“ქუჩამ ჩაიხუტა ჩვენი შვილები, თავისი დაწერილ-დაუწერელი კანონებით” – თამარ ბოლქვაძე 16 წლის ბიჭების ტრაგიკულ სიკვდილზე
ჟურნალისტი და პოეტი თამარ ბოლქვაძე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მე მოკლული ძმის და ვარ!!! ვიცი სიმწარის ფასი, ტკივილის უვადობაც და ახლა ის მტკივა, რაც მოხდა…
უამრავი აზრი გამოითქვა, აღშფოთდა საზოგადოება, ის საზოგადოება, სადაც ძალადობას სიტყვით ებრძვიან, საქმით კი მოძალადეს და კაცისმკვლელს ხაშლამასავით ჩადგმით და ჩამოტარებით გაჩვენებენ, გასმენინებენ, გაკითხებენ სხვადასხვა მედია საშუალებებში!
თუ გააპროტესტე, ე მანდ, დემოკრტიას და სარედაქციო დამოუკიდებლობას აგაფარებენ ცხვირზე!
მოზარდები ხედავენ, ესმით, ორმაგ სტანდარტებსაც გრძნობენ, თუნდაც ქვეცნობიერად… მედია კი წარსულში კაცისმკვლელს, ან მოძალადეს დიდის გამოჩინებით ეკითხება აზრს ამა თუ იმ მოვლენაზე, მერე რა, თუ მკვლელია, (თითქოს ამ დანაშაულს ყავლი გასდიოდეს…)
ამ წინასიტყვაობით იმის თქმა მინდა, რომ კარგა ხანია ვეთვალთმაქცებით ჩვენს შვილებს, აღარავინ დავუტოვეთ მისაბაძი და სამაგალითო, არც შინ და არც გარეთ, აღარ ვესაუბრებით საქართველოს უახლესი ისტორიის გმირებზე, თითქოს იმ ომებს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს (და არა სამხრეთ ოსეთის) არ ჰყავდათ ასეთი ნაღდები, სამშობლოზე შეყვარებული და ქვეყნისათვის თავგაწირულები… რწმენის საკითხია და იქაც გაჭირდა ტყუილ-მართლის გარჩევა…
სამაგიეროდ, ნიფხვების ფრიალზე, ბნელიტა ელიტის სუბლიმაციურ მაქციებზე იმდენს ვუყვებით, ვაჩვენებთ და ვაკითხებთ, რომ ამოვუვსეთ თვალი და ყური ამ “სამაგალითო” თვალსაჩინოებით!!!
ეს რომელ საზოგადოებაზე ვბაასობთ ძვირფასებო (ჩემს თავს ვეკითხები პირველ რიგში…)? 90-იანებზე დამყნობილ მენტალობას ჯერ კიდევ კარგად რომ ასხია და მიშას გადაჭედილმა ციხეებმა შედეგად შენელებული ნაღმის ეფექტი რომ მოგვცა?
იმ “ობჩესტვოზე” ვსაუბრობთ, სადაც საქმით და ღვაწლით ცნობილს არსად ვაჭაჭანებთ, (აქაოდა, სიყვითლეს არ უხდებაო) და თავგასულობით ან მორალთან მწყრალად მყოფ ცნობადს საზეპირო “გაკვეთილად” ვაძლევთ მოზარდებს? როცა მძიმე “ნიუსზე” ორიოდ დღე ვივიშვიშებთ, იმაზე მეტ აგრესიას გადმოვღვრით, ვიდრე მოძალადემ ჩაიდინა, ანათემას გადავცემთ დედიანბუდიანად ყველა მოქმედ პირს, შემსრულებელს, გვერდში მდგომს თუ განს მდგომს და ჩვენს მისიას შესრულებულად ჩავთვლით “ერისა” და მომავალი თაობის წინაშე?“
კომუნისტურ წყობას ჰქონდა ასეთი ლოზუნგი – ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს! რამდენად სრულდებოდა ეს, ცალკე საკითხია, ჩვენ კი აგერ უკვე 20 წელზე მეტია, ბავშვებისთვის აღარ გვცალია, არც მშობლებს, არც მასწავლებლებს და არც სახელმწიფოს… სად წავიდნენ, რომელ წრეზე იარონ, სად შეიკრიბონ, სად დაცალონ ან შეივსონ მოჭარბებული ენერგია? სად გამოთქვან აზრი, რა აწუხებთ, რა სურთ, რას როგორ ხედავენ, მივეცით ასპარეზი? – არა!
მართალია, ეს ფსიქოლოგთა განსჯა-შეფასების საკითხია, მაგრამ გვიფიქრია იმაზე, რატომ გაჩნდა ეს საშინელი გინება – “ჩემი დედა”, იქნებ, პროტესტია, იქნებ, მშობლის სითბო და ყურადღება მოაკლდათ, ასე ესტაფეტასავით რომ გადავეცით ძიძების არჩამოყალიბებულ ინსტიტუტს?
პილატესავით დავიბანეთ ხელი მშობლებმაც და სკოლამაც უდროობის, დაკავებულობის, მეტი არ მევალებას და ათასი მიზეზის გამო, სამაგიეროდ ქუჩამ ჩაიხუტა ჩვენი შვილები, თავისი დაწერილ-დაუწერელი კანონებით და მიდი, ახლა, თუ ბიჭი ხარ, გამოსტაცე!!!
ის ორი ბიჭი ხომ მტკივა და მტკივა, მაგრამ, არანაკლებ, ის 15 მოზარდიც, ამ სისასტიკის მონაწილე…
ველაპარაკოთ შვილებს, არა ჩატში, არა ცალი ყბით, არა ტელევიზორს ან საკუთარ კომპს ვერმოწყეტილები, არამედ, მხოლოდ მათთვის რომ ვართ და გვცალია, ისე…“,- წერს თამარ ბოლქვაძე.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, ვერაზე, 51- სკოლასთან მომხდარ სისხლიან გარჩევას ორი მეთერთმეტე კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა.