს – ნინა მუშაობს. ამჟამად ასოცირებული პროფესორი და საბანკო სამართლის სპეციალისტია. ბევრი საქმე აქვს ძალიან, თანამედროვე პროფესურას ბევრი რამ მოეთხოვება. სულ წიგნებს ვუზივარ, ლექციები, სემინარები, კონფერენციები – საქმე ბევრია. რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ. როცა ძალიან დავიღლები და გადართვა მჭრიდება, მხარტვრულ პროზას ვწერ. ეს სათავგადასავლო რომანია, მელოდრამა ანუ სასიყვარულო ისტორია არ არის, თავგადასავლის დაწერას კი დამაჯერებელი ცოდნა სჭირდება. მკითხველს ვერ მოატყუებ, ამიტომ, გეოგრაფიული სიზუსტე, ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია, გეოლოგია, ზოოლოგია ნამდვილად ისეა, როგორც იქ წერია.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ?
როგორიც მომავალი გვექნება, გეგმებიც ისეთი იქნება. თუ მომეცემა დრო, რომ ვწერო, ორი შესანიშნავი რომანი მაქვს დაწყებული. ერთი ისტორიული დრამაა, ძველი ეგვიპტის ხანაზეა, მეორე ისევ სათავგადასავლო ჟანრია. ანუ, ღრმა და დამაჯერებელი ცოდნა რიგი საკითხების, ორივე ნაწარმოებისთვისაა საჭირო, პირველზე 6 თავი მაქვს დაწერილი, მეორეზე ჯერ ოთხი თავია.
ბოლოს, რატომ ნეფერტარი?
ეგვიპტეში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი უშუალოდ მაქვს ნანახი. ეგვიპტელი არაბები განსაკუთრებულ პატივს სცემენ დედოფალ ნეფერტარს, რამზეს მეორე დიდის პირველ ცოლს. არანაირი კლეოპატრა და ჰაჩეპსუტი ან ნეფერტიტი, მხოლოდ ნეფერტარია ყველა ბუკლეტზე, სარეკლამო ფურცელზე, წიგნზე, სურნელოვანი ზეთების ჭურჭელზე. იქ ყოფნის მანძილზე გიდებისგან მხოლოდ ნეფერტარის სახელი მესმოდა. ნეფერტარის სახელზე ტაძარიც აუშენებია მის დიდებულ მეუღლეს, ეგვიპტის სამხრეთში. ტაძარს აბუ-სიმბალი ჰქვია. სამარხიც ზღაპრული აქვს, მშვენივრად შენახული და საოცრად ლამაზი. ფრესკებზე ისე გამოიყურება, ვერ დაიჯერებ, რომ ათობით საუკუნეა გასული… 2011 წლის თებერვალში ეგვიპტეში ვიყავი. ახალი დაბრუნებული ვიყავი იქიდან, როცა „ურაკპარაზე“ გავწევრიანდი და თიკუნის ანუ ნიკ-ნეიმის შეყვანისას, თითებმა თავისით აკრიფეს ნეფერტარი. ასე დარჩა და დარჩა. ჩემი სახელი და გვარი არავინ იცოდა, მაგრამ ნეფერტარის “ბედუინის” შესახებ, ინტერნეტ სივრცეში, ყველამ იცოდა. უამრავი წერილი მომდიოდა და ვინაობას მეკითხებოდნენ. მეც არ ვამხელდი, მაშინ ასე იყო საჭირო.
ნათია მიხელიძე