დევიდ კომა – პირველი წარმატებული ქართველი მოდის ბაზარზე – “მკაცრი, ინტელიგენტური და სხეულზე ლამაზად მორგებული”
”მკაცრი, ინტელიგენტური და სხეულზე ლამაზად მორგებული – ვინ არ ისურვებს თავისი გერლფრენდის ხილვას კომას კაბაში?” – VOGUE-ის კრიტიკოსი ლუკ ლეიჩი
დევიდ კომა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და სახელობით ბრენდთან ერთად, მოდის ბაზარზე კარგად დამკვიდრებული სახლის – Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა. გაიზარდა პეტერბურგში, უმაღლესი განათლება კი ლონდონის სამხატვრო კოლეჯ Central Saint Martins-ში მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დიზაინერის კოლექციებით პრესა და საერთაშორისო ბაიერები დაინტერესდნენ, მისი კაბები ისეთმა ვარსკვლავებმა შეიძინეს, როგორიცაა: ბიონსე და კაილი მინოუგი.
წარმატების მიზეზად მშობლების მხარდაჭერას, ნიჭს, დაუღალავ შრომას და ინგლისის გამართულ განათლების სისტემას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას საკმაოდ ახალგაზრდამ მიაღწია, მიზანი დიდი ხანია, დასახული აქვს: 8 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, დიზაინერი გამხდარიყო. მას შემდეგ, თანმიმდევრულად მიდიოდა მიზნისკენ. ჟურნალ STYLIST-თან ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ გართობისთვის დრო არ რჩება: ”ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ზოგიერთი დიზაინერი მოდის კვირეულებისთვის მზადებას და ჩვენებების შემდეგ წვეულებებზე სიარულს”.
სიმბოლური აღმოჩნდა Mugler-ის მოდის სახლში კომას მოხვედრაც – როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მან ბრენდი 21-ე საუკუნეში ახალი ხედვით შეიყვანა. 90-იანებში Thierry Mugler-ის ჩვენებებს ტელევიზორში უყურებდა და აღფრთოვანებული იყო ქალური, საოცრად სექსუალური სტილით. ამას მალე ახალი ინსპირაციები -პაკო რაბანი, პიერ კარდენი, აზედინ ალაია და მოგვიანებით – ჯოფრი ბინი მოჰყვა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დიზაინერების გავლენის და კომას ესთეტიკის შედეგია, რომ ქალური სილუეტების ერთგული რჩება.
დევიდ კომას ელიოტ სამნერთან და ლუსი ვონ ალტენთან ერთად თბილისში ჩამოსვლის მიზეზი ”მერსედეს-ბენცის” ახალი მოდელის – 4-კარიანი CLA-ს კუპეს 2017 წლის სარეკლამო ფილმია, სახელწოდებით – Burning Desire (”მწველი სურვილი”). ფილმი შვედმა რეჟისორმა კრისტიან ლარსონმა გადაიღო, რომელსაც შოუბიზნესის წრეებში კარგად იცნობენ ბიონსეს, კაილი მინოუგის, ლედი გაგას და ჯეი ზის კლიპებით. კომამ ფილმის გმირებს – ბრიტანელ მუსიკოსს – ელიოტ სამნერს და გერმანელ მოდელს – ლუსი ვონ ალტენს ჩააცვა. ელიოტ სამნერი ცნობილი მომღერლის და ბას-გიტარისტის – Sting-ის (გორდონ სამნერი) ქალიშვილია, ლუსი ვონ ალტენი კი – მოდის ინდუსტრიაში უკვე კარგად დამკვიდრებული მოდელი. კოსტიუმები კომას 2 სხვადასხვა კოლექციიდან შეირჩა – ლუსი ვონ ალტენის რკინის რკალებით გაფორმებული კაბა უკვე დიდი ხანია, ბესთსელერია: მასში თავს Instagram-ის ფოტოებში მოდის ცნობილი სახეები – ჯიჯი ჰადიდი და ლენა პერმინოვა იწონებენ.
”მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულზე პრესისთვის ფილმის დახურული ჩვენება და fashion talk-ი გაიმართა, სადაც დიზაინერმა მსახიობთან ერთად კამპანიაზე მუშაობის პროცესზე და მწველ სურვილებზე ისაუბრა. ჩვენ კი ვეცადეთ, მკაცრად გამოყოფილ 12 წუთში მაქსიმალურად ამომწურავი კითხვები დაგვესვა და თქვენთვის საინტერესო ისტორია მოგვემზადებინა.
სანამ კითხვებზე გადახვალთ, მინდა კომას პიროვნულ თვისებებზეც შევჩერდე, რომლებიც ასე აკლია ბევრ ადგილობრივ დიზაინერს: ის საოცრად თბილი, თავმდაბალი და ენერგიული ადამიანია, რომელიც აუცილებლად იმსახურებდა გლობალურ აღიარებას!
– ბევრ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი, რომ ხატვა 8 წლიდან დაიწყეთ და უკვე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ დიზაინერი გამხდარიყავით. ბევრი ბავშვი ხატავს, თუმცა ასეთ პატარა ასაკში კონკრეტულად მოდის დიზაინით ვინმე იშვიათად ინტერესდება. ოჯახის რომელიმე წევრმა ხომ არ განაპირობა თქვენი მოდით დაინტერესება ან ფილმის რომელიმე პერსონაჟმა?
– მართლაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. ჩემი მშობლების სურვილი იყო, ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. სპორტი მართლაც მიყვარდა და ჩოგბურთის თამაში 6 წლიდან დავიწყე, მაგრამ, ამასთან ერთად, მხატვრობაც მიყვარდა, სულ ვხატავდი. მშობლების მადლობელი ვარ, რადგან არასოდეს მიშლიდნენ იმ საქმის კეთებას, რაც მაინტერესებდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ვხატავდი გოგონებს და მათ კაბებს ვაცმევდი, შემდეგ სამხატვრო სკოლაში მივედი – ის ჩვეულებრივი საბავშვო სკოლა იყო, მაგრამ ჩემი პედაგოგი ყოფილი დიზაინერი იყო და ნებას გვრთავდა, მოდის ილუსტრაციებიც გვეხატა. 12 წლისამ სტუდენტებისთვის გამართულ მოდის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ჩემი ესკიზები მიიღეს და 3 პალტოს შეკერვა მომიხდა. ეს საინტერესო პროცესი იყო და გამიმართლა, რომ მონაწილეობის ნება მომცეს. საბოლოოდ, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ დიზაინერი გავხდებოდი. მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ, შეძლებისდაგვარად ყველა კონკურსში ვმონაწილეობდი, 15 წლისამ კი პირველი ჩვენება გავაკეთე.
– როგორ მოახერხეთ 15 წლის ასაკში კოლექციის შეკერვა და წარდგენა? ფინანსური უზრუნველყოფა რომელიმე კონკურსიდან მოიპოვეთ?
– იცით, ეს უფრო თამაშს ჰგავდა. მშობლები ყველაფერში დამეხმარნენ. შემდეგ კი, მადლობა ღმერთს, ლონდონში წავედი და სერიოზულად დავიწყე სწავლა. 7 წელი ვისწავლე, საფუძვლიანი განათლება რომ მიმეღო – საბაკალავრო, შემდეგ სამაგისტრო კურსზე; 2009-ში კი ჩემი სახელობითი ბრენდი – David Koma ჩამოვაყალიბე.
– თქვენი მენტორის – ლუიზ უილსონის (Louise Wilson) შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის. რა რჩევა მოგცათ, რა გირჩიათ, რომელსაც დღემდე ითვალისწინებთ?
– ის მართლაც საოცარი პიროვნება იყო. ძალიან მიყვარდა და მინდოდა, მის ჯგუფში მოვხვედრილიყავი. საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ სულ გვამხნევებდა, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. ყოველთვის იმას გვეუბნებოდა, რომ სხვებისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ხელწერა შეგვემუშავებინა, საკუთარი თავის რწმენა გვქონოდა და დაუღალავად გვეშრომა. ასე ამბობდა ხოლმე: „საბოლოოდ ნიჭი ყოველთვის იმარჯვებს, ასე , რომ ნუ შეუშინდებით იმედგაცრუებებს“. ჩემი წარმატება მართლაც მისი დამსახურებაა.
– 2009-ში სახელობითი ბრენდი შექმენით. სათქმელად მართლაც ადვილია, თუმცა თუ გავიაზრებთ, რომ ქართული წარმოშობის, რუსულ რეალობაში გაზრდილმა ახალგაზრდამ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში – ინგლისში ამხელა წარმატებას მიაღწია, აუცილებლად უნდა გკითხოთ, როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება, ეს ხომ უდიდეს ფინანსურ რესურსებს და კონტაქტებს მოითხოვს?
– უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ლონდონში კარგი განათლების სისტემაა. საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები Central Saint Martins-ის უნივერსიტეტში გავიარე, სადაც ნიჭიერ სტუდენტებს მართლაც ხელს უწყობენ: საბაკალავრო კურსის დროს გამიცნეს და ჩემი ნამუშევრები მოეწონათ, შემდეგ მას სამაგისტრო კურსი მოჰყვა – სამაგისტრო განათლებას ინგლისში ძალიან აფასებენ, სტუდენტების სადიპლომო კოლექციებს პირდაპირ ლონდონის მოდის კვირეულზე აჩვენებენ. მე იქ მთავარი პრიზი მოვიპოვე, ამის გამო ჩემი ნამუშევრები Harrod’s-ის ბაიერმა შეიძინა, იქ კი ბევრმა ვარსკვლავმა ნახა, მოეწონათ და მათი შეძენა დაიწყეს; კონკურსში გამარჯვებას პრესის დაინტერესებაც მოჰყვა. გაერთიანებული სამეფოს მოდის საკონსულოს კარგი სისტემა აქვს – ნიჭიერ სტუდენტებს სხვადასხვა ფორმის გრანტებს სთავაზობს. საწყის ეტაპზე აუცილებლად უნდა მოინდომო და რომელიმე ეს გრანტი მოიპოვო.
სადიპლომო ჩვენებებზე გამარჯვების შედეგად გრანტი მივიღე, რომელიც ფინანსურ დახმარებას, ჩვენების ორგანიზებას და მენტორს მოიცავდა; მას შემდეგ, კიდევ 4 წლის განმავლობაში მქონდა საშუალება, მსგავსი გრანტებისთვის მიმემართა. ასევე, გრანტის გამარჯვებულებს არა მხოლოდ ჩვენებებს გვიფინანსებდნენ: სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზეც დავყავდით – პარიზში, ბრაზილიაში, ტოკიოში, იმისათვის, რომ საერთაშორისო პრესას და ბაიერებს გავეცანით. შემდეგ ასე ხდება: თუ იქ პროფესიონალების გარკვეული ჯგუფი შეგამჩნევს და მოეწონები, ერთგვარი შტამპივითაა – ეს ნიშნავს, რომ სხვა პროფესიონალების ყურადღებასაც მიიპყრობ. მოკლედ, ეს წარმატების ერთადერთი გზაა და მადლიერი ვარ ამ გრანტების მრავალწლიანი მხარდაჭერის. მნიშვნელოვანია, ამ 4-5 წლის განმავლობაში, როდესაც გრანტებისთვის მიმართვის უფლება გაქვს, მოინდომო, უამრავი შეკითხვა დასვა, რომ ბრენდი შეინარჩუნო და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად განავითარო.
-ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მარი კატრანტზუ თქვენი ახლო მეგობარია. მიგიღეს იქაურმა დიზაინერებმა? არ იყო ერთგვარი შურის მომენტი, როდესაც სრულიად უცხო სამყაროდან ჩასულმა სტუდენტმა მათზე დიდ წარმატებას მიაღწია?
– საერთოდ, ლონდონელი დიზაინერები სუპერმეგობრულები არიან, ალბათ იმიტომ, რომ ერთი კოლეჯიდან მოვდივართ, ერთად მივმართავდით გრანტებს, ერთად გვიწევდა მოგზაურობა და კოლექციების წარდგენა. მე და მარიც სწორედ აქედან ვიცნობთ ერთმანეთს, ის ჩემზე ერთი წლით წინ იყო, მაგრამ ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა და მას შემდეგ ვმეგობრობთ.
– 2003-ში შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ინსპირაცია იაპონელი მხატვრის – იაოი კუსამას შემოქმედება ”უსასრულობის კოპლები” იყო. შემდეგ წელს კი კუსამას და Louis Vuitton-ის ცნობილი კოლაბორაცია ვიხილეთ – მაშინ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო. როგორ მოხდა ეს?
– ხანდახან ადამიანების ინსპირაცია უბრალოდ ემთხვევა, ჯერ ერთი, დიზაინერი აკეთებს ამას, შემდეგ – მეორე… უბრალოდ ასე დაემთხვა. ძალიან მომწონდა კუსამას შემოქმედება და მინდოდა, მისი ინტეგრირება კოლექციაში მომეხდინა.
– ინსპირაციისთვის როდისმე ქართველი მხატვრების შემოქმედების მოკვლევა ხომ არ გიწარმოებიათ?
– სიმართლე გითხრათ, არა, მაგრამ შეიძლება ეს შემდეგ სეზონზე გავაკეთო. მხოლოდ ერთხელ ვაპირებდი ფეტვიაშვილის თემატიკაზე მუშაობას, მაგრამ იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
– თქვენზე VOGUE-ის კრიტიკოსები დადებით რეცენზიებს წერენ. დასავლურ მოდის სამყაროში კრიტიკოსებს დიდი ძალა აქვთ. რომელიმე კრიტიკოსის დადებითმა რეცენზიამ ხელი შეუწყო თქვენი კარიერის წარმატებას?
– არა. ეს არ მომხდარა.
_ თქვენს ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ განსაკუთრებულად 50-იანების სტილი მოგწონთ. იმ პერიოდის რომელ ფილმს გამოარჩევდით საუკეთესო კოსტიუმების მხრივ?
– იცით, მხოლოდ 50-იანებს ვერ ვიტყოდი, მიყვარს 40-იანების და 60-იანების სტილიც. თუ კონკრეტულად 1 პერიოდი უნდა გამოვყო, უფრო 60-იანებს ვარჩევდი – ფუტურისტულ და ამავდროულად საოცრად გრაფიკულ კოსტიუმებს, რომლებშიც უდიდესი ბედნიერება და მხიარულება იგრძნობოდა. ამიტომაც, ნებისმიერი პერიოდით შთაგონებისას, კოლექციებში ყოველთვის შემაქვს ხოლმე 60-იანების ელემენტები.
– წლების წინ კოლაბორაცია ტოპსჰოპ-მა შემოგთავაზათ და საბოლოო ჯამში, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. გაქვთ მსგავსი შემოთავაზება ახლა?
– მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მათ საშუალება მომცეს, გლობალური ბაზრისთვის მემუშავა, რაც ჩემთვის იმ დროს კარგი იყო. ახლა უკვე 2 ბრენდისთვის ვმუშაობ და უბრალოდ დრო არ დამრჩება, კიდევ სხვა მოდის სახლთან ვითანამშრომლო. ჩემი უკანასკნელი კოლაბორაცია სწორედ Mercedes-Benz-ის სარეკლამო ფილმია, ვიმედოვნებ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი მელოდება.
წყარო:ბომონდი