ქალებს ნამდვილად აქვთ მოთმინების უნარი და თანაც მათთვის კავშირები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მამაკაცებისათვის. მეტიც, კონტაქტებისა და ურთიერთობებისაკენ მიდრეკილება დაბადებიდან დაჰყვებათ. ამდენად, თუ იგი თქვენგან მიდის, ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად აქვს მყარი საფუძველი. ამ მასალაში შევეცდები ვისაუბრო იმ მიზეზებზე, რომელიც აუძულებს ქალს გადადგას ეს ნაბიჯი.
1) მისი შეცვლის მცდელობა
ხშირია შემთხვევა, როცა კაცი ქალს იღებს, არა როგორც სრულფასოვან პიროვნებას, არამედ მათ დამატებას. თითქოს მან უნდა დააკმაყოფილოს მისი წარმოდგენები იდეალურ ქალზე და გაუთვალისწინებელი დისკომფორტის მიზეზი არ გახდეს მისთვის. ამიტომ ისინი ცდილობენ ქალის შეცვლას, მიუთითებენ ნაკლოვანებებზე და მათ აღმოფხვრას მოითხოვენ. სხვა სიტყვებით, ცდილობენ პიროვნების ის ნაწილი შეცვალონ/გადააკეთონ, რაც მათ არ აწყობთ. ბუნებრივია, ამ პროცესში კაცს ხვდება წინააღმდეგობები.
მსგავსი სცენარი ხშირად ხდება უსიამოვნების, წყენის და კამათის მიზეზი. ამგვარი საქციელი ქალს უქმნის შეგრძნებას, რომ ის საკმარისად არ უყვართ და არ აფასებენ. ამის პატიება ქალს ნაკლებად შეუძლია და უჩნდება გაქცევის ბუნებრივი სურვილი ადამიანისგან, რომელიც მას არ აფასებს.
იმის შეგრძნება, რომ შენ არ გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ, გაცილებით დამანგრეველია როგორც პიროვნებისთვის, ისე ურთიერთობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს ძირს უთხრის პიროვნულობას, აიძულებს ადამიანს ეჭვი შეიტანოს საკუთარ ღირებულებაში, მნიშვნელობაში და უფლებაში იყოს ბედნიერი. სწორედ ამიტომ სიყვარულსაც კი არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ დამთრგუნველ შეგრძნებას. რაც უფრო ჩამოყალიბებული, ჭკვიანი და ძლიერია ქალი, მით უფრო სწრაფად გააკეთებს არჩევანს საკუთარი პიროვნულობის და თავისუფლების სასარგებლოდ.
2) დამცირება
ეს გაცილებით მძიმე და რადიკალური ფორმაა მიუღებლობის. აქ უკვე არა მხოლოდ გადაკეთების, არამედ პიროვნულობის სრულად განადგურების მცდელობაა. როგორც წესი, დამამცირებლის შინაგანი მოტივია საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა, რათა ჩაახშოს მისი ქვეცნობიერის სიღრმეში არსებული არასრულფასოვნების კომპლექსი. დამცირება შეიძლება გამოიხატოს ჩხუბში, შეურაცხყოფაში და ცემაში. ასევე მიიღოს გაცილებით დახვეწილი ფორმები — როდესაც ქალს ყოველ ჯერზე აიძულებთ გთხოვოთ ის ფული, რომელიც აუცილებელი ხარჯებისთვისაა საჭირო, აკონტროლებთ მის ყოველ ნაბიჯს და მუდმივად აძლევთ კრიტიკულ შენიშვნებს გარეგნობასა და ტანსაცმელზე, აიგნორებთ მის ყველა ღირსეულ საქციელს, ვერ ამჩნევთ და აფასებთ, რასაც სხვები ხედავენ და აფასებენ მასში.
3) გულგრილობა
ქალები თავიანთი ბუნებით ემოციურები არიან და მათი შინაგანი კომფორტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შთაბეჭდილებების და გრძნობების მუდმივ გაცვლას. ამის გარეშე ისინი ისე იწყებენ ჭკნობას, როგორც მცენარეები წყლის გარეშე. კაცების უმეტესობას არ შეუძლია მძაფრი ემოციების ფრქვევა და ისინი ცდილობენ შეარჩიონ ისეთი ქალები, რომლებსაც ამის ნაკლები მოთხვნილება აქვთ. თუმცა ქალი, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ემოციური კვება, არ არსებობს. ამიტომ მამაკაცი თუ დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებს თავის ქალს და ეს უკანასკნელი ამაზე არ რეაგირებს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ურთიერთობა დასრულებულია. მეტიც, სავარაუდოდ იგი უკვე სხვისგან იღებს საჭირო შეგრძნებებს და სწორედ ამიტომ არ აპროტესტებს უყურადღებობას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ქალს მამაკაცი ნამდვილად უყვარს, მას არ შეუძლია გაძლოს მისი ყურადღების გარეშე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია ქალის ინდივიდუალიზმზე.
4) ეჭვიანობა და უნდობლობა
ეჭვიანობას ორი მიზეზი აქვს – საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და განვითარებული მესაკუთრეობის გრძნობა. არ იგულისხმება მსუბუქი ეჭვიანობა, როცა კაცი ჯანსაღად უდგება ფაქტს,რომ მისი ქალი შესაძლოა სხვების ყურადღების საგანი გახდეს და ცდილობს მისევე თვითშეფასების გაზრდით ჩამოიშოროს პოტენციური კონკურენტები გზიდან. სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა ეჭვიანობა აგრესიულ ფორმებს იღებს – ქალმა უნდა ჩაიცვას მოკრძალებულად, სახლიდან გასვლისა და მეგობრებთან შეხვედრისათვის სპეციალური ნებართვა სჭირდება და ა.შ. ეს ყველაფერი არა მხოლოდ უნდობლობის გამო აღიზიანებს ქალს, არამედ გრძნობს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას, რაც წარმოუდგენელია ვინმეს მოსწონდეს. მაშინაც კი, თუ ქალი გარეგნულად ეგუება ამგვარ წესრიგს, აუცილებლად ეცდება მოძებნოს ამ მდგომარეობიდან თავის დახსნის გზები, საბოლოოდ კი ამგვარი შეზღუდვები ურთიერთობის დასრულებას გამოიწვევს.
5) სიძუნწე
ქალის თვალში სიძუნწე დიდი ცოდვაა და მთელ მომხიბვლელობასა და შარმს უკარგავს მამაკაცს. როცა მამაკაცი არ აძლევს ფულს სასურველის შესაძენად, ქალი ამას ლამის შეურაცხყოფად აღიქვამს, რადგან თითქოს ამით მჟღავნდება კაცის დამოკიდებულება მის მიმართ, რაც იმედგაცრუების საფუძველი შეიძლება გახდეს. აქ არ იგულისხმება ქალის ნებისმიერი კაპრიზის შესრულება. საჭიროა გონივრული ბალანსის პოვნა. როცა თქვენს ქალს ძალიან სურს რაღაც და ეს თქვენს შესაძლებლობებს არ აღემატება, სჯობს მას ეს სურვილი შეუსრულოთ. სურვილსა და მორიგ კაპრიზს შორის არის განსხვავება. ქალისთვის აუტანელია მკაცრად განსაზღვრული თანხის მიცემა და შემდეგ ამის ანგარიში, მიუხედავად იმისა, რომ ქალი თავისი ბუნებით დამზოგველია, ასეთ ქცევას კაცის მხრიდან აღიქვამს დაუფასებლობად. ეკონომიისაკენ მისწრაფება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა ორივე პარტნიორი ცდილობს დაზოგვას რაღაც საბოლოო მიზნისთვის.
და კიდევ ერთი, ქალებს არ უყვართ გაურკვევლობა, თუ ისინი მიდიან, ზუსტად იციან სად მიდიან. მათ უკვე აქვთ ალტერნატივა. თუნდაც მამაკაცის გვერდით ცხოვრობას აგრძელებდეს და შვილებსაც უჩენდეს, იგი შინაგანად წასვლისთვის ემზადება. მართალია, მას შეჩვეული ცუდი ურჩევნია განუსაზღვრელობას, თუმცა მდგომარეობას ვერ ეგუება და ამიტომ ელოდება პირველსავე ხელსაყრელ მომენტს დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.
წყარო: https://www.mental.ge