კარიერის დასაწყისში სწორედ ასე წარმოგედგინათ თქვენი სამსახიობო ცხოვრება?
მას შემდეგ, რაც ორმოცი წლის გავხდი, საკუთარ თავს ბევრ შეკითხვას ვუსვამ. არ ვიცი, ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ და რამდენიმე კარგ ფილმში მივიღე მონაწილეობა. ძალიან რთულია კარგი ფილმის გადაღება. იმდენი რამ არის გასათვალისწინებელი… ჰოლივუდში ნამდვილად შეიძლება კარგი კინოს კეთება, მაგრამ ეს მაინც იმაზეა დამოკიდებული, რა გსურს სინამდვილეში. ბლოკბასტერებში მონაწილეობა თუ გინდა, ჰოლივუდი ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. თუ შენი მიზანი სიმართლის თქმა და მშვენიერების შექმნის მცდელობაა, მაშინ ჰოლივუდი ამისთვის შეუფერებელი ადგილია. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოგონება ჩემთვის რიჩარდ ლინკლეიტერთან და ჯული დელპისთან ერთად მუშაობის პერიოდია, როდესაც პარიზში სცენარს ვწერდით ფილმისთვის – მზის ჩასვლამდე. სიამოვნებისგან ლამის მოვკვდი. სწორედ ეს იყო ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ჰოლივუდში წარმატების მისაღწევად მსახიობი ცოტა უნდა გაიყიდოს?
ასე არ ვფიქრობ. ამაზე სულ პოლ მაკარტნი მახსენდება. ხალხი ამბობს, რომ ის გაიყიდა, რადგან პოპ მუსიკას წერს. პოლ მაკარტნი კი საკუთარ თავთან ისევე მართალია, როგორც ჯონ ლენონი იყო. მათ უბრალოდ განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ. ჩემს თავზე რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჰოლივუდის კომერციულ ფილმებში თამაში არც ისე კარგად გამომდის. ყოველ ჯერზე ვფლავდები, იმიტომ რომ არ მესმის ამ ფილმების. დენზელ ვაშინგტონთან როცა ვმუშაობდი, მას კარგად ესმოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა კარგი ჰოლივუდური ფილმი, რას ითხოვდა და ფიქრობდა მაყურებელი და როგორ მორგებულიყო ამ ყველაფერს ისე, რომ მეტისმეტი არ მოსვლოდა. რა თქმა უნდა, ესეც ხელოვნება და ნიჭია. უბრალოდ, ჩვენი მიზნები განსხვავდება. ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარში რას გავაკეთებ, ნამდვილად არ ვფიქრობ მაგაზე და ჯერ არც ვიცი, რისი კეთება მინდა…
როგორ ფიქრობთ, სულ კინობიზნესში იქნებით?
არ ვიცი. ისეთი ფილმების გადაღება, როგორზეც ვოცნებობდი, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მე და რიჩარდ ლინკლეიტერი წლების განმავლობაში ვმუშაობდით ფილმის სცენარზე და დაფინანსებას ძალიან დიდხანს ველოდით. მესმის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული იდეა იყო, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა იმედგაცრუებას იმედგაცურება მოსდევს და ამავდროულად, ბევრი უვარგისი ფილმი ფინანსდება.
ეს გაბრაზებთ?
არა, მაგრამ ძნელია. სიდნი ლუმეტის მსგავსმა ადამიანებმა რაღაცნაირად იპოვეს კარგი კინოს კეთების გზები, მაგრამ ეს ძალიან რთულია და დიდ მოთმინებას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებისეული ამოცანაა და არ ვიცი, ამისთვის რამდენად მზად ვარ.
როგორ ფიქრობთ, ამ ბოლო დროს ჯორჯ კლუნიც ამ რთულ გზას ხომ არ შეეჭიდა?
კლუნი მართლაც რომ ჩინებული არტისტია! ის თანაბრად კარგია არტჰაუზშიც და კომერციულ ფილმებშიც. არც კი ვიცი, ამას როგორ ახერხებს. ქედს ვიხრი მის წინაშე.
მას ხომ, თქვენგან განსხვავებით, ოთხი შვილი არ ჰყავს…
ამას წინათ, ტორონტის კინოფესტივალის წვეულებაზე ვიყავი და კლუნიც იქ იყო. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ისე რბილად დააბიჯებდა, თითქოს ფრენკ სინატრას თუ ვიღაც მსგავსის საღამოზე გახლდათ. ერთ მეგობარს მივუახლოვდი და ვკითხე: მე სად შემეშალა? მან კი ჩემს ოთხ შვილზე მიმანიშნა. კი, ისინი ძალიან დიდ დროს მართმევენ, თუმცა მათთან გატარებულ დროს არასდროს არაფერში გავცვლიდი.
მამობაში ძალას და ბედნიერებას პოულობთ?
მომწონს, მამა რომ ვარ. ტყუილია, როდესაც ბავშვებს ვეუბნებით, რომ ბედნიერება სიამოვნებაშია. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ თუ რაღაცას მიაღწევენ, ეს მათ გააბედნიერებს. მე კი ვფიქრობ, რომ ბედნიერება პასუხისმგებლობის გააზრებაშია. მე ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ, შვილებიც მყავს და ჩემი საქმის კეთებაც მოვახერხე.
გიცდიათ, მათთვის იმის სწავლება, როგორ მიაღწიონ წარმატებას ხელოვნების მეშვეობით?არასდროს. თუ ამის სწავლა გჭირდება, უკვე წაგებული ხარ.
ბავშვების დაბადების შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
მშობლობა სულ სხვანაირად წარმომედგინა. როდესაც პირველი ბავშვი გაჩნდა, აზრზე არ ვიყავი, ეს როგორ მოხდა, ან მე რა შუაში ვიყავი. სამყარო იმაზე დიდი და ძლევამოსილია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩემთვის შეჯანჯღარებასავით იყო. ოთხი შვილი მყავს და თითოეულის დაბადებისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა. ამ გრძნობას რა დავარქვა, არც ვიცი. მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც 13 წლის ასაკში ვიყავი და ამ ბავშვების მამობისთვის საკმარისიდან კვალიფიციური ჯერ კიდევ არ ვარ.
წყარო:http://cinemania.adjara.com